Facebook Twitter

საქმე N 330100115784912

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №1320აპ-24 10 თებერვალი, 2025 წელი

მ–ე რ., №1320აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რ. მ–ს (დაბადების თარიღი: ....) ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლითა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. რ. მ–მ, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, დაუდგენელ ვითარებასა და დროში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა გამოძიებით დაუდგენელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. 2005 წლის 6 ივნისს, ქ.თ–ში, ვ–ს ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 19:00 საათზე, შეიკრიბნენ რ. მ–, ა. კ–ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები. ცოტა ხანში წარმოიშვა დავა, რის გამოც რ. მ–მ შურისძიების მოტივით განიზრახა ა. კ–ის განზრახ მკვლელობა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ამოიღო მის ხელთ არსებული, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, გამოძიებით დაუდგენელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა და აწარმოა გასროლა ა. კ–ის მიმართულებით, რის შედეგადაც გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში მიაყენა გულ-მკერდის ღრუში შემავალი მძიმე ხარისხის სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლნასროლი ჭრილობა ფილტვის მარცხენა ქვემო წილის დაზიანებით. აღნიშნულის შემდეგ, რ. მ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2005 წლის 9 ივნისს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ა. კ–ე გარდაიცვალა ქ.თ–ს №.. კლინიკურ საავადმყოფოში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, რ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ და მოითხოვა რ. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

3.2. 2024 წლის 13 ნოემბერს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და რ. მ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა რ. მ–ს მიერ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტები. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ მიუთითა, რომ მისი შვილი რ. მ–მ მოკლა. ასევე, მოწმე ლ. კ–ს ჩვენებით დგინდება, რომ მან ძმა – ა. კ–ე ნახა საღ გონებაზე მყოფი, რომელმაც უთხრა, რომ მოსაკლავად რ. მ–მ გაიმეტა. საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, ა. კ–ის გარდაცვალება გამოწვეულია ცეცხლსასროლი ჭრილობის შედეგად. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზემოხსენებულ და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია გამამყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ: საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

5.2. უპირველსყოვლისა საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა ა. კ–ე. ამასთან, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის – ე. კ–ის, მოწმეების: ლ. კ–ს და ი. ხ–ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებენ, რომ აღნიშნული დანაშაულები სწორედ რ. მ–მ ჩაიდინა.

5.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, გარდაცვლილ ა. კ–ის ოჯახის წევრების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ ე. კ–ე და ლ. კ–ე არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები. ამასთან, მართალია ლ. კ–ს ძმამ უთხრა, რომ მოსაკლავად გაიმეტა რ. მ–მ, თუმცა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდეგნილი.

5.4. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ თ. ზ–მა განმარტა, რომ იგი რ. მ–ს კუთვნილ სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა ექიმ-სტომატოლოგის პოზიციაზე. 2005 წლის 6 ივნისს, სამსახურში იმყოფებოდა რ. მ–სა და ექთანთან ერთად. შემთხვევის დღეს, რ. მ. თითქმის უწყვეტად იმყოფებოდა მისი თვალთახედვის არეში. ისინი დაახლოებით 20:00 საათის შემდეგ წავიდნენ სახლში. მეორე დღეს მან შეიტყო, რომ რ. მ–ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა. ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ ხ. მ. და ე. მ.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“

5.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

5.9. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დანაშაული მოხდა დაახლოებით 19:00 საათზე, მოწმე თ. ზ–ის განმარტებით კი, რ. მ–მ სტომატოლოგიური კლინიკა დატოვა დაახლოებით 20:00 საათზე - გამორიცხება მისი კავშირი ა. კ–ის მკვლელობის ფაქტთან, ხოლო უტყუარი მტკიცებულება, რაც დაუპირისპირდებოდა აღნიშნულ ჩვენებას, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე