Facebook Twitter

საქმე N 330100123008054429

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1265აპ-24 7 თებერვალი, 2025 წელი

მ–ი ზ., №1265აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. მ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათისათვის, ქ.თ–ი, სოფელი ფ–ა, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ზ. მ–მა დედას – ო. ა–ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, გაშლილი ხელი ორჯერ გაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ო. ა–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის 11 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ–ი, სოფელი ფ–ა, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ზ. მ–მა დედას – ო. ა–ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში და თმები მოქაჩა, რის შედეგადაც ო. ა–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2023 წლის 11 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ–ი, სოფელი ფ–ა, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ზ. მ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას ო. ა–ას, კერძოდ, დანის დემონსტრირებით უთხრა, რომ დანით ყელს გამოჭრიდა, რაც ო. ა–ამ აღიქვა რეალურად და მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ზ. მ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. მ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2023 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

2.3. 2023 წლის 11 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ.თ–ი, სოფელი ფ–ა, გ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, 2022 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა ზ. მ–მა დედას – ო. ა–ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში და თმები მოქაჩა, რის შედეგადაც ო. ა–ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენით, ზ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

ზ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზ. მ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 2 წელი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით, 8 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ზ. მ–ის ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

2.6. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. მ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. ვ–მა და მოითხოვა ზ. მ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ზ. მ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ. ვ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი ზ. მ–ის მიმართ.

ზ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა (2023 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2023 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით და გამართლდა.

3.2. 2024 წლის 11 ნოემბერს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ზ. მ–ის მიმართ ყველა წარდგენილი ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა ურთიერთშეთავსებულ, შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ ზ. მ–ის ბრალეულობას. მართალია, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე თუმცა, არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულებები (შეტყობინება და შემაკავებელი ორდერი), რომლებიც ადასტურებენ ზ. მ–ის მიერ დანაშაულების ჩადენას. ამასთან, გამომძიებლის ჩვენება მიჩნეული უნდა იქნეს პირდაპირ მტკიცებულებად. ბრალდების მხარემ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის N527აპ-17 განაჩენზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება დადგენილ პრაქტიკას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. მ–ის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ო. ა–ამ (დედა) და მოწმე ა. მ–მა (მამა), უარი განაცხადეს ოჯახის წევრის – შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, შვილის მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ო. ა–ასა და ა. მ–ის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მათ სასამართლოში არ დაადასტურეს.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის მიერ მითითებულ შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2013 წლის 11 სეტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-9 სამმართველოს მიმართა მოქალაქე ო. ა–ამ და განაცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა ზ. მ–მა. თუმცა, აღნიშნული განცხადებით არ დგინება, თუ რა ფორმით იძალადა მასზე შვილმა და, აღნიშნულის შედეგად, განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი.

5.5. რაც შეეხება 2013 წლის 11 სექტემბრის N..... შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, ირკვევა, რომ ზ. მ–მა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა ო. ა–აზე, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა მოკვლით. თუმცა შემაკავებელი ორდერის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობას და მუქარას შედეგად მოჰყვა თუ არა ტკივილის განცდა ან საფუძვლიანი შიშის გაჩენა. შესაბამისად, შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, ვერ ქმნის საკმარისი საფუძველს ზ. მ–ის მსჯავრდებისათვის.

5.6. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ მოწმე პოლიციელებისა და ექიმის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს, რადგან ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მონათხრობს, ამ უკანასკნელმა კი, როგორც აღინიშნა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები ფასდება დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის ცალ-ცალკე და წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ არა დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით, არამედ თითოეული ქმედების ფარგლებში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული პირდაპირი მტკიცებულებებით – არასაკმარისია ერთის მხრივ, მუქარის განხორციელების და შედეგად შიშის განცდის ფაქტის, მეორეს მხრივ კი – ძალადობისა და მის შედეგად ტკივილის განცდის დასადასტურებლად.

5.10. სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა - საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე