საქმე N 330141224010200316
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №361-25 25 თებერვალი, 2025 წელი
გ–ი ბ., N361-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. ხ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2024 წლის 11 ოქტომბერს, .....ის პრობაციის ბიუროდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ბ. გ–ს (პირადი ნომერი: .......) სააღსრულებო საქმე.
2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 03 ივლისის განაჩენით, ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვა ჯარიმა 2000 ლარი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ბ. გ–ს მიმართ არ გავრცელდა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონი.
4. მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და ბ. გ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გავრცელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენით, ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, დაზარალებულმა ჯ. ე–მა უარი განაცხადა ბ. გ–ს მიმართ ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე, მის მიმართ ზემოხსენებული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება.
5. ამასთან, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.
6. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი - უნდა შეუმცირდეს 1/6-ით.
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს საჩივრის ავტორის მოთხოვნა პირიბითი მსჯავრის ერთ წლამდე შემცირების თაობაზე, რადგან ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, კი, ბ. გ–ს მიმართ განაჩენი გამოტანილი იქნა 2024 წლის 3 ივლისს, შესაბამისად, იგი 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით პირობით მსჯავრდებული პირი არ ყოფილა.
9. ამასთან, საფუძველსაა მოკლებული დაცვის მხარის მითითება, რომ დაზარალებული ჯ. ე–ი თანახმაა ბ. გ–ს მიმართ გავრცელებული იქნეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, რადგან სასამართლო წარმოებაში განთავსებული სატელეფონო გასაუბრების შესახებ ოქმით, დგინდება, რომ მან ამნისტიის კანონის გამოყენებაზე განაცხადა უარი (იხ. ს/ფ. 3).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ. ხ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;
3. ბ. გ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი, შეუმცირდეს 1/6-ით და განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით 1 წლითა და 8 თვით გამოსაცდელი ვადით;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე