Facebook Twitter

საქმე N 020100122006436320

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1313აპ-24 14 თებერვალი, 2025 წელი

ა–ა დ., №1313აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ ა–ა (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

დ. ა–მ გადაწყვიტა ლ. ა–ს შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით დაუფლებოდა ლ. ა–ს ს კუთვნილ თანხას, რა მიზნითაც ისარგებლა მათ შორის ჩამოყალიბებული ნდობის ფაქტორით, უთხრა, რომ ქ. ზ–ში, .....ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებდა ექვსართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, სადაც მეოთხე სართულზე მდებარე ბინას მიჰყიდდა დასრულებული სახით. დამაჯერებლობისათვის, დ ა–მ, ქ. ზ–ში, 2018 წლის 12 თებერვალს, ლ. ა–ს ფორმალურად წარუდგინა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ზ–ში ..ის №..-ში (.. სართულზე მდებარე 41,7 კვ.მ ფართი). ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასს წარმოადგენდა 15000 აშშ დოლარი. ფაქტობრივად დ ა–აას მიზანი იყო ლ. ა–ს სგან თანხის მოტყუებით დაუფლება და იგი მიზნად არ ისახავდა ლ. ა–ს სთვის ბინის მიყიდვას. დ. ა–მ ლ. ა–ს არ ასახა ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. საბოლოდ დ ა–მ მოიპოვა ლ. ა–ს ნდობა და ქ.ზ–ში 2018 წლის 12 თებერვლიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდში თაღლითურად დაეუფლა ლ. ა–ს კუთვნილ თანხას - 12700 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 33467 ლარს და 63 თეთრს, რის შედეგადაც ლ. ა–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი 33467 ლარი და 63 თეთრი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის განაჩენით დ ა–აა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 11 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, დ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ დ ა–ს ბრალეულობას, კერძოდ: დ ა–აამ ლ. ა–ს ფორმალურად გადასცა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რითაც ლ. ა–ს შეიყვანა განზრახ შეცდომაში. აფიქრებინა, რომ ბინა, რომელიც წარმოადგენდა ნასყიდობის საგანს, სამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოექცა, როგორც მისი საკუთრება. სინამდვილეში დ ა–ს აღნიშნული არ გაუტარებია საჯარო რეესტრში, შესაბამისად, დ ა–ს მხრიდან უძრავ ქონებაზე გარიგება თავიდანვე ატარებდა ფორმალურ ხასიათს. დ ა–მ თავადვე დაადასტურა, რომ ამ ფართის დარეგისტრირება შეეძლო მას შემდეგ, რაც მოხდებოდა საბოლოო განშლა, ფართების გამიჯვნა და დაზუსტება, რაც არ უთქვამს დაზარალებულისათვის და რაც მიუთითებს თაღლითობის განზრახვაზე საწყის ეტაპზევე. დაზარალებულმა პროცესზე განმარტა, რომ ეგონა ფართის მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, თუმცა მას შემდეგ, რაც თანხა სამ ეტაპად გადასცა დ ა–ს და კვლავაც არ იყო დასრულებული მშენებლობა, გადაწყვიტა მისულიყო საჯარო რეესტრში, სადაც შეიტყო, რომ იგი მესაკუთრედ არ ფიქსირდებოდა. საგულისხმოა, რომ ნასყიდობის საგნის საფასური ლ. ა–ს გადაიხადა 2021 წელს, მაშინ როდესაც პრაქტიკულად შეჩერებული იყო მშენებლობა ობიექტზე. სასამართლომ განმარტა, რომ დ ა–ა აგროვებდა თანხებს, რომ გაეგრძელებინა მშენებლობა, თუმცა აღნიშნული ვერ მოახერხა და მხოლოდ ლ. ა–ს 2700 აშშ დოლარით მშენებლობის რაიმე ეტაპს ვერ დაასრულებდა. თუკი 2700 აშშ დოლარით მშენებლობას ვერ განაახლებდა დ ა–ა, გამოდის, რომ ობიექტზე არ წარმოებდა რაიმე სახის სამუშაოები, შესაბამისად, განმარტება, რომ გარკვეული დოზით მიმდინარეობდა ობიექტის მშენებლობა არ გამომდინარეობს ხსენებული განმარტებიდან. კასატორის პოზიციით, თაღლითურ განზრახვაზე ასევე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მიუხედავად შეჩერებული მშენებლობისა და ლ. ა–ს თანხის ოდენობისა, რაც საკმარისი არ იყო მშენებლობის განსაახლებლად დ ა–მ დაზარალებულს თანხა მაინც გამოართვა. ამასთან, ფაქტია, რომ ობიექტის მშენებლობის პროცესი არ განახლებულა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის განხორციელების დროს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რის გამოც დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშანს. არსებობს მოტყუების, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ორი სახე: აქტიური მოტყუება, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინებით და პასიური მოტყუება, რაც გულისხმობს იურიდიული ფაქტების დაფარვას, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო და რითიც ეს უკანასკნელი შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას, წინააღმდეგ შემთხევაში ქმედება თაღლითობად ვერ დაკვალიფიცირდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ ა–ს ქმედებაში გამოკვეთილი არ არის მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნები, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდებით.

5.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დ ა–მ თანხა მიიღო მხარეთა შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო რაიმე მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა, მის განზრახვას აღნიშნული თანხის თაღლითურად დაუფლების თაობაზე წარმოდგენილი არ არის, აღნიშნულ ობიექტზე მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, თუმცა მშენებლობის დასრულებაში ხელი შეუშალა მთელს მსოფლიოში გავრცელებულმა ინფექციამ, რა დროსაც დაიკეტა საზღვრები და შეჩერდა მუშაობა. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ლ. ა–ს სთან გარიგების დადებისას, დ ა–ს თავიდანვე ჰქონდა განზრახული მისი თანხის მოტყუებით მისაკუთრება. პირიქით, თავად დაზარალებულის ჩვენებითაც დასტურდება, რომ დ ა–ა დაინტერესებული იყო მშენებლობის დროულად დასრულებით და ბინის ქირასაც კი უხდიდა მას. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ დ ა–ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება იყო რეალური და მან გარიგების დადების შემდეგ გამოვლენილ გარემობათა გამო (ამ შემთხვევაში კოვიდინფექციის გავრცელების გამო შექმნილი ვითარება) ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

5.5. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

5.6. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).

5.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბრალდების მხარე დ ა–აას ედავება, რომ მან გადაწყვიტა ლ. ა–ს შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით დაუფლებოდა ლ. ა–ს კუთვნილ თანხას, რა მიზნითაც ისარგებლა მათ შორის ჩამოყალიბებული ნდობის ფაქტორით, უთხრა, რომ ქ. ზ–ში, ....ის ქ. №..-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებდა ექვსართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, სადაც მე.. სართულზე მდებარე ბინას მიჰყიდდა დასრულებული სახით. დამაჯერებლობისათვის, დ ა–მ, ქ. ზ–ში, 2018 წლის 12 თებერვალს, ლ. ა–ს ფორმალურად წარუდგინა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ზ–ში ...ის ქუჩის №..-ში (მე.. სართულზე მდებარე 41.7 კვ.მ ფართი). ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასს წარმოადგენდა 15000 აშშ დოლარი. ფაქტობრივად დ. ა–ს მიზანი იყო ლ. ა–ს სგან თანხის მოტყუებით დაუფლება და იგი მიზნად არ ისახავდა ლ. ა–ს სთვის ბინის მიყიდვას. დ ა–მ ლ. ა–ს არ ასახა ნასყიდობის საგნის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. საბოლოდ დ ა–მ მოიპოვა ლ. ა–ს ნდობა და ქ.ზ–ში 2018 წლის 12 თებერვლიდან 2021 წლის აპრილის თვის ჩათვლით პერიოდში თაღლითურად დაეუფლა ლ. ა–ს კუთვნილ თანხას - 12700 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში - 33467 ლარს და 63 თეთრს.

5.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და მოწმეების – თ. გ–სა და გ. ბ–ს ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა რომ დ ა–ა ქ. ზ–ში, ...ის ქ. №..-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებდა ექვსსართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს. ასევე, დადასტურებულია, რომ დ ა–აას და ლ. ა–ს შორის 2018 წლის 12 თებერვალს, გაფორმდა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ზ–ი, ....ის ქუჩა №..-ში (მე.. სართული, ფართი – 41,7 კვ.მ ). აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ბრალდების მხარე დ ა–ს ფაქტობრივად ედავება უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დაურეგისტრირებლობას საჯარო რეესტრში და ამ გზით დაზარალებულის მოტყუებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ დ ა–აას მხრიდან განხორციელებული მოქმედებების ანალიზით არ იკვეთება მისი განზრახვა მოეტყუებინა ლ. ა–ს. მნიშვნელოვანია, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე (მათ შორის, მშენებარე შენობა-ნაგებობაზე) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სამშენებლო დოკუმენტაციის, ხოლო მშენებლობის დასრულებისას – შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. შენობა-ნაგებობაზე ან მის ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობა ან მისი ერთეული ლეგალიზებულია ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერად მიიჩნევა“. ლ. ა–ს სა და დ ა–ს შორის გაფორმებული 2018 წლის 12 თებერვლის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ მხარეები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებიან, გამყიდველი ვალდებულია, მყიდველს ნასყიდობის საგანი ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების შემდეგ სამ კალენდარულ დღეში, ხოლო მყიდველი ვალდებულია მიიღოს ნასყიდობის საგანი. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ნასყიდობის საგანი მყიდველის საკუთრებაში გადადის ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების საფუძველზე და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დ ა–მ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში - არ შეიძლება შეფასდეს, რომ თითქოს ამით მან მოატყუა დაზარალებული. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან მტკიცებულებათა ერთობლიობას რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე