Facebook Twitter

საქმე N 340100123008117770

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1158აპ-24 28 თებერვალი, 2025 წელი

გ-ი თ., №1158აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. გ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თ. გ–ი, 2023 წლის აგვისტოდან 2023 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდში, გ–ს რაიონის სოფელ ვ..., თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის, ..... წელს დაბადებული, მ. გ–ის თანდასწრებით, იმის გამო, რომ მისი მეუღლე ე. ო–ი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შეზღუდული შესაძლებლობის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატიურად ამცირებდა და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, ეძახდა „მახინჯს“, „ინვალიდს“, „ეპილეფსიანსა“ და „გულღონებიანს“, ასევე აგინებდა და მიმართადა უცენზურო სიტყვებით. თ. გ–ის აღნიშნული ქმედების შედეგად ე. ო–მა განიცადა ტანჯვა.

1.3. 2023 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა თ. გ–მა, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, მხრებში ხელები მოკიდა და შეაჯანჯღარა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე - ე. ო–ი, რომელიც წაიქცა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. თ. გ–ის აღნიშნული ქმედების შედეგად ე. ო–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2023 წლის 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორის ო–ის მიერ, თ. გ–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვითაც მას აეკრძალა მეუღლესთნ ე. ო–თან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოვება და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, თ. გ–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2023 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, მივიდა და ცხოვრება გააგრძელა გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში მდებარე ე. ო–ის საცხოვრებელ ბინაში, რომელსაც 2023 წლის 4 ოქტომბერს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენით, თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 4 ოქტომბრის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

თ. გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წელი და 6 თვე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 9 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით გამოყენებული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 5 თვე და 12 დღე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ. გ–ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი.

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 წელი.

2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა და მოითხოვა თ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის განაჩენში.

თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წელი.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წელი.

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, თ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით გამოყენებული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 5 თვე და 12 დღე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ თ. გ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წელი.

3.2. 2024 წლის 7 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ–მა და მოითხოვა თ. გ–ის მიმართ სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თ. გ–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ გახადა მტკიცებულებები. ამასთან, მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე და ითანამშრომლა გამოძიებასთან. შესაბამისად, სახეზეა ყველა პირობა, რათა თ. გ–ის მიმართ დანუშნულ სასჯელზე გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემული განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თ. გ–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს გასაჩივრებულ განაჩენზე თ. გ–ის მსჯავრდების ნაწილში და იმსჯელებს მხოლოდ მის მიმართ დანიშნულ სასჯელზე.

5.2. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თ. გ–ის მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენას.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

5.6. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: თ. გ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მას კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება, საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.8. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად, მხოლოდ სამივე პირობის კუმულაციურად არსებობა ქმნის აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას.

5.9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თ. გ–ი თავს არ ცნობდა დამნაშავედ გამოძიებისა და წინასასამართლო სხდომის ეტაპზე. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას, მის მიერ დანაშაულის აღიარება, ვერ შეფასდება როგორც გამოძიებასთან თანამშრომლობა, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

5.10. ამასთან, ვინაიდან თ. გ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დაზარალებულ ე. ო–ის თანხმობა თ. გ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელების თაობაზე და მსჯავრდებულ თ. გ–ის განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ იგი თანახმაა გამოცემული იქნეს დამცავი ორდერი.

5.11. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თ. გ–ის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედება და დანიშნული სასჯელი – უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გამოცემული უნდა იქნეს დამცავი ორდერი, იმ ვადით, რა ვადითაც ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი.

5.13. ვინაიდან, თ. გ–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე (თავისუფლების აღკვეთა 5 თვე და 12 დღე), რაც ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად უნდა შეუმცირდეს ერთი მეექვსედით.

5.14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. თ. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, თ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით გამოყენებული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 5 თვე და 12 დღე, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ თ. გ–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

10. თ. გ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2023 წლის 4 ოქტომბრიდან;

11. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა – გაუქმებულია;

12. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, თ. გ–ის მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 4 თვით (იმ ვადით, რა ვადითაც პირს ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი) და თ. გ–ს აეკრძალოს: დაზარალებულ ე. ო–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად, ასევე, მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების, ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით; მის საცხოვრებელ, სამუშაო, ან სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფება, ასევე, პირადად დაზარალებულთან მიახლოება.

13. დამცავი ორდერი ძალაში შედის თ. გ–ის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;

14. თ. გ–ს განემარტოს, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით;

15. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

16. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე