Facebook Twitter

საქმე N 330141224010176035

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №191-25 5 თებერვალი, 2025 წელი

ლ–ე ა., N191-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ლ–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 8 ოქტომბერს, თბილისის პრობაციის ბიუროდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების მიზნით, გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ლ–ის (პირადი ნომერი: ............) სააღსრულებო საქმე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენით, ა. ლ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ა. ლ–ეს 5 წლით ჩამოერთვა: ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება; ბ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; გ) საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; დ) პასიური საარჩევნო უფლება; ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა: ვ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-41-ე პუნქტის საფუძველზე 3 თვით ჩამოერთვა ზ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებული ა. ლ–ე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისაგან და გამოსაცდელი ვადისაგან.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. ა. ლ–ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა, იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი მოხდილი აქვს, რის გამოც მას უნდა აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ საჩივარს თან ერთვის თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილი რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის N1/7240-23 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულებულია (პირველი გადარიცხვა განხორციელდა 2024 წლის 4 მარტს, ხოლო საბოლოო 2024 წლის 9 სექტემბერს) და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ა. ლ–ე ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია ძირითადი სასჯელისგან, ხოლო დამატებითი სასჯელი, კი - მოხიდილი (გადახდილი) აქვს, მას უნდა აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ლ–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ლ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება;

3. ა. ლ–ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, პირობითად ჩათვლილი სასჯელისაგან და გამოსაცდელი ვადისაგან.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა. ლ–ეს დამატებითი სასჯელი – ჯარიმა მოხიდილი (გადახდილი) აქვს.

5. ა. ლ–ეს აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე