Facebook Twitter

საქმე N 330100123007141961

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1288აპ-24 13 თებერვალი, 2025 წელი

კ–ი გ., №1288აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. კ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

გ. კ–მა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა დედ-მამისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ დატოვებული სამკვიდრო ქონებიდან თავისი დის - ს. მ–ის სამკვიდრო წილს და ამ მიზნით, 2022 წლის 19 დეკემბერს, თ–ში, ....... გამზირი N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში მიმართა ნოტარიუსს ი. ნ–ს სამკვიდრო ქონების გახსნასთან დაკავშირებით, რა დროსაც წარდგენილი საბუთებით დაადასტურა, რომ იგი იყო გარდაცვლილი მშობლების: ა–ს (მამა) კ–ის, ს–ა (დედა) კ–ის და ძმის კ–ს კ–ის ერთადერთი პირველი რიგის კანონიერი მემკვიდრე და ნოტარიუსს დაუმალა ის ფაქტი, რომ ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრე და – ს. მ–ი (კ–ი). მას ეკისრებოდა ვალდებულება ეცნობებინა ნოტარიუსისთვის და არ დაემალა აღნიშნული გარემოება, რაზეც ნოტარიუსის მიერ არის გაფრთხილებული დადგენილ მემკვიდრეთა წრის დაფარვაზე. მიუხედავად ამისა, გ. კ–მა დამალა მემკვიდრე, რაზეც ნოტარიუსისგან აიღო სამ მამკვიდრებელზე სამკვიდრო მოწმობები, აღნიშნული სამკვიდრო მოწმობები საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგინა ს–ს რაიონის გამგეობაში, რის შემდგომაც, ს–ს გამგეობამ 2023 წლის 13 იანვარს გასცა საკუთრების უფლების მოწმობა N.......... გ. კ–ის სახელზე, მასზედ, რომ მან მიიღო საკუთრებაში სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი ბინის იზოლირებული ფართობის 4/5 ნაწილი, რომელიც მდებარეობს მისამართზე – თ–ი, ჭ–ს ქუჩა, კორპუსი N.., ბინა N... აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ს. მ–ს მიადგა 24000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის განაჩენით გ. კ–ი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 24 ოქტომბერს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოგა კაკოჩაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებული ს. მ–ის, ნოტარიუს – ი. ნ–ის, მოწმეების – ლ. კ–ს, მ. კ–ს, მ. ყ–ს ჩვენებებითა და საქმეზე ამოღებული დოკუმენტაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გ. კ–ის ბრალეულობა. სასამართლომ არამართებულად არ გაიზიარა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, ასევე წარდგენილი დოკუმენტები. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან საბინაო ორდერში მითითებული იყო ს. მ–ც, რომელიც ასევე რეგისტრირებული იყო სადავო ბინაში, იხდიდა კომუნალურებს და ეხმარებოდა მშობლებსა და ძმას, მას სრულად ჰქონდა უფლება მიეღო მშობლებისა და ძმის კუთვნილი სამკვიდრო ქონების წილი, შესაბამისად, გ. კ–ი ბინის 4/5 ნაწილს ვერ დაირეგისტრირებდა, რომ არ მოეტყუებინა ნოტარიუსი და არ მიეთითებინა, რომ იყო ერთადერთი მემკვიდრე. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე გაცემული სამკვიდრო მოწმობების შესაბამისად მოახდინა გამგეობამ ბინის გ. კ–ზე პრივატიზება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. კ–ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობის განხორციელების დროს ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რის გამოც დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშანს. არსებობს მოტყუების, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ორი სახე: აქტიური მოტყუება, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ მონაცემების შეტყობინებით და პასიური მოტყუება, რაც გულისხმობს იურიდიული ფაქტების დაფარვას, რომლის შეტყობინება დაზარალებულისათვის სავალდებულო იყო და რითიც ეს უკანასკნელი შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება წინ უნდა უძღოდეს ნივთის დაუფლებას, წინააღმდეგ შემთხევაში ქმედება თაღლითობად ვერ დაკვალიფიცირდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. კ–ის ქმედებაში გამოკვეთილი არ არის მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნები, რაც გამორიცხავს მის ბრალეულობას წარდგენილი ბრალდებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლომ პირველ რიგში ყურადღება უნდა გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა და სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში, რომელშიც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

5.5. წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის №230აპ-13 განაჩენი, პუნქტი 4.1.2.).

5.6. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ. კ–ს ედავება დედ-მამისა და ძმის გარდაცვალების შემდეგ დატოვებული სამკვიდრო ქონებიდან თავისი დის - ს. მ–ის სამკვიდრო წილის თაღლითურად დაუფლებას.

5.7. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოადგენდა, რომ გ. კ–ი და ს. მ–ი არიან და-ძმანი, ასევე ის, რომ გ. კ–მა ნოტარიუსთან და სახელმწიფო ორგანოებში წარადგინა მის ხელთ არსებული დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც მიიღო მემკვიდრეობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო ფაქტობრივი გარემოებაა, ქონებაზე უფლების მიღების საშუალებად გამოიყენა თუ არა გამართლებულმა მოტყუება და სწორედ ამ ხერხის დახმარებით მოხდა თუ არა სადავო ქონების მასზე რეგისტრაცია.

5.8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც სამოქალაქო სამართლებრივი, ასევე სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაივლოს ზღვარი როდის ხდება საკუთრებითი ურთიერთობა სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მთავარ საკითხს წარმოადგენს იმის დადგენა რეალურად ს. მ–ი წარმოადგენდა თუ არა დავის საგანს მიკუთვნებული ქონებრივი უფლების მქონე სუბიექტს. აღნიშნული კი, ნამდვილად წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას.

5.9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მაშინ როდესაც მხარეებს შორის არ მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, ს. მ–ს არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს გასახსნელად, ასევე მონაწილეობა არ მიუღია სადავო ქონების პრივატიზაციაში და სინამდვილეში სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს დაზარალებული წარმოადგენდა თუ არა საერთოდ სადავო ქონებაზე უფლების მქონე სუბიექტს, იმის მტკიცება, რომ გ. კ–ის ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები - საფუძველსაა მოკლებული.

5.10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოწმის სახით დაკითხული ნოტარიუსის – ი. ნ–ის ჩვენებას, რომლითად დასტურდება რომ ს. მ–ი სამკვიდრო წილს ვერ მიიღებდა, რადგან სამკვიდროს მიღების არცერთ წესს არ აკმაყოფილებდა, გასული იყო სამკვიდროს მიღების ყველანაირი ვადა, ხოლო ქონებას გ. კ–ი ფლობდა და განკარგავდა. ამასთან, მოწმე მ. ყ–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ. კ–ს სამგორის რაიონის გამგეობაში არ დაუმალავს ს. მ-ს შესახებ და გამგეობის თანამშრომელს სთხოვა დაკავშირებოდა მას, რათა მისულიყო და ერთად გაეკეთებინათ პრივატიზაცია. მ. ყ–მა სცადა მასთან დაკავშირება, თუმცა ს. მ–ი არ მივიდა გამგეობაში. საგულისხმოა, რომ ფორმა N.., რომელშიც სხვა ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე იყო მითითებული ს. მ–ი გ. კ–ს წარდგენილი ჰქონდა, როგორც გამგეობაში, ასევე ნოტარიუსთან. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა გ. კ–ის ქმედებაში დანაშაულის – თაღლითობის შემადგენლობის სავალდებულო ნიშნები.

5.11. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე