Facebook Twitter

საქმე N 330141224010148142

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №51-25 ქ. თბილისი

ნ. ა., 51-25 23 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით ა. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

ა. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 6 ოქტომბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენი ა. ნ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2024 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ა. ნ-ს პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებით:

ა. ნ. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ა. ნ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, ა. ნ-ს მოსახდელად დარჩა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ნ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 6 ოქტომბრიდან.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ. საჩივრის ავტორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლო უნდა დალოდებოდა დაზარალებულ ა. რ-ს თანხმობას (რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა და იმყოფება საზღვარგარეთ) და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაევრცელებინა ამნისტიის კანონი. დაცვის მხარე მითხოვს, რომ მიეცეს დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობის წარმოდგენის შესაძლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – დანაშაულები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

5. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

6. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. ნ-ს მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულ პირს წარმოადგენს – აჰმად რამაზანი, რომელიც არის უცხო ქვეყნის – .... რესპუბლიკის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის 2024 წლის 25 ნოემბრის წერილით ირკვევა, რომ აჰმად რამაზანის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ბოლო ფაქტი დაფიქსირდა – 2024 წლის 25 ნოემბრამდე, კერძოდ, 2023 წლის 20 სექტემბერს. შესაბამისად, დაზარალებულის მოძიება ვერ მოხერხდა.

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის მოძიება ვერ მოხერხდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, ა. ნ-ს მიმართ აღასრულა ამნისტია და ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის გამოყენებით, იგი კანონიერად გაათავისუფლა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის – 2 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

8. რაც შეეხება ა. ნ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით) შერაცხილ სასჯელს – 6 წლით თავისუფლების აღკვეთას, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილშიც კანონიერად გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეოთხე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და ერთი მეექვსედით შეუმცირა სასჯელი, კერძოდ: მითითებული კანონის შესაბამისად, ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) შეფარდებულ სასჯელზე, მიუხედავად იმისა, წარმოდგენილია თუ არა დაზარალებულის თანხმობა. ხოლო, ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი (სასჯელის განახევრება), დამოუკიდებლად ვერ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით) განსაზღვრულ სასჯელზე, რადგან ა. ნ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით – ერთიანი სასჯელის სახით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) განსაზღვრულ სასჯელზე, მიუხედავად დაზარალებულის თანხმობისა. ამასთან, როგორც ზემოთაც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ა. ნ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე აღასრულა ამნისტიის კანონი და გაავრცელა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მოქმედება, რომ ვერ შეძლო დაზარალებულ ა. რ-ს ადგილსამყოფლის მოძიება, რა გარემოებაც, ფაქტობრივად გაუთანაბრდა დაზარალებულის თანხმობას.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი