საქმე N 030100124009252578
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1196აპ-24 28 იანვარი, 2025 წელი
ჭ–ა დ., №1196აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. ჭ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 29 მარტს, დაახლოებით 22:15 საათზე, დ. ჭ–ა ქ.ფ–ში, მ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სიცოცხლის მოსპობით - მოკვლით და საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა ოჯახის წევრს დედას, მ. ჭ–ას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა დ. ჭ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენით, დ. ჭ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა დ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 22 ოქტომბერს, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად დ. ჭ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3.3. გამართლებულ დ. ჭ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. კ–მ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულ მ. ჭ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, მოწმეების გ. ლ–ს და ლ. ქ–ს გამოკითხვის ოქმებში, დანაშაულის შესახებ შეტყობინებაში, დაზარალებულ მ. ჭ–ას მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, დ. ჭ–ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში გადმოცემული გარემოებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ. ჭ–ს ბრალეულობას. ამასთან, ბრალდების მხარემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაზე და მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ჭ–ს გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა მ. ჭ–მ უარი განაცხადა ოჯახის წევრის – შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, შვილის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მ. ჭ–მ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ მ. ჭ–ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის განმეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულად ცნობილმა პირმა უარი განაცხადა, ხოლო როცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის განმეორებას, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ამგვარ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1ივნისის განჩინება, საქმე №49აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოწმე პოლიციელების – გ. ლ–ს და ლ. ქ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ამ უკანასკნელმა კი, როგორც აღინიშნა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება დ. ჭ–ს მიერ მ. ჭ–ს მიმართ მუქარის განხორციელებას საქმეში წარმოდგენილი არ არის. რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებას, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.10. ამასთან, დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებებში არსებული გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის გარემოებებისგან.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე