Facebook Twitter

საქმე N 140100123007689363

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1121აპ-24 25 თებერვალი, 2025 წელი

ნ–ე ა., №1121აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ნ–ე (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ი. კ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს – ქარხნული წესით დამზადებულ, სროლისთვის ვარგის, „AK-74“ მოდელის, 5,45მმ კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ ვაზნებს. 2023 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე ჯ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ი. კ–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით ტანის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ჯ. ნ–ეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტებს შეესწრო ა. ნ–ე, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ი. კ–ის მიერ ჩადენილი იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითება ა. ნ–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც მას ბრალდებიდან ამოურიცხა მითითება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ და დაადგინა, რომ ა. ნ–ემ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.2. ი. კ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს – ქარხნული წესით დამზადებულ, სროლისთვის ვარგის, „AK-74“ მოდელის, 5,45მმ კალიბრის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს და აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილ ვაზნებს. 2023 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე ჯ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ი. კ–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით ტანის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ჯ. ნ–ეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ა. ნ–ე, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ი. კ–ის მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, მაგრამ მისი დანაშაულებრივი ქმედების შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

2.3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენით, ა. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

2.4. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა და მოითხოვა ა. ნ–ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით, ასევე მისთვის დანიშული სასჯელი დამძიმება.

2.5. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განაჩენით, ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 12 აგვისტოს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ა. ნ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3.3. 2024 წლის 9 აგვვისტოს, მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. მ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.4. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. დაცვის მხარის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს არასანდო მოწმეების მიერ მიცემული ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში არ გამოკვლეულა. სასამართლომ გაიზიარა მოწმეების: გ. ჩ–ს, ზ. ჩ–ს, მ. ბ–ს, ს. გ–ს და ი. ა–ს ჩვენებები, ისე რომ არ შეაფასა ცალკეულ შემთხვევებში გამოკითხვის ოქმებსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები. ამასთან, გ. ჩ–ს, ზ. ჩ–სა და ი. ა–სეს, ა. ნ–ის მიმართ ამოძრავებთ შურისძიების მოტივი, ა. ნ–ისა და ჯ. ნ–ის ოჯახებს შორის წარსულში არსებული საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო. დაცვის მხარეს საგულისხმოდ მიაჩნია, რომ სასამართლომ განაჩენში იმსჯელა გამომძიებლის მიერ შედგენილ შპს „.......“ (გ–ი) ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმზე, რომელიც ბრალდების მხარემ მოხსნა გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნუსხიდან და სასამართლოში არ გამოკვლეულა. სასამართლოში გამოკვლეული დაცვის მხარის ვიდეოჩანაწერებით კი, უტყუარად დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი და მასში მითითებული ა. ნ–ის გადაადგილების ამსახველი დრო არ შეესაბამებოდა რეალობას. ამასთან, სასამართლომ ერთის მხრივ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი და მასში მითითებული მანძილი და დრო, რომლის სინამდვილე არ დასტურდებოდა ფოტო-ვიდეო მასალით, ხოლო მეორეს მხრივ არ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ ვიდეოგადაღების ფონზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის სისწორეც ასევე დადასტურებული იქნა ექსპერიმენტში მონაწილე პირის მიერ მიცემული ჩვენებით.

4.2. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილი მოიცავს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ცალკე კვალიფიკაციას არ საჭიროებს, საკმარისია მხოლოდ ბრალდების ფორმულირებაში აისახოს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის თაობაზე. ა. ნ–ის მიმართ 2023 წლის 11 ივნისს გამოტანილ იქნა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, რომლის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ა. ნ–მ ჩაიდინა როგორც განსაკუთრებით მძიმე, ასევე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხოლო კვალიფიკაცია განსაზღვრულია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, ა. ნ–ის ბრალდებიდან არ უნდა ამორიცხოდა მითითება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი არასამართლიანია ა. ნ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილში, რადგან სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა არაერთი რელევანტური გარემოება, რომელსაც არსებითი გავლენა უნდა მოეხდინა მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ა. ნ–ის საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ნ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას. მოცემულ შემთხევაში, კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო ფაქტს არ წარმოადგენს, რომ ი. კ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. 2023 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ–ს რაიონის სოფელ ა–ში მდებარე ჯ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ი. კ–მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლებით ტანის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ჯ. ნ–ეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თუმცა, დაცვის მხარის პოზიციით აღნიშნულ ფაქტებს არ შესწრებია ა. ნ–ე. შესაბამისად, ი. კ–ის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ვერ შეატყობინებდა.

5.4. უპირველეს ყოვლისა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოწმეებმა გ. ჩ–მა და ზ. ჩ–მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ 2023 წლის 24 აპრილს დაახლოებით 20:46-20:47 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების ხმის გაგების შემდეგ მათ დაინახეს შეიარაღებული ი. კ–ი, რომელსაც გარდაცვლილ ჯ. ნ–ის სახლის მოსაზღვრედ მდებარე პ. გ–ის სახლის ღობესთან ა. ნ–ე ელოდა და მათ გზა ერთად განაგრძეს. იგივე ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა ი. ა–მ. კერძოდ, მან განმარტა, რომ 2023 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, მეუღლესთან – გ. ჩ–თან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 20:45 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგო. თავდაპირველად რამდენიმე გასროლის ხმა შემოესმა, შემდეგ სროლები შეწყდა და კვლავ რამდენიმე წამიანი ინტერველით ისევ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგო. მისი მეუღლე – გ. ჩ–ი, მათი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანზე ავიდა. რამდენიმე წამში თავადაც ავიდა აივანზე. აივნიდან მან სასოფლო გზაზე ერთი ადამიანი დაინახა, ზედა მხარეს, რომელიც პ. გ–ის სახლის მიმართულებით მიდიოდა. მას ამ ადამიანის სახე არ დაუნახავს, რადგან ამ დროს ჯ. ნ–ს ეზოდან გარდაცვლილის დედის ყვირილის ხმა შემოესმა და მთელი ყურადღება ჯ. ნ–ის სახლისკენ გადაიტანა.

5.5. საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინებებით კი დასტურდება, რომ 2023 წლის 24 აპრილს, 20:59:23 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს დაუკავშირდა გ. ჩ–ი, ხოლო იმავე დღეს 20:59:48 საათზე - ი. ა–სე, რომლებმაც მიუთითეს, რომ ხ–ს რაიონის სოფელ ა–ში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იყო ჯ. ნ–ე და ითხოვდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

5.6. მოწმე გიგა გვარამაძემ კი მიუთითა, რომ 2023 წლის 24 აპრილს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:30-20:45 საათზე დაინახა, ა. ნ–ის კუთვნილი ლურჯი ფერის ,,ფორდის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ა. ნ–ე მართავდა, ხოლო მის გვერდით იჯდა ი. კ–ი. ავტომანქანა ჯ. ნ–ის სახლის მიმართულებით მოძრაობდა. დაახლოებით 10-15 წუთში გარდაცვლილ ჯ. ნ–ის საცხოვრებელი სახლის მხრიდან რამდენიმე გასროლის ხმა შემოესმა. სროლების წინ ხმაური არ გაუგია, ხოლო სროლების შემდეგ ადამიანების ყვირილის ხმა გაიგო, რის შემდეგაც იგი სროლების ხმის მიმართულებით წავიდა. დაახლოებით 21:00 საათზე, იგი ჯ. ნ–ის სახლში მივიდა, სადაც მისაღები ოთახის იატაკზე ნახა გულაღმა დასვენებული ჯ. ნ–ის ცხედარი. მან შემთხვევის ადგილზე მყოფი ადამიანებისგან გაიგო, რომ ჯ. ნ–ე ცეცხლსასროლი იარაღით ი. კ–მა მოკლა.

5.7. მოწმე ს. გ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2023 წლის 24 აპრილს, 20:40-20:45 საათზე, შემთხვევის ადგილიდან 20 მეტრში, მან დაინახა, რომ ა. ნ–ის კუთვნილი ლურჯი ფერის ავტომანქანა იყო გაჩერებული. დაახლოებით 2-3 წუთში, მას ცეცხლასროლი იარაღიდან გასროლის ხმა შემოესმა.

5.8. ზემოაღნიშნული ჩვენებების გაანალიზების შემდგომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა. ნ–ის უდანაშაულობის შესახებ და მიუთითებს, რომ მოწმეების ჩვენებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ა. ნ–ე ნამდვილად საქმის კურსში იყო ჯ. ნ–ის მკვლელობასთან დაკავშირებით და ის იმყოფებოდა მოკლულის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს იმ მომენტში, როდესაც განხორციელდა გასროლები ი. კ–ის მიერ, უფრო მეტიც, მათ ერთად დატოვეს შემთხვევის ადგილი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს სრულად ავსებენ, ნათლად წარმოაჩენენ ა. ნ–ის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენას, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტებით.

5.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოსდა დაზარალებულები ერთმანეთთან შეთანხმებით ცრუობენ და მსჯავრდებულს აბრალებენ დანაშაულის ჩადენას, არ დასტურდება სხვა გარემოებებით. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც ამ პირთა მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის დაინტერესებას დაადასტურებდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება – საგამოძიებო ექსპერიმენტი კონკურენტუნარიანი ვერ იქნება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

5.10. საკასაციო პალატა კვლავაც აღნიშნავს, რომ „ჩვენებებს შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების საგანთან მიმართებით, აგრეთვე როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N117აპ-18). შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში მათი აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს ( მაგ. ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების შემთხვევაში). მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე კი გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე – საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი N763აპ-19).

5.11. მოცემულ შემთხვევაში, კი მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გამყარებულია შპს .......(გ–ი), ინდ. მეწარმე „პ. გ–ს“ ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერებისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებით.

5.12. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ მოხსნა გამოსაკვლევ მტკიცებულებათა ნუსხიდან – შპს .......(გ–ი) ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს ის არ უნდა გამოეყენებინა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 5 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობით დადგინდა, რომ ბრალდების მხარემ მოხსნა გარკვეული წერილობითი მტკიცებულებები, ზოგი მათგანი გამოიკვლია, ხოლო დანარჩენი დაცვის მხარემ სცნო უდავოდ (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 14:21 საათი), მათ შორის შპს .......(გ–ი) ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმი.

5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებებს, რაც სასამართლოებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

5.14. რაც შეეხება ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა შესაბამის მუხლსა და მუხლის ნაწილზე მითითებით.

5.15. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი აგებულია იმგვარად, რომ მისი თითოეული ნაწილი წარმოადგენს ცალ-ცალკე დანაშაულს. ხსენებული მუხლის მეორე ნაწილი შინაარსობრივად არ მოიცავს პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას. სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებულია მიდგომა, თითქოს ქმედების კვალიფიკაცია განსახილველი მუხლის მეორე ნაწილით – დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, იმთავითვე მოიცავს პირველი ნაწილით დასჯადად გამოცხადებულ ქმედებას - დანაშაულის შეუტყობინებლობას იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული. მუხლის ნაწილებს შორის სხვაობა ეფუძნება შეუტყობინებელი დანაშაულის კატეგორიას, რაც ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მძიმე, მეორე შემთხვევაში კი, განსაკუთრებით მძიმე.

5.16. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბრალდების შესახებ დადგენილების ფაქტობრივი აღწერილობა მოიცავს ი. კ–ის მიერ როგორც მძიმე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები), ისე, განსაკუთრებით მძიმე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი) დანაშაულების განხორციელებაზე შინაარსობრივ მითითებას, თუმცა ა. ნ–ის ქმედების კვალიფიკაცია განსაზღვრულია მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით.

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №230აპ-13 განაჩენი).

5.18. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ნ–ეს ბრალიდან კანონიერად ამოერიცხა მითითიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ.

5.19. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას, ა. ნ–ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. ნ–ეს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მიხეილ ბერიაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ნ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მამუკა ვასაძე

ლალი ფაფიაშვილი