საქმე N 010100123008367800
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1124აპ-23 10 თებერვალი 2025 წელი
კ–ე ზ., №1124აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ზ. კ–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქალაქ ბ–ში, ...ის გამზირი N..-ის მიმდებარედ, ზ. კ–ემ, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანას სახელმწიფო სანომრე ნიშნით ........, დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ი. ც–ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განაჩენით, ზ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ბულბული მჟავანაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. კ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება.
ზ. კ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.
მასვე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
3.2. 2024 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულ ზ. კ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. შ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. კ–ის მიმართ სასჯელის დანიშვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ზ. კ–ეს მსჯავრი დაედო გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მან აღიარა და მოინანია, უდავოდ გახადა მტკიცებულებები. ამასთან, მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე, იგი არის ნასამართლობის არმქონე. ზ. კ–ის ახლობლებს ჰქონდათ მცდელობა შერიგებოდნენ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, თუმცა მან არ ისურვა საუბარი. დაცვის მხარე, სასჯელის დანიშვნისას, გასათვალისწინებელ გარემოებად მიიჩნევს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას (იგი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით). შესაბამისად, სახეზეა ყველა პირობა, რათა ზ. კ–ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.
5.4. „დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ, უნდა იყოს შესაძლებლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ: ზ. კ–ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. კ–ეს კანონიერი და სამართლიანი – მსჯავრადშერაცხილი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი განუსაზღვრა, რაც სრულად შეესაბამება - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ზ. კ–მ დაარღვია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი, რამაც გამოიწვია ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ამასთან მან მიატოვა შემთხვევის ადგილი - საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობითად ჩათვლა.
5.7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, ზ. კ–მ დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. მოცემულ შემთხვევაში, კი დაზარალებულის უფლებამონაცვლე – ვ. ც–მ უარი განაცხადა ზ. კ–ის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით გათვალიწინებული შეღავათის გავრცელებაზე.
5.9. აღსანიშნავია, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ამკრძალავი ნორმაა – მასში ჩამოთვლილია ის შემთხვევები, რაზეც ამნისტიის კანონი არ ვრცელდება, მათ შორის იმ დანაშაულზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას თანხმობას არ განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. კ–ის მიმართ არ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე