საქმე N 030100124009413382
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1200აპ-24 4 თებერვალი, 2025 წელი
გ-ი ა., №1200აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. გ–ი (პირადი ნომერი:. ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის აპრილის თვის დასაწყისში (ზუსტი თარიღი და დრო დაუდგენელია), მთვრალმა ა. გ–იმა, ქ.ფ–ში, პ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. ძ–ს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.
1.3. 2024 წლის 13 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, მთვრალმა ა. გ–მა, ქ.ფ–ში, პ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში ოჯახის წევრს, მეუღლეს – მ. ძ–ს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა.
1.4. 2024 წლის 13 მაისს, დაახლოებით 16:05 საათზე, მთვრალი ა. გ–ი, ქ. ფ–ში, პ–ს ქ.N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის დემონსტრირებით მოკვლით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს - მ. ძ–ს, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.
1.5. 2024 წლის 13 მაისს, დაახლოებით 16:05 საათზე, მთვრალმა ა. გ–მა, ნაჯახის რამდენჯერმე დარტყმით განზრახ დააზიანა ოჯახის წევრის, მეუღლის - მ. ძ–სის კუთვნილი, ქ.ფ–ში, პ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ გაჩერებული NISSAN-ის მარკის TIIDA-ს მოდელის, (სახელმწიფო ნომრით: .....) ავტომობილი, რამაც 1850 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები უტყუარად არ დასტურდება პირდაპირი და აშკარა მტკიცებულებების ერთობლიობით.
2.2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით, ა. გ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის აპრილის დასაწყისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა. გ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2024 წლის 13 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა. გ–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. გ–ს წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 16 ოქტომბერს, ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. გ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ა. გ–ს მიმართ გამართლების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მტკიცებულებები – დაზარალებულ მ. ძ–ს გამოკითხვის ოქმები, კ. ა–ს, ი. ჯ–ს, ი. გ–სა და გ. ა–ს გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ მ. ძ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები: ნაჯახი, NISSAN-ის მარკის ავტომობილი და ავტომანქანის ნამსხვრევები, ა. გ–ს მიმართ გამოცემული N.... შემაკავებელი ოქმი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-დან აუდიოჩანაწერის გამოთხოვის ოქმი, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ა. გ–ს ბრალეულობას. ამასთან, ბრალდების მხარემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის N93-22 განაჩენებზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. გ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი, ბრალდების ამ ეპიზოდებში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა მ. ძ–მა უარი განაცხადა ოჯახის წევრის – მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, მეუღლის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მ. ძ–მა სასამართლოში არ დაადასტურა.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ის წარმოადგენს მხოლოდ მ. ძ–ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის განმეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულმა უარი განაცხადა, ხოლო როცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის განმეორებას, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ამგვარ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.
5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განჩინება, საქმე №49აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოწმე პოლიციელების – ი. ჯ–ს, ზ. ე–ს და კ. მ–ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში, დაკითხვისას, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მონათხრობს, ამ უკანასკნელმა კი, როგორც აღინიშნა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. საკასაციო პალატა მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული პირდაპირი მტკიცებულებებით – არასაკმარისია ერთის მხრივ, მუქარის განხორციელების და შედეგად შიშის განცდის ფაქტის, მეორეს მხრივ კი – ძალადობისა და მის შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად (ორი ეპიზოდი).
5.10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).
5.11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
5.12. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის N93-22 გადაწყვეტილებით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მისაღწევია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.13. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 გადაწყვეტილებაში არსებული გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის გარემოებებისგან.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.16. ამასთან, მართალია ა. გ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, თუმცა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახურ დანაშაულზე დანიშნული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე. შესაბამისად, მის მიმართ არ ვრცელდება ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე