Facebook Twitter

საქმე N 120100122005881944

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1293აპ-24 7 თებერვალი, 2025 წელი

გ–ი ა., №1293აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. გ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის ზაფხულის პერიოდში, ქ–ა–ში მყოფ ლ. გ–ს, „......-ის“ საშუალებით, არაერთხელ დაემუქრა მისი და მამის სიცოცხლის მოსპობით ყოფილი მეუღლე ა. გ–ი, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენით, ა. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა – გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 6 ნოემბერს, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის გამამართლებლი განაჩენის გაუქმება, ა. გ–ს დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ა. გ–ს მიერ მუქარის განხორციელების ფაქტი. კერძოდ, ლ. გ–მა, ლ. ზ–მ და ვ. ზ–მ სასამართლოს მისცეს სარწმუნო ჩვენება, რაც გამყარებულია დანაშაულის შესახებ შეტყობინებით და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან, ბრალდების მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილი განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს №335აპ-18 და №97აპ-20 გადაწყვეტილებებით დადგენილი პრაქტიკას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება ა. გ–ს მიერ მუქარის ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ ა. გ–ისთვის წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ლ. გ–ის ჩვენება, რომლის თანახმად, ა. გ–ი მისი ყოფილი მეუღლეა. ისინი დაქორწინდნენ 2003 წელს და ჰყავთ სამი შვილი. თავდაპირველად მათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. შემდეგ, ა. გ–მა დაიწყო ალკოჰოლური სასმელის მიღება და გახდა აგრესიული, ემუქრებოდა მისი და მისი მშობლების მოკვლით, რისიც ეშინოდა. აღნიშნულის გამო, 2022 წელს ისინი განქორწინდნენ. დაზარალებულის განმარტებით, მას ეშინია, რომ ყოფილი მეუღლე მას მოკლავს ან დაიქირავებს ვინმეს და მოაკვლევინებს. 2021 წლის ზაფხულის პერიოდში, ა. გ–ი მას ტელეფონით ურეკავდა, შეურაცხყოფებს აყენებდა, ზოგჯერ მუქარის შემცველ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. შემდეგ შვილების პოლონეთში წაყვანაც სურდა. 2022 წელსაც ემუქრებოდა სოციალური ქსელის ე.წ. „......ის“ საშუალებით. იგი წავიდა პოლიციაში და განაცხადა მუქარის თაობაზე. პოლიცია კი ეუბნებოდა, რომ ბრალდებული პ–დან ჩამოსული არ იყო და არ უნდა შეშინებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ა. გ–ი დაემუქრა მის მამასაც. ვინაიდან ა. გ–ს მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარა წლები გრძელდებოდა იგი 2018 წლიდან ფიქრობდა ქმრის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას ბოლოს კი, 2022 წელს მიმართა პოლიციას. მუქარის შემცველი ტექსტური შეტყობინებები მას არ შეუნახავს, ტელეფონი რომ გადაიტვირთა, მიმოწერა წაიშალა. მან ბევრი შეურაცხყოფა მიიღო ა. გ–სგან, დამცირებულად გრძნობდა თავს და სწორედ ამის შემდგომ მიმართა პოლიციას.

5.4. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულ ლ. გ–ს ჩვენება არ არის გამყარებული მუქარის მეორე ადრესატის ვ. ზ–ის ჩვენებით. სადავო პერიოდთან დაკავშირებით, მოწმემ მიუთითა, რომ 2021 წელს, მისმა შვილმა ლ. გ–მა და სიძემ ა. გ–მა იჩხუბეს. თვითონ ამ დროს იყო პ–ში. მისმა შვილმა უთხრა, რომ ა–მა მას აგინა და დაემუქრა. ისიც იქ იყო და თვითონაც გაიგო. მან არაფერი უთხრა ა–ს, რადგან შეშინდა, არ მოეკლა. ვ. ზ–ე ჩვენებაში არ უთიეთებს ე.წ. „......ის“ საშუალებით, ა. გ–ს მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე. იგი მხოლოდ ზოგადად აღწერს დაძაბულ ურთიერთობას მის სიძესა და შვილს შორის.

5.5. მოწმე ლ. ზ–ის ჩვენების თანახმად, იგი არის დაზარალებულ ლ. გ–ის დედა. ა. გ–იი ლ–ის შეურაცხყოფას აყენებდა პ–დან, ემუქრებოდა, რომ მოკლავდა მასაც და მის მშობლებსაც. ერთ დღეს, როდესაც სტუმრად მივიდა ლ–ისთან, თვითონ შეესწრო, როგორ მიაყენა შეურაცხყოფა ა. გ–იმა და როგორ აგინებდა ლ–ის. ეუბნებოდა, რომ ჩქარა უნდა წასულიყო მისი სახლიდან, თორემ ჩამოვიდოდა ს–ში და მოკლავდა მათ. ეს მოხდა 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის თვეებში. ის მხოლოდ ამ ერთხელ შეესწრო მუქარის ფაქტს. მოწმის განმარტებით, მას ახლაც ეშინია, რომ რაიმე არ დაუშავონ. 2021 წლიდან ლ–ი აღარ ცხოვრობს ა–ის სახლში, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. ლ. გ–ის წამოსვლის შემდეგ ა. გ–ს მხრიდან მუქარა აღარ ყოფილა, რადგან ერთმანეთთან კონტაქტი აღარ აქვთ.

5.6. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები წარდგენილი ბრალდების არსებით საკითხებთან მიმართებით წინააღმდეგობრივია. გასათვალისიწინებელია, რომ დაზარალებულის მშობლები წერილობითი ფორმით განხორციელებულ მუქარებზე საერთოდ არ მიუთითებენ, მაშინ, როდესაც ლ. გ–ი ცალსახად აღნიშნავს ასეთ ფაქტებს, თუმცა განმარტავს, რომ შენახული არ აქვს ასეთი მიმოწერა. ამასთან, მათ მიუთითეს მუდმივ შიშზე, რომელიც გააჩნდათ წლების განმავლობაში ა. გ–ს ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც სავარაუდო მუქარა შეწყდა. კერძოდ, ლ. ზ–ის განმარტებით, 2021 წლიდან ლ. გ–ი აღარ ცხოვრობს ა–ის სახლში და ლ. გ–ის წამოსვლის შემდეგ ა. გ–ს მხრიდან მუქარა აღარ ყოფილა, განცხადება კი, ვ. ზ–ის მიერ წარდგენილია 2021 წლის 28 სექტემბერს.

5.7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიში – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებით უნდა დადგინდეს. მან უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი საფუძვლიანი შიში. მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შესაბამისად, როდესაც დაზარალებულის ჩვენებით არ დასტურდება დანაშაულის ჩადენის და მუქარის რეალურად აღქმის ფაქტი, აღნიშნული ჩვენება (მასში არსებული უზუსტობების გამო) ვერ მიიჩნევა უტყუარ პირდაპირ მტკიცებულებად.

5.8. საკასაციო პალატა კვლავაც მიუთითებს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი).

5.9. სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, რაც უნდა დადასტურდეს საქმის განხილვის პროცესში. მოცემულ შემთხვევაში, კი საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ იქნა დადგენილი ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები, რის გამოც სასამართლოებმა წარმოშობილი ეჭვი, სამართლიანად გადაწყვიტეს ა. გ–ს სასარგებლოდ.

5.10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N........ დასკვნა, რომლის თანახმად, ლ. გ–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არ ფასდება ფსიქოლოგიურ ტანჯვად - ბრალდების დამადასტურებელ ან უარმყოფ მტკიცებულებად ვერ იქნება შეფასებული.

5.11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.12. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს №355აპ-18 და №97აპ-20 გადაწყვეტილებებში არსებული გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის გარემოებებისგან.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე