საქმე N 330100123007111932
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1183აპ-24 28 თებერვალი, 2025 წელი
შ. ჯ., №1183აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. შ–სა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ნ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჯ. შ– (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის დეკემბრის თვიდან 2023 წლის თებერვლამდე დროის პერიოდში ჯ. შ– სოციალური ქსელის – „......“-ის მეშვეობით სისტემატურად ახორციელებდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას ბ..... მცხოვრები ძმის – ვ. შ–ს მიმართ, კერძოდ ეუბნებოდა, რომ არ გაახარებდა, დაუობლებდა შვილებს, გაიზიარებდა დაღუპული მშობლების ბედს. აღნიშნული ქმედებების შედეგად ვ. შ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით ჯ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ჯ. შ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო – 2024 წლის 8 ივლისიდან.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჯ. შ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ლ–ამ და ნ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ჯ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 17 ოქტომბერს, მსჯავრდებულმა ჯ. შ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ–მა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორთა არგუმენტები:
4.1. კასატორთა პოზიციით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა ჯ. შ–ს ბრალეულობას. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულის ჩვენება, ვინაიდან სწორედ მის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს პასუხობდა მსჯავრდებული. ვ. შ. უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს ჯ. შ–ს, ხოლო მის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს დამცინავად უდგება, რაც ნათლად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში არ გასჩენია. მას მხოლოდ მობეზრდა ჯ. შ–ის მხრიდან იმ ფაქტის შეხსენება, თუ როგორ დახოცა მშობლები, რის გამოც დაემუქრა ციხეში გამოკეტვით და შეასრულა კიდეც.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. შ–სა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ – ნ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების შესახებ.
5.3. საკასაციო პალატა თავდაპირველად განმარტავს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ვ. შ–ს (დაზარალებულის) და ჯ. შ–ს (მსჯავრდებულის) ნათესაური კავშირი, კერძოდ, არიან ძმები და შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის მიზნებისთვის ითვლებიან ოჯახის წევრებად.
5.4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ჯ. შ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის განმარტებებს მსჯავრდებულის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:
5.5. დაზარალებულ ვ. შ–ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ ოჯახთან – მეუღლესთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ბ....ი, ხოლო მისი ძმა – ჯ. შ. და ორი და ს–ში. ჯ. შ–თან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. ბ....იც სტუმრობდა მას. მშობლები ბ....ი ცხოვრობდნენ, ბოლოს სოციალურ საცხოვრებელში. 2021 წლის 31 დეკემბერს, სოციალურ საცხოვრებელში გაზის აფეთქების შედეგად მათი მშობლები გარდაიცვალნენ, რის შემდეგაც ჯ. შ– მას ადანაშაულებდა მათ სიკვდილში და თ–ში მდებარე ბინის მასზე გადაფორმებას სთხოვდა, ასევე 60000 აშშ დოლარის გადაცემას. ჯ. შ–ს მხრიდან მუქარის ფაქტებს ადგილი 2022 წლის მაისიდან ჰქონდა, თუმცა 2022 წლის დეკემბრამდე ყურადღებას არ აქცევდა. 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით ჯ. შ– სოციალურ ქსელ „......“-ის საკუთარ კედელზე გამოქვეყნებული ვიდეოების მეშვეობით და „.........“-ის მეშვეობით დაზარალებულთან გაგზავნილი ხმოვანი და ტექსტური შეტყობინების სახით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ: დაემუქრა, რომ მას შემდეგ რაც პირობითი მსჯავრი დაუმთავრდებოდა, ის ჩავიდოდა ბ....ი და მოკლავდა მას. მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები მისმა მეუღლემაც მოისმინა. მუქარის თაობაზე, ასევე იცოდნენ მისმა შვილებმაც, რომლებსაც ასევე გაუჩნდათ შიში, რომ ბიძა ჩავიდოდა ბ....ი და მოკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯ. შ– ს–ში იყო, ხოლო თავად ბ....ი, მას გაუჩნდა რეალური შიში, ვინაიდან ჯ. შ–მა იცოდა სად ცხოვრობდა იგი. ამის გამო ვიდეო კამერებიც კი დააყენა. თავდაპირველად ბ-ს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა დახმარებისთვის, ხოლო მას შემდეგ, რაც ბ....ი განუცხადეს, რომ ტერიტორიული სხვაობის გამო ვერ დაეხმარებოდნენ, ძმისგან მალულად ჩამოვიდა ს–ში და პოლიციაში განაცხადა ჯ. შ–ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ.
5.6. შემაკავებელი №0----- ორდერითა და შემაკავებელი ორდერის თანდართული ოქმით დასტურდება, რომ 2023 წლის 3 თებერვალს, 01:14 საათზე ჯ. შ–ს მიმართ შსს .........ის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-.. სამმართველოს გამომძიებელ ვ-ს მიერ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ჯ. შ–ს მიერ ვ. შ–ს მიმართ 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის იანვრის თვეში, სოციალური ქსელის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის, ახლო ნათესავების სიცოცხლის მოსპობისა და საცხოვრებელი სახლის დაწვის მუქარის ფაქტებზე.
5.7. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ლაზერული დისკებით, რომელზეც ჩაწერილია ვ. შ–ს კუთვნილი „SAMSUNG S9“ მოდელის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, ჯ. შ–სა და ვ. შ–ს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობა, კერძოდ: პირველ აუდიოფაილში ვ. შ– მიმართავს ჯ. შ–ს და სთხოვს მუქარების შეწყვეტას „ჩემთან რეკვას თავი დაანებე, გასაგებია...ჯანდაბამდე გზა გქონია, მომაბეზრე თავი შენი მუქარებით, ყელში ამომიხვედი“.
მე-2 აუდიოფაილში ჯ. შ. მიმართავს ვ. შ–ს, კერძოდ ადანაშაულებს ბინის მითვისებაში და მშობლების მკვლელობაში, ასევე ეუბნება, რომ „ჩადენილი“ მარტივად არ გაუვა, ეუბნება, რომ „როგორც შენ დამტოვე მშობლების გარეშე, ასევე მე შენს შვილებს დავტოვებ მშობლების გარეშე“, ეუბნება „მე შენ ... ივლისის თვე“.
მე-3 აუდიოფაილის ჩანაწერში ვ. შ– ჯ. შ–ს ეუბნება, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების მუქარისთვის პასუხს აგებინებს სასამართლოში, „ჯ..., შენ გინდა მომკლა მე, ჩემი შვილები და ოჯახი, შენ ინანებ სასამართლოში“.
მე-4, მე-5, მე-7 და მე-8 აუდიოფაილში ჯ. შ– ძმას მშობლების მკვლელობაში სდებს ბრალს. ეუბნება, რომ მიმართავს ბ....ი მოსამართლეს, რომ გამოიკვლიოს მისი (ვ. შ–ს) მონაწილეობა და საეჭვო გარემოებები მშობლების სიკვდილში.
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 აუდიოფაილში ვ. შ. მუქარის გამო ლანძღავს ჯ. შ–ს, ეძახის ვირთხას, ემუქრება სასამართლოთი, „გინდა აქ ჩამოხვიდე და გადაგვჭრა მე და ჩემი ცოლი, მე წავალ ჩემ მშობლებთან, შენ კი დალპები, მთელი სახლი კამერებშია და პოლიციამ იცის ყველაფერი“.
მე-13, მე-14 და მე-15 აუდიოფაილში ჯ. შ. მიმართავს ვ. შ–ს სიტყვებით, რომ არ აინტერესებს მშობლები, რომლებმაც 16 წელს ბინა გადაუფორმეს (ვ. შ–ს), ბინა რომელიც ეკუთვნოდა მას, ასევე ეუბნება რომ „მე მეკუთვნის და მე მივიღებ, გპირდები, რომ ივლისის თვის შემდეგ სიხარული აღარაფერში გექნება, არც შენ და არც შენს ოჯახს“; ეუბნება, რომ ბინის მითვისებას ასე არ დატოვებს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე ეუბნება, რომ „მშობლების ცოდვებისთვის პასუხს შვილები აგებენ“, „ეძებე მიზეზი, შენ გინდა, რომ მეტად გამაბრაზო, ვზივარ და ველოდები, ეს იქნება 1 თვის, ერთი წლის თუ 10 წლის შემდეგ, როცა შენთან გადავწყვეტ ამ საქმეს დამიჯერე შენ ძალიან ინანებ და შეიძლება ესეც ვერ მოასწრო“, ასევე აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მე-17 აუდიოფაილში ჯ. შ– მიმართავს ვ. შ–ს, ეუბნება რომ „იმის გამო რომ შენ გაიფორმე ჩემი კუთვნილი სახლი, მხოლოდ ამის გამო საჭიროა შენი მოკვლა და ძაღლივით დაკვლა!“.
მე-19, 21-ე, 22-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 26-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე აუდიოფაილებში ვ. შ– მიმართავს ჯ. შ–ს, მუქარების გამო ლანძღავს და აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, უწოდებს მათხოვარს, ნარკომანს, პედოფილს, „შენ მე მომკლავ, მე მოვკვდები ერთხელ, შენ ყოველდღე კვდები, ესაა ნარკომანის ცხოვრება...გინდა რომ მშობლების გარეშე დატოვო ჩემი შვილები... გინდა მომკლა, დამჭრა, შენ მე მკლავ ფულის გამო...მოდი მომკალი, როგორ გინდა მომკლა და თავი მომჭრა, მოდი მომკალი, მითხარი თარიღი და მე ჩამოვალ. მე ერთხელ მოვკვდები და რას მიაღწევ რომ მომკლავ, გამდიდრდები? მითხარი როდის ჩამოვიდე და ჩამოვალ“.
35-ე, 36-ე, 37-ე აუდიოფაილებში ჯ. შ– მიმართავს ვ. შ–ს უყვირის, აგინებს და ემუქრება „გეუბნები, დააზღვიე სახლი, ცოლ-შვილი, რაც გიყვარს და გული გტკივა...შენ შეიძინე მტერი, არ გაპატიებ... უყურე შენს სახლს იგივე არ დაემართოს რაც მშობლების სახლს, შენიანად და შენს შვილებთან ერთად“.
42-ე აუდიოფაილში ჯ. შ– მიმართავს ვ. შ–ს შემდეგი სიტყვებით: „როცა ბინაზე გადამაგდე შენს განაჩენს მოაწერე ხელი, ღმერთს ვფიცავ ნაძირალა, ახლა ამ სიტყვებისთვისაც...დამელოდე ნაძირალა“.
43-ე და 44-ე აუდიოფაილში ვ. შ– მიმართავს ჯ. შ–ს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნება რომ არის ნარკომანი, ეუბნება „თუ მოკვლა გინდა მოდი და მომკალი, მაგრამ მშობლების ბინას მაინც ვერ მიიღებ, მერე რომ ნარკოტიკებში გადაცვალო, მთხოვეს გეცხოვრა ამ სახლში, შენ კი გინდა ეს ფული გაანიავო“.
45-ე და 46-ე აუდიოფაილში ჯ. შ– მიმართავს ვ. შ–ს, ეუბნება „ჩემზე ნერვიულობ რომ ქუჩაში არ დავრჩე, ნახავ შენი შვილები სად დარჩებიან, დააზღვიე შენი სახლი სანამ მე ჩამოვალ, ფრთხილად იყავი იმასაც იგივე არ დაემართოს, რაც მშობლების სახლს, ივლისის თვე, ღმერთიც ვერ გადაგარჩენს ვერც შენ ვერც შენს შვილებს...დამელოდე!“.
48-ე, 49-ე, 50-ე და 51-ე აუდიოფაილში ვ. შ– მიმართავს ჯ. შ–ს, ეუბნება რომ მალე მაგ სახლიდანაც გამოვარდება, აღარ ექნება მასთან კონტაქტი და მიმართავს სასამართლოს.
5.8. 2023 წლის 17 მარტის №... ფონოსკოპიური ექსპეტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება და ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე ჯ. შ–ს ხმა ერთმანეთის იდენტურია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურებულია ექსპერტ დ–ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით.
5.9. საკასაციო სასამართლო აფასებს დაზარალებულის ჩვენებას და განმარტავს, რომ დაზარალებულმა ვ. შ–მა კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა ჯ. შ–ს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დისკებით, რომელზეც ჩაწერილია ვ. შ–ს კუთვნილი „SAMSUNG S9“ მოდელის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და 2023 წლის 17 მარტის №..... ფონოსკოპიური ექსპეტიზის დასკვნით.
5.10. ამდენად, დაზარალებულისა და ზემოთხსენებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2022 წლის დეკემბრის თვიდან 2023 წლის თებერვლამდე დროის პერიოდში ჯ. შ. სოციალური ქსელის მეშვეობით სისტემატურად ახორციელებდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას ბ..... მცხოვრები ძმის – ვ. შ–ს მიმართ, კერძოდ ეუბნებოდა, რომ არ გაახარებდა, დაუობლებდა შვილებს, გაიზიარებდა დაღუპული მშობლების ბედს, ხოლო დაზარალებულმა მსჯავრდებულის მუქარა აღიქვა რეალურად, მისი პიროვნებისა და წარსული ქმედებების გათვალისწინებით. დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ მისი ძმა, მას ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ხოლო ფაქტი, რომ სადავო ფონოგრამებში მოსაუბრე მამაკაცი არის ჯ. შ– დადასტურებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ დ–ის ჩვენებით.
5.11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ ვ. შ–ს დამცინავი პასუხები გამორიცხავს დაზარალებულის მიერ მუქარის რეალუარად აღქმას. აუდიოფალებით ნამდვილად დასტურდება დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაცია ყოფით და მატერიალურ ნიადაგზე, თუმცა, ასევე ცალსახად დადასტურდა ჯ. შ–ს მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტები, რაზეც დაზარალებული რიგ შემთხვევებში აგულიანებს მსჯავრდებულს და თანაც მიმართავს, რომ სახლი დაცულია ვიდეოკამერებით, ხოლო რიგ შემთხვევაში აფრთხილებს, რომ მიმართავს სამართალდამცავებს და სასამართლოს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დაზარალებულის მხრიდან საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობას.
5.12. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. ამ საკითხის შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმით. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დამმუქრებლის პიროვნება, ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, ფორმა, ინტენსივობა და სხვა.
5.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ჯ. შ–ს აგრესიული მიმართვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რომელიც ნებისმიერ ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს შეუქმნიდა განცდას მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. ამასთან, დამმუქრებლის პიროვნების, დამნაშავესა და მსხვერპლს შორის გამწვავებული ურთიერთდამოკიდებულების, მუქარის გამოხატვის ხერხისა და დაზარალებულის განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის – მუქარის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.
5.14. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელია, როგორც ფაქტების უტყუარი დადასტურება, ისე – მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტის დადასტურებულად მიჩნევა, რაც ქმნის დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას და სახეზეა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
6. სასჯელის დასაბუთება:
6.1. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტური და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს, ასევე განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
6.4. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.5. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც ჯ. შ–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.6. სასჯელის თანაზომიერება მიზნად ისახავს მიღწეული იქნეს ბალანსი პირის დასჯის ხარისხსა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ლეგიტიმურ ინტერესებს შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში მიღწევადია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში. დანაშაულის ხასიათი და ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება ასახულია შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებში და ამ კუთხით არ არსებობს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები.
6.7. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
6.8. სასჯელის დანიშვნისას საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს, მის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, ასევე იმ გარემოებას, რომ ჯ. შ–მა აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა განზრახი დანაშაულისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში. ამდენად, ჯ. შ–ს მიმართ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი რეციდივის გათვალისწინების საფუძველი, რის გამოც მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან, ასევე უზრუნველყოფს მომავალში საზოგადოებაში მის უსაფრთხო რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნების მიღწევას.
6.9. ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ჯ. შ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი განზრახი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი უნდა დაენიშნოს ამ კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ჯ. შ–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ჯ. შ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს – 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
6.10. ამასთან, ვინაიდან ჯ. შ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის 1 ივლისამდე, მის მიმართ უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი.
6.11. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11-ე ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 11-ე ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
6.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის რათა პირზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება, შესაბამისი მუხლებით მსჯავრდების გარდა, აუცილებელია კუმულაციურად რამდენიმე პირობის დაკმაყოფილება, კერძოდ: 1) მსჯავრდებული უნდა იყოს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე; 2) თითოეულმა დაზარალებულმა ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობა უნდა განაცხადოს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია; 3) მსჯავრდებული თანახმა უნდა იყოს მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი. ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი პირობის დაუკმაყოფილებლობა გამორიცხავს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენების შესაძლებლობას.
6.13. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ხოლო მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
6.14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებში და პირად საქმეში წარმოდგენილი არ არის დაზარალებულის – ვ. შ–ს თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების შესახებ, ასევე ჯ. შ– დანაშაულის ჩადენის დროს იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი - არ არსებობს ჯ. შ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გავრცელების საფუძველი. ამასთან, ვინაიდან მსჯავრდებულის პირად საქმეში მოთავსებულია მსჯავრდებულის თანხმობა მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, ჯ. შ–ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.
6.15. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.
6.16. რაც შეეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს (რომლის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა უნდა დაემატოს ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს), მოცემულ შემთხვევაშიც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულ ჯ. შ–ს მიმართ ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების თაობაზე. შესაბამისად, ამ პირობებში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე ამნისტიის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის გავრცელების საფუძველი.
6.17. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ. შ–ს მიმართ გამოცემული უნდა იქნეს დამცავი ორდერი, – 3 თვით, იმ ვადით, რა ვადითაც ამნისტიის შედეგად შეუმცირდება სასჯელი.
6.18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჯ. შ–სა და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ნ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ჯ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის თანახმად, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივლისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ჯ. შ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. ჯ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს – 2024 წლის 8 ივლისიდან;
7. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჯ. შ–ს მიმართ გამოიცეს დამცავი ორდერი 3 თვით (იმ ვადით, რა ვადითაც პირს ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი) ჯ. შ–ს აეკრძალოს: დაზარალებულ ვ. შ–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის დამყარება, ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, როგორც ვერბალურად, ასევე, მიმოწერის გზით, სოციალური ქსელების, ან სხვა ნებისმიერი საშუალების გამოყენებით; მის საცხოვრებელ, სამუშაო, ან სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც დაზარალებული იმყოფება, ასევე, პირადად დაზარალებულთან მიახლოება;
8. დამცავი ორდერი ძალაში შედის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე;
9. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ მის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით;
10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია;
11. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
– ვ. შ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და ჯ. შ–ს ხმის ნიმუში, დალუქულ მდგომარეობაში ერთ პაკეტად, ვ. შ–ს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის სხდომის აუდიოჩანაწერი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;
13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე