Facebook Twitter

საქმე N060141224010118410

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №161-25 31 იანვარი, 2025 წელი

ჩ–ე გ., N161-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. კ–ს საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 1 ოქტომბერს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..-ე ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა, მსჯავრდებულ გ. ჩ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით გ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათი.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით გ. ჩ–სათვის შეფარდებული დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 საათით, შეეცვალა ჯარიმით – 3750 ლარით.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, გ. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა გ. ჩ–ს მიმართ, 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი, ჯარიმა 3750 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჩ–ს განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 3750 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ. ჩ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 29 მაისიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ გ. ჩ–ს მიმართ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გ. ჩ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გ. ჩ–ს 1/6-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლლების აღკვეთა და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საბოლოოდ გ. ჩ–ს მოსახდელად განესაზღვრა 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის და ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად გამოიცა დამცავი ორდერი შემდეგი პირობებით: გ. ჩ–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც დაზარალებული მ. ჩ–ე ცხოვრობს და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფება.

მსჯავრდებულ გ. ჩ–ს აეკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია, მათ შორის - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშულებების გამოყენებით, ასევე აეკრძალა დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მესამე პირების მეშვეობით.

დამცავი ორდერის ვადად განისაზღვრა 3 თვე, დამცავი ორდერი ძალაში შევა გ. ჩ–ს საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების დროიდან.

სხვა ნაწილში ქუთაისის სააპაელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საჩივრით მომართეს მსჯავრდებულმა გ. ჩ–მ და მისმა ინეტრესების დამცველმა ადვოკატმა რ. კ–მა, რომლებმაც მოითხოვეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება თანმიმდევრობით, კერძოდ: თავდაპირველად უნდა შეუმცირდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რის შემდეგაც გ. ჩ–ე უნდა ჩაითვალოს ნასამართლობის არმქონე პირად და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი, როგორც ნასამართლობის არმქონე პირს, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126​1 მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა.

4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

5. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ნასამართლობა გაქარწყლდება: ა) პირობით მსჯავრდებულისა – გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ; დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ; ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.

6. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ჩ–მ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში – 2023 წლის 29 მაისს, კერძოდ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენის დროს გ. ჩ–ე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, უკვე მსჯავრდებული იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გ. ჩ–ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით საბოლოო სასჯელი განესაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, ჯერ გაუქმდა პირობითი მსჯავრი, ხოლო შემდგომ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა – სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

7. ამდენად, გ. ჩ–ე სასჯელს იხდის როგორც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია გ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელისგან გათვაისუფლების თაობაზე, შესაბამისად, იგი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის მქონე და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების მიუხედავად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ რ. კ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჩ–სა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ რ. კ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე