Facebook Twitter

საქმე N 150100123007141742

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №949აპ-24 7 თებერვალი, 2025 წელი

ბ-ი მ., №949აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ბ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებული სისასტიკით) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ცივი იარაღის ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. მ. ბ–სი ძმასთან და ძმის ცოლ ა. ბ–სთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ა–ში და მათთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2023 წლის 23 თებერვალს, საღამოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მ. ბ–სა და ა. ბ–ს შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც მ. ბ–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა. ბ–ს. ამ უკანასკნელმა მ. ბ–ს უთხრა, რომ შეეწყვიტა მისი ლანძღვა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახებდა პოლიციას. აღნიშნულით გაბრაზებული მ. ბ–ი ბენზინის გადასხმითა და დაწვით დაემუქრა ა. ბ–ს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად კი მუქარის შემდეგ, მ. ბ–მა სახლიდან აიღო პოლიეთილენის ცარიელი ბოთლი და სახლიდან გავიდა. ცოტა ხანში სახლში დაბრუნებულმა მ. ბ–მა მოიტანა ნავთობპროდუქტით სავსე პოლიეთილენის ბოთლი და ზემოხსენებული მუქარის სისრულეში მოსაყვანად, ბოთლში არსებული ნავთობპროდუქტი, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით თავზე დაასხა ა. ბ–ს, თან ცდილობდა ჯიბიდან ამოეღო სანთებელა და ცეცხლი მოეკიდებინა ა. ბ–სათვის. ამ უკანასკნელმა მოახერხა და ნავთობპროდუქტიანი ბოთლი ხელიდან წაართვა მ. ბ–ს, რის შემდეგაც შეშინებული სახლიდან გაიქცა და დახმარებისათვის სამართალდამცავ ორგანოს მიმართა, რის გამოც მ. ბ–მა ვეღარ შეძლო მისი ზემოხსენებული განზრახვის სისრულეში მოყვანა.

1.3. მ. ბ–ი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 03.12.2021 წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2023 წლის 23 თებერვლის, ღამეს თან ატარებდა ცივ იარაღს, კერძოდ, ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ დანას, მაფიქსირებელი მოწყობილობით, რაც ამოღებული იქნა ა–ს შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული მ. ბ–სის პირადი ჩხრეკისას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მ. ბ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მ. ბ–ს, დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;

დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ძირითად სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 17 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მ. ბ–ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 18 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მთლიანად შეიკრიბა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და საბოლოოდ მ. ბ–ს განესაზღვრა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 3 წლის ვადით;

მ. ბ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2023 წლის 23 თებერვლიდან;

2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ბ–მ, რომელმაც მოითხოვა მ. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ალტერნატივის სახით უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა – ჯარიმის სახით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 9 აგვისტოს, მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ბ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატივის სახით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება – ჯარიმის სახით.

3.3. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ წამოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც, მ. ბ–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით უნდა დაენიშნოს უფრო მსუბუქი – არასაპატიმრო სასჯელი. კასატორის პოზიციით, მ. ბ–ს მხოლოდ გარკვეული კამათი მოუხდა ა. ბ–სთან და ყველაფერი ამით დასრულდა. მას არ ჰქონია ა. ბ–სის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და არაფერი გაუკეთებია ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად. დაზარალებულ ა. ბ–სა და ა. ბ–ს ჩვენებები ურთიერთწინააღმდეგობრივია და შეიცავს არაერთ უზუსტობას, ასევე არ შეესაბამება სხვა მტკიცებულებებს. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია. მართალია, ა. ბ–სი და ა. ბ–სი ადასტურებენ, თითქოს მ. ბ–ს ხელში ეჭირა ბოთლი, მაგრამ გამოძიებამ ვერ დაადგინა მასში რა ესხა. ა. და ა. ბ–ების ტანსაცმელზე, ხალიჩაზე და იატაკზე ბენზინის კვალი არ აღმოჩნდა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ მ. ბ–ს მათთვის ბენზინი არ მიუსხამს და ცეცხლის მოკიდება არ უცდია, მაშინ როდესაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მას ჯიბეში ტექნიკურად გამართული სანთებელა ედო. ამასთან, საყურადღებოა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასტმასის ბოთლი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოთლში ბენზინის კვალი აღმოჩნდა აღნიშნული მაინც არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სწორედ ეს ბოთლი ეჭირა მ. ბ–ს. ამოღებული ბოთლი არის 1 ლიტრიანი, ხოლო დაზარალებულმა ა. ბ–მა თავის ჩვენებაში განმარტა, რომ მ. ბ–მა სახლიდან 1,5 ლიტრი ტევადობის ბოთლი წაიღო. ასევე, მოწმე ვ–ის ჩვენების თანახმად, მან მ. ბ–სს მიჰყიდა 5 ლარის ბენზინი. იმ დროისათვის ბენზინის ფასი იყო 3,17 ლარი. შესაბამისად, მ. ბ–მა პირადი საჭიროებისათვის შეიძინა 1,5 ლიტრი ბენზინი, რაც შეუძლებელია ამოღებულ 1 ლიტრიან ბოთლში ჩატეულიყო. მ. ბ–მა, მის მიერ შეძენილი ბენზინი სახლში მიიტანა და შეინახა ფარდულში ისე, რომ გამოძიების პროცესში ეს სავსე ბოთლი არავის გახსენებია. რაც შეეხება ამოღებულ ბოთლს, მსჯავრდებულს მასთან შემხებლობა არ ჰქონია. ა. ბ–მა არ დაადასტურა გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება. ის ცდილობდა სასამართლოსთვის მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია, რომ მ. ბ–ს არ დაუსხამს ბენზინი ა. ბ–სათვის, თუმცა ბრალდების მხარის დაჟინებულმა პოზიციამ დაედასტურებინა გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, ა. ბ–სი იძულებული გახადა გაემეორებინა ჩვენება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ა. ბ–ს ჩვენება არ შეესაბამება სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, მოწმე ს–ს ჩვენებას, რომლის თანახმადაც დადასტურებულია, რომ შემთხვევის შემდეგ ა. ბ–ი მივიდა მასთან და შველა სთხოვა, მას არ უთქვამს, რომ მ. ბ–მა მისი დაწვა სცადა, პირიქით, უთხრა, რომ სახლის დაწვას აპირებდა. ასევე, ა. ბ–ს ჩვენება არ შეესაბამება საქმეზე წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებზე დაფიქსირებულ დროს. ამასთან, მართალია ბრალდებული და დაზარალებულის ოჯახი ცხოვრობენ ერთ სახლში, მაგრამ მ. ბ–სს აქვს თავისი ოთახი, იგი ცხოვრობს ცალკე და ძმის ოჯახთან ერთად არ ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება, არ წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულს. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდს, მ. ბ–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, იგი ამოღებულ დანას იყენებდა საკვების მომზადების მიზნით, შესაბამისად, მას უნდა დაენიშნოს უფრო მსუბუქი სასჯელი – ჯარიმის სახით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა მ. ბ–სის მიერ ოჯახის წევრის – ა. ბ–ს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ცივი იარაღის ტარების ფაქტები.

5.3. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ დაცვის მხარისთვის სადავოა მ. ბ–სის მიერ ოჯახის წევრის – ა. ბ–ს განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ასევე მ. ბ–სის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი.

5.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ შემთხვევის დღეს მ. ბ–სა და ა. ბ–ს შორის მოხდა შეკამათება. სადავო ფაქტობრივი გარემოებაა, სცადა თუ არა მ. ბ–მა ა. ბ–ს მოკვლა, ბენზინი შეიძინა თუ არა მის მოსაკლავად, ამოძრავებდა თუ არა მისი მოკვლის განზრახვა და ეწეოდნენ თუ არა მ. ბ–ი და ა. ბ–ი ერთიან საოჯახო მეურნეობას. სადავო ფაქტობრივ გარემოებას, არ წარმოადგენს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი.

5.5. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის – ა. ბ–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ოჯახის წევრებთან, მ. ბ–თან, ვართან ბ–თან, ფ. ბ–თან, ა–თან და მ. ბ–სთან ერთად ცხოვრობს ქალაქ ა–ში. მ. ბ–სი არის მისი მეუღლის ძმა. მ. ბ–მა პენიტენციური დაწესებულება შემთხვევამდე დაახლოებით 5 თვით ადრე დატოვა, რის შემდეგაც ცხოვრობდნენ ერთად, მათ შორის, სარგებლობდნენ საერთო საოჯახო ნივთებით. დაზარალებულმა განმარტა, რომ მ. ბ–სი ფხიზელი არის ძალიან კარგი ადამიანი და მასთან პრობლემა არ აქვს. პრობლემები იწყება ალკოჰოლური სასმელის მიღების შედეგად. შემთხვევის დღეს, 2023 წლის 23 თებერვალს, სამსახურიდან სახლში დაახლოებით 17:00 საათზე დაბრუნდა. სახლში, ასევე დაბრუნდა მ. ბ–ც, რომელსაც არყის სუნი ასდიოდა და ბარბაცით დადიოდა. დაახლოებით 19:00 საათზე, მ. ბ–ი ოთახიდან გამოვიდა და დაიწყო გინება მათი მისამართით. სახლში ის და მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი – ა–-ი იყვნენ. მან მოუწოდა მსჯავრდებულს დაწყნარებულიყო, მაგრამ უშედეგოდ, იგი კვლავ აგრძელებდა ყვირილს და გინებას. მან დაურეკა ა. ბ–ს, რომელსაც დასახმარებლად მასთან მისვლა სთხოვა, ვინა-ნ მ. ბ–ი იყო ნასვამი და არაადეკვატურად იქცეოდა. მალევე ა. ბ–სი და დედამისი ა. ბ–ი მივიდნენ მათთან. მათ მისვლამდე მ. ბ–ი სახლიდან გავიდა. ა. ბ–ი მალევე წავიდა, ხოლო მათთან სახლში დარჩა ა. ბ–ი. დაახლოებით 20:00 საათზე, მ. ბ–ი სახლში დაბრუნდა, რომელმაც კვლავ დაიწყო გინება მისი მისამართით და ეუბნეობდა, რომ მოიტანდა ბენზინს, პირში ჩაასხამდა და დაწვავდა. რის შემდეგაც, მსჯავრდებულმა სამზარეულოს ფანჯრის რაფაზე დატოვებული პლასტმასის ბოთლი აიღო და გავიდა სახლიდან. დაახლოებით ათ წუთში მ. ბ–ი დაბრუნდა სახლში, მას ხელში ეჭირა პლასტმასის ბოთლი, რომელსაც თავსახური არ ეკეთა, მიუახლოვდა და უთხრა ბავშვი გაეყვანა, რადგან მისთვის უნდა დაესხა და დაეწვა. მ. ბ–მა მას თავზე დაასხა ნავთობპროდუქტი, მან ხელი აუქნია და ნავთობპროდუქტი დაიღვარა იატაკზე და ხალიჩაზე. ა. ბ–ი ცდილობდა მ. ბ–ს შეჩერებას, რა დროსაც მასაც მიესხა ნავთობპროდუქტი. რაღაცნაირად მოახერხა და მ. ბ–ს ხელიდან გამოსტაცა ბოთლი და გაიქცა. ბოთლი ღობის ძირას, თოვლზე დააგდო. ამის შემდეგ, დახმარების სათხოვნელად, ს–სთან წავიდა. სარკისი სასწრაფოდ წავიდა მათი ბინის მიმართულებით, საიდანაც დაბრუნდა დაახლოებით ათ წუთში და უთხრა, რომ მ. ბ–ი სახლიდან იყო წასული. დაზარალებული დაბრუნდა თავის სახლში, სადაც იმყოფებოდნენ მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი და ა. ბ–ი. ა.მ დაურეკა დედამისს – ა. ბ–ს, რომელიც კვლავ მივიდა მათთან, სახლში ასევე მივიდნენ მისი მეუღლე მ. ბ–ი და ფ– ბ–ი, რომლებსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. დარეკა „112-ში“ და აცნობა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც მათთან სახლში მალევე მივიდა პოლიცია.

5.6. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აფასებს დაზარალებულის ჩვენებას და განმარტავს, რომ მან დეტალურად აღწერა მის მიმართ მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებები, ისაუბრა მსჯავრდებულის მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, შემდგომ ბენზინით დაწვის მუქარაზე, მ. ბ–ს მოთხოვნაზე ოთახიდან გაეყვანა ბავშვი, ვინაიდან აპირებდა მის დაწვას და მ. ბ–ს მიერ ბენზინის შესხმის ფაქტზე. დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად და კატეგორიულად განმარტა, რომ მსჯავრდებულმა ღია პლასტმასის ბოთლიდან შეძლო და მიასხა ბენზინი, რაც გაშველების პროცესში ასევე შეესხა მის დასახმარებლად მისულ ა. ბ–ს. მან მოახერხა და გამოიქცა სახლიდან. საგულისხმოა, ისიც რომ დაზარალებულმა მ. ბ–ი დაახასიათა დადებითად და მიუთითა, რომ პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ იწყება ოჯახში, რაც მსჯავრდებული მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს.

5.7. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადასტურებული ფაქტის თვითმხილველი მოწმის ა. ბ–ს ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ჯერ ა. ბ–სა და მ. ბ–სს შორის მომხდარი სიტყვიერი შეკამათება, ხოლო მოგვიანებით მ. ბ–ს მიერ ა. ბ–სისათვის ბენზინის შესხმის ფაქტი.

5.8. მოწმის სახით დაკითხული ფ– ბ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ. ბ–სი არის ბიძამისი, რომელიც მასთან, დედამისთან – ა. ბ–სთან, მამამისთან – მ. ბ–თან, მეუღლესთან – ს. მ–თან და მათ არასრულწლოვან შვითან – ა-თან ერთად ცხოვრობს, ქალაქ ა–ში. მოწმის განმარტებით, უშუალოდ შემთხვევის დროს შინ არ იმყოფებოდა, თუმცა 2023 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, როდესაც სახლში დაბრუნდა მ. ბ–ი, იყო სახლში. მსჯავრდებული იყო მთვრალი, ბარბაცით დადიოდა და შევიდა თავის ოთახში დასაძინებლად. მოგვიანებით ის მამასთან, მ. ბ–თან ერთად წავიდა სოფელ ო-ი, საიდანაც დაბრუნდნენ დაახლოებით 21:20 საათზე, სახლში შესვლისას იგრძნო ბენზინის მძაფრი სუნი. დედამისი ა. ბ–ი იყო ძალიან შეშინებული, ეტყობოდა რომ ნამტირალევი იყო. დედისგან შეიტყო, რომ როდესაც ისინი სახლიდან წასულან მ. ბ–ს ა-სათვის თავზე დაუსხამს ბენზინი. მოწმის განმარტებით ბენზინის სუნი ასდიოდა ა.ს ბ–საც.

5.9. საკასაციო პალატა საქმეში არსებულ სადავო/უდავო მტკიცებულებებს, აფასებს უტყუარობის თვალსაზრისით, როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლივად. კონკრეტული მტკიცებულებები შესაძლოა დამოუკიდებლად ნაკლებინფორმატიული იყოს, თუმცა სხვა მტკიცებულებ(ებ)ასთან ერთობლიობაში წარმოადგენდეს იმ დამაკავშირებელ რგოლს, რომელიც საბოლოოდ, ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით.

5.10. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ა. ბ–ს ჩვენება დასტურდება ფაქტის თვითმხილველი მოწმის – ა. ბ–ს ჩვენებით, ამასთან იგი სრულად თანხვდება – ფ. ბ–ის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განმარტებებს, უდავოდ ცნობილი ს–ის გამოკითხვის ოქმსა და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, მათ შორის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტ ლ-ს ჩვენებას.

5.11. მოცემულ შემთხვევაში ფაქტის უშუალო თვითმხილველი მხოლოდ დაზარალებული არაა და მისი ჩვენება წინააღმდეგობაში არ მოდის ა. ბ–სის ჩვენებასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაზარალებული და მსჯავრდებული ფაქტის თვითმხილველი მოწმის – ა. ბ–სის ნათესავები არიან, შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე არ იკვეთება რაიმე საეჭვო გარემოებები, რაც მიანიშნებს დაზარალებულისა და ა. ბ–სის მიკერძოებაზე და პირად დაინტერესებაზე მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული მსჯავრდებულს დადებით პიროვნებად ახასიათებს.

5.12. მ. ბ–სის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს შორის საგულისხმოა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც მითითებულია, რომ უთავსახურო პლასტმასის ბოთლი, მოყვითალო ფერის სითხით ამოღებული იქნა ეზოსთან, ასფალტიანი გზის მხარეს, ღობიდან გზის მიმართულებით 0,2 მეტრში, სწორედ ამ ბოთლზე მიუთითა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ა. ბ–მა და განმარტა, რომ ინციდენტის დროს, ა. ბ–სმა მ. ბ–სს ხელიდან წაართვა აღნიშნული ბოთლი და გაიქცა გარეთ. ბოთლი ამოღებული და დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესით. ამასთან, მოწმე – ვის ჩვენებითა და ვიდეო კამერების ჩანაწერებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ა..... არსებულ შპს „რ–ს“ ავტოგასამართ სადგურზე, დანაშაულის ჩადენის დღეს, დაახლოებით 20:00 საათზე, მ. ბ–მა პლასტმასის ბოთლით შეიძინა ბენზინი.

5.13. ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნითა და ექსპერტ ლ-ს ჩვენებით კი, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პოლიეთილენის ბოთლში არსებული სითხე წარმოადგენს ნავთობპროდუქტს, კერძოდ, ბენზინს. მართალია ექსპერტიზაზე წარდგენილი ა.. და ა. ბ–სის ტანსაცმელზე, ხალიჩაზე და ანაწმენდზე არ დაფიქსირდა ნავთობპროდუქტის კვალი, თუმცა ექსპერტიზის კვლევით ნაწილში არსებული შენიშვნისა და თავად ექსპერტის ჩვენებითაც დადასტურებულია, რომ საგანმატარებელზე მოხვედრისას დროის ან ტემპერატურის ზეგავლენით ნავთობპროდუქტი იცვლის თავის პირვანდელ სახეს, ან სრულიად გარდაიქმნება. შესაბამისად, ექსპერტმა არც გამორიცხა და არც უარყო, რომ შესაძლოა საკვლევ საგანზე ყოფილიყო ბენზინის კვალი.

5.14. მსჯავრდებულის ბრალეულობის დამადასტურებლად, ასევე მნიშვნელოვანია მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი ს–სის გამოკითხვის ოქმი, რომელიც მართალია ფაქტის თვითმხილველი მოწმე არ არის, თუმცა მომხდარის შემდეგ დაზარალებულთან უშუალო შემხებლობა ჰქონდა, რომელმაც უამბო თავს გადამხდარი მოვლენები.

5.15. მოწმე ს–სის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ა....., ნ-ში. მის მეზობლად ცხოვრობს მ. ბ–ის ოჯახი. 2023 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მასთან მივიდა მეზობელი, ა. ბ–ი, რომელიც იყო შეშინებული, სტრესულ მდგომარეობაში და ნერვიულობდა. როდესაც ჰკითხა რა ხდებოდა, ა. ბ–მა უპასუხა, რომ მ. ბ–ი არის მთვრალი, ხელში ჰქონდა ბენზინი და აპირებდა მისი და სახლის დაწვას. მას ბოთლი წაურთმევია და გაქცეულა. იგი შეეცადა მის დახმარებას, გადავიდა მის სახლში და ნახა, რომ მ. ბ–ი აღარ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რის შემდეგაც ა. ბ–ი დაბრუნდა თავის სახლში.

5.14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამოუკიდებლად აღებული ზემოხსენებული გამოკითხვის ოქმით შეუძლებელია იმის დადასტურება, რომ მსჯავრადშერაცხილი დანაშაული მ. ბ–მა ჩაიდინა, ვინა-ნ ს–ი ფაქტის თვითმხილველი მოწმე არ ყოფილა. ამასთან დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებებს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა სასამართლო მიუთითებს, რომ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში აღნიშნული მტკიცებულების გამოყენება და შეფასება მომხდარი ფაქტიდან მალევე დაზარალებულის შთაბეჭდილების გაზიარების თვალსაზრისით და სხვა მოწმეთა ჩვენებების სანდოობის და თანხვედრილობის შემოწმების მხრივ, სავსებით შესაძლებელია და არ უგულებელყოფს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

5.16. ამდენად, საკასაციო პალატის დასკვნით, საქმეში არსებული პირდაპირი და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დაკავშირებულია მსჯავრდებულ მ. ბ–ს ქმედებებთან – დადგენილია სწორად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით.

5.17. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში ასახულ გარემოებებს, მტკიცებულებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ ყველა მოწმის ჩვენება ზუსტად იდენტური ვერ იქნება, მთავარია მოწმეთა ჩვენებებს შორის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ არსებობდეს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები.

5.18. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ბ–სა და ა. ბ–ს ჩვენებები არის თანმიმდევრული და მათ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. მათ დეტალურად და თანმიმდევრულად მიუთითეს შემთხვევის ადგილზე მოვლენების განვითარების შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ ა. ბ–მა და ა. ბ–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს მ. ბ–ს მიერ ა. ბ–სათვის ბენზინის შესხმის, ა. ბ–ს მხრიდან მსჯავრდებულის შეჩერების მცდელობისა და ა. ბ–ს შემთხვევის ადგილიდან გაქცევის ფაქტები. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მცირე წინააღმდეგობები, რომლებიც დაფიქსირდა მოწმეთა ჩვენებებს შორის ვერ იქნება მიჩნეული არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებად.

5.19. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან ნავთობროდუქტის კვალი არ აღმოჩნდა იატაკიდან და ტანსაცმლიდან აღებულ ანაწმენდებზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ საგნებზე კვალის დარჩენა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის გარემო პირობებზე და სხვა გარემოებებზე. განსახილველ შემთხვევაში ნავთოპროდუქტის კვალის დარჩენასთან დაკავშირებით, ექსპერტმა ცალსახად განმარტა, რომ ნავთობპროდუქტი საგანმატარებელზე მოხვედრისას დროის ან ტემპერატურის ზეგავლენით იცვლის თავის პირვანდელ სახეს, ან სრულიად გარდაიქმნება, შესაბამისად, კვალის აღმოუჩენლობა აპრიორი მსჯავრდებულის უდანაშუალობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული.

5.20. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულს ა. ბ–ს მოკვლის განზრახვა არ ამოძრავებდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე. ამავე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ამ ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და განსაკუთრებული სისასტიკით. ამასთან, ვინაიდან სახეზეა მატერიალური კატეგორიის განზრახი დანაშაულის შემადგენლობა, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია აგრეთვე ამ დანაშაულის მცდელობაც, რა დროსაც, უნდა დადგინდეს, რომ დამნაშავის ქმედება წარმოადგენდა ადამიანის სიცოცხლის საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობას. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

5.21. პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის უნდა შეფასდეს ქმედება, მათ შორის, ქმედების ჩადენის ხერხი და საშუალება, დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევა, მათი ურთიერთობა, კონფლიქტის მიზეზი და ა.შ. ვინაიდან განზრახვა წარმოადგენს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ნიშანს და ხშირ შემთხვევაში შესაძლოა მსჯავრდებული უარყოფდეს განზრახვის არსებობას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად მოიცავდა მ. ბ–ს განზრახვა ა. ბ–ს სიცოცხლის მოსპობას, ხოლო გამოყენებული საშუალება გამოიწვევდა თუ არა განსაკუთრებულ სისასტიკეს, ასევე, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს დანაშაულის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა და რის გამო არ დადგა სასიკვდილო შედეგი.

5.22. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მომხდარი მოვლენები შესაძლოა დაიყოს ორ ეპიზოდად, პირველი, როდესაც მ. ბ–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, გამოავლინა განზრახვა და დაემუქრა, რომ მიიტანდა ბენზინს და დაწვავდა და მეორე, როდესაც განზრახვის სისრულეში მოყვანა დაიწყო, კერძოდ: აიღო პლასტმასის ბოთლი, დატოვა სახლი, შეიძინა ბენზინი, დაბრუნდა სახლში და შეასხა დაზარალებულ ა. ბ–ს. მართალია, ა. ბ–მა შეძლო და ა. ბ–ს დახმარებით თავი დააღწია მსჯავრდებულს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა ამგვარი გარემოებები ვერ შეფასდება მკვლელობის განზრახვის არარსებობად. წინარე მოქმედებები, ნათლად მიუთითებს მ. ბ–ს განზრახვაზე და სურვილზე, რომლის სისრულეში მოსაყვანადაც განახორციელა არაერთი მოქმედება, ხოლო ის გარემოება, რომ შედეგი ვერ იქნა მიყვანილი ბოლომდე განპირობებულია იმით, რომ დაზარალებულმა და ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ – ა. ბ–მა ხელი შეუშალეს მას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ბ–ს მიერ განხორციელებული მოქმედებების ანალიზი, მათ შორის, დანაშაულის ობიექტური ნიშნების გამოვლენამდე და უკვე შემდგომ განხორციელებული მოქმედებები (დაწვით მუქარა, ბენზინის ყიდვა, ბენზინის შესხმა) სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ნამდვილობაზე მიუთითებს.

5.23. ეჭვის გამომრიცხავი გარემოებაა, რომ ცეცხლის მოკიდების გზით ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა ობიექტურად ძლიერი ტანჯვის და ტკივილის გამომწვევია, რასაც აცნობიერებს ყველა ნორმალური განვითარების ადამიანი. ანალოგიურად განსაკუთრებული ტკივილის და არანაკლები ტანჯვის გამომწვევია გაცნობიერება იმისა, რომ ბენზინის შესხმით და ცეცხლის წაკიდებით ცდილობდა ადამიანი სიცოცხლის მოსპობას. ამ ფაქტობრივი გარემოების ფონზე, მ. ბ–სის მხრიდან, სახეზეა სისასტიკის მომეტებული ხარისხი, რაც ობიექტურად განსაკუთრებულ სისასტიკედ უნდა შეფასდეს.

5.24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნა კი განსაზღვრავს ოჯახის წევრის ვინაობას და ადგენს, რომ ამ კოდექსის მიზნებისათვის, ოჯახის წევრად, აგრეთვე ითვლებიან პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა. ბ–ი და მ. ბ–ი არიან რძალ-მაზლი, კერძოდ: დაზარალებული მსჯავრდებულის ძმის ცოლია, რომლებიც ცხოვრობენ ერთად და ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას, მათ შორის, იყენებენ საერთო საყოფაცხოვრებო საგნებსა და ნივთებს, შესაბამისად სახეზეა ბრალად წარდგენილი ქმედების ისეთი მაკვალიფიცირებელი ნიშანიც, როგორიცაა - ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

5.25. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში ასახულ გარემოებებს, ასევე, დაცვის მხარის მოთხოვნას მ. ბ–სის განზრახ მკვლელობის მცდელობის ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტები დადგენილია სწორად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებებს მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება.

5.26. რაც შეეხება, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით მ. ბ–ს მსჯავრდების ნაწილს - აღნიშნული სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, ამასთან, დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის მტკიცებულებებით, კერძოდ: ახალქალაქის რაიონული სასამართლოს, 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით (მ. ბ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის), ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმითა (მ. ბ–სგან ამოღებული იქნა დასაკეცი დანა) და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N.. დასკვნით (ამოღებული დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავი - მჭრელი ტიპის ცივ იარაღთა კატეგორიას). ამდენად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

6. სასჯელის დასაბუთება:

6.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

6.3. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

6.4. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

6.5. საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც მსჯავრი უნდა დაედოს მ. ბ–სს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე.

6.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა მ. ბ–სის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე, 67-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მ. ბ–სს მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისთვის ძირითად სასჯელებად განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით გათვალისწინებული – თავისუფლების აღკვეთა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

6.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის თაობაზე, ასევე დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა განსაზღვრის წესს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6.8. სააპელაციო სასამართლომ მ. ბ–სს საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ისევე როგორც საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების დროს, დამატებით სასჯელად დაუნიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა.

6.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად, ხოლო საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არის გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით. საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ასევე მსჯავრი დაედო მ. ბ–სს სასჯელის სახედ არ ითვალისწინებს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის მეორე ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, სასამართლომ იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა დამატებით სასჯელად უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელად არის განსაზღვრული.

6.10. ასევე საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება ანალოგიის წესით განსაზღვროს სასჯელი, ვინაიდან სასჯელის სახე და ზომა პირდაპირ, მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს კანონში განსაზღვრული. სისხლის სამართალში აღიარებული პრინციპი „nulla poena sine lege“ (არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე) განმტკიცებულია საქართველოს სსკ-ის პირველივე მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას“.

6.11. ამდენად, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. ბ–სის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

6.12. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილი დანაშაულთა ერთობლიობის დროს იძლევა სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების შესაძლებლობას, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან არ იკვეთება, რომ დანაშაულთა ერთბლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, მოსამართლემ სასჯელის ნაწილობრივი შეკრების პრინციპით იხელმძღვანელა. აშკარაა, რომ ძირითად სასჯელთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის წესი, ხოლო დამატებით სასჯელთან მიმართებით – შეკრების.

6.13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა დანიშვნის წესი მიემართება როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბერი 642აპ-21 განაჩენი). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ ხელმძღვანელობს სასჯელთა ნაწილობრივ ან სრულად შეკრების წესით და მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა შთანქთქმის პრინციპის გამოყენებას, ეს უკანასკნელი უნდა გაავრცელოს როგორც ძირითადი, ისე – დამატებითი სასჯელის მიმართ.

6.14. ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მ. ბ–სთვის საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელმა – 17 წლით თავისუფლების აღკვეთამ და 2 წლით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვამ უნდა შთანთქას, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე, ვინაიდან მ. ბ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი განზრახი დანაშაულები ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ. ბ–სს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6.15. ამასთან, ვინა-ნ მ. ბ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, მის მიმართ წინა განაჩენით დანიშნულ სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.

6.16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა) გათვალისწინებულ დანაშაულებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

6.17. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

6.18. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მ. ბ–სათვის, ამ განაჩენით მსჯავრადშერაცხილ დანაშაულებზე არ ვრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, თუმცა ვინაიდან, მ. ბ–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს, განაჩენთა ერთობლიობით, რა დროსაც ბოლო განაჩენს ნაწილობრივ უნდა დაემატოს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წელი, რომელზეც უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება და დამატებული სასჯელი უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.

6.19. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მ. ბ–ს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა ვინაიდან მისთვის მსჯავრად შერაცხილი კვალიფიკაცია მოიაზრებს ქურდობის ჩადენას, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით) და დანიშნული აქვს ერთიანი სასჯელი, შესაბამისად მასზე ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის პირველი-მე-3 მუხლების მოქმედება ვერ გავრცელდება. თუმცა სახეზეა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობა, კერძოდ: ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ბ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ცვლილება შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენში;

3. მ. ბ–სი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებით სასჯელად 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ბ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებით სასჯელად 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

7. განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 17 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, მასვე, დამატებით სასჯელად 2 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

8. მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან – 2023 წლის 23 თებერვლიდან;

9. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

10. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

დასაკეცი დანა, სანთებელა, პოლიეთილენის ბოთლი მოყვითალო ფერის სითხით და ამოღებული ანაწმენდები - განადგურდეს;

მოწითალო ფერის ხალიჩა, ტანსაცმელი, ასევე მ. ბ–ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცხვირსახოცი, გატეხილი სათვალე, კრიალოსანი, ბრალდებულის პირადობის მოწმობა, სიგარეტი და „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი – დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს;

დისკები - შენახულ იქნეს სს საქმის სენახვის ვადით;

11. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

12. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე