Facebook Twitter

საქმე N 010141224010155410

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №311-25 17 თებერვალი, 2025 წელი

შ–ე ჯ., N311-25 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. შ–ს საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 6 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას მიმართა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ა–სა და გუ–ს პრობაციის ბიუროს უფროსმა, ჯ. შ–ს (პ/ნ ........) მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით, ჯ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით, ჯ. შ–ს მიმართ გავრცელდა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება, კერძოდ: მსჯავრდებულ ჯ. შ–ს, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდა, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და განესაზღვრა 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. ასევე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადობისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით და განესაზღვრა – საზოგადობისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. ხსენებული განჩინება ჯ. შ–ს ჩაბარდა 2025 წლის 27 იანვარს.

4. 2025 წლის 29 იანვარს ჯ. შ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

3. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

4. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით: ა) პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად; ბ) პირობით ვადამდეა გათავისუფლებული.

5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენების წინაპირობაა, რომ მსჯავრდებულს დანიშნული ჰქონდეს პირობითი მსჯავრი და მის მიმართ დაწყებული იყოს სამართლებრივი აქტის აღსრულება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე და ჯ. შ–ს ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად. შესაბამისად, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ჯ. შ–ე იყო პირობით მსჯავრდებული, რომლის მიმართაც სამართლებრივი აქტის აღსრულება დაიწყო განაჩენის მიღების დღიდან.

6. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. შ–ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ: ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით ჯ. შ–ს მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით უნდა შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას 1 წლითა და 8 თვით.

7. რაც შეეხება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120 საათის ვადით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, აღნიშნული განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – საზოგადოებისათვის სასრგებლო შრომა ჯ. შ–ს სრულად აქვს მოხდილი. შესაბამისად, მოხდილ სასჯელზე ვერ გავრცელდება ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. შ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. შ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში.

3. მსჯავრდებულ ჯ. შ–ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეუმცირდეს 1 წლით და განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. მასვე, ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 2 წლით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და 1 წლითა და 8 თვით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ვადით, მოხდილია.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე