Facebook Twitter

ბს-260-203-კ-05 16 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე),

ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),

ი. ტყეშელაშვილი

დავის საგანი: კრედიტორად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 10 ივლისს სს “ა-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ლ-ემ სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებელ დ. მ-ისა და მესამე პირის _ ი. მ-ის მიმართ.

მოსარჩელის მითითებით, ვანის რაიონული სასამართლოს 1998წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ა-ას” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 35730 ლარის, ხოლო ქ. ქუთაისის სანოტარო ბიუროდან შემოსული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე _ “თ-ი” ბანკის ქუთაისის ფილიალის სასარგებლოდ 11456 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 1999 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაიწყო იძულებითი აღსრულება.

მოსარჩელის მითითებით, ვინაიდან ქარხანამ ვერ შეძლო ვალის გადახდა, 2000წ. 4 იანვარს ჩატარდა პირველი იძულებითი აუქციონი, რომელზეც გაიყიდა სს “ა-ის” უძრავი ქონების ნაწილი. 2001წ. 30 ივლისს ჩატარდა განმეორებითი იძულებითი აუქციონი და მთლიანად გაიყიდა საწარმოს დარჩენილი ქონება, რომელიც 61000 ლარად შეიძინა ი. მ-ემ.

მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. 30 ივლისს განმეორებითი იძულებითი აუქციონი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, დაირღვა “საქართველოს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნები. აუქციონის მოწყობის შესახებ განცხადება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით არ გამოცხადებულა და არც სათანადო უწყების ჩაბარებით იყვნენ მხარეები მიწვეული აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, რის გამოც მათთვის უცნობი იყო აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აუქციონის ჩატარებისას ასევე დაირღვა ზემოაღნიშნული კანონის 77-ე მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, თუ პირველი აუქციონის დროს არ მოხდა შესაბამისი შეთავაზება, მაშინ აღმასრულებელი ნიშნავს განმეორებით აუქციონს, ხოლო ვადა პირველ და მეორე აუქციონებს შორის უნდა იყოს არანაკლებ ორი კვირისა და არა უმეტეს ექვსი თვისა. მოცემულ შემთხვევაში კი, განმეორებითი აუქციონი მოეწყო ერთი წლის, ექვსი თვისა და ოცდაექვსი დღის გასვლის შემდეგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2001წ. 30 ივლისის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და ნივთის მის მფლობელობაში დაბრუნება.

სს “ა-ის” სარჩელი არ ცნო მოპასუხემ – იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებელმა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ოქტომბრის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე, სს “ა-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ა. ლ-ე, შეიცვალა სათანადო მოსარჩელით, ამავე საწარმოს დირექტორ დ. ფ-ით.

2003წ. 10 ნოემბერს თავდაპირველ სარჩელში მითითებულმა მესამე პირმა ი. მ-ემ ვანის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხეების _ სს “ა-ისა” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებელ დ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ვანის სასამართლო აღმასრულებლისთვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 6300 ლარის გადახდისა და ახალი აუქციონის ჩატარების დაკისრება, სადაც კრედიტორად მიწვეული იქნებოდა შპს “ს-ე”, ხელახალ აუქციონზე სს “ა-ის” უძრავ-მოძრავი ქონების საწყის ღირებულების განსაზღვრა 162673 ლარად და აღნიშნული თანხის მის სასარგებლოდ სს “ა-ის” დირექტორ დაზმირ ფ-ისთვის დაკისრება.

მესამე პირის განმარტებით, 2001წ. 10 ივლისს ჩატარებულ იძულებით აუქციონზე მან შეიძინა სს “ა-ის ქარხნის” უძრავ-მოძრავი ქონება, რაშიც გადაიხადა 61000 ლარი. აღნიშნულის ბაზაზე ი. მ-ემ დააფუძნა შპს “ს-ე”, შენობას ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, აღდგენითი სამუშაოები და შეიძინა საწარმოსთვის აუცილებელი ახალი ნივთები, რის საფუძველზეც უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა 162673 ლარამდე.

მესამე პირმა აღნიშნა, რომ სს “ა-ამ” ითხოვა აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა და ნივთის კანონიერ მფლობელობაში დაბრუნება, ანუ სადავო აქტის ბათილობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადება ნიშნავს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რა შემთხვევაშიც მხარეები ვალდებული არიან, დააბრუნონ მიღებული სიკეთე და აღადგინონ პირვანდელი მდგომარეობა. მესამე პირის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად სს “ა-ა” უსაფუძვლოდ გამდიდრდებოდა, ვინაიდან აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მას დაუბრუნდებოდა გაუმჯობესებული, აღდგენილი უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 162673 ლარს.

მოსარჩელის განმარტებით, მას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებლის მიმართ გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება და საფუძველი აუქციონის კანონიერების თაობაზე.

ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ნოემბრის განჩინებით ორივე სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად, ხოლო იმავე სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ა-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ვანის რაიონის სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2001წ. 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგები; მესამე პირის _ შპს “ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვანის რაიონული სასამართლოს აღმასრულებელ დ. მ-ს დაევალა ხელახალი აუქციონის ჩატარება, რა დროსაც კრედიტორად ცნობილი უნდა ყოფილიყო შპს “ს-ე” სს “ა-ის” იმ დროისათვის არსებული საბალანსო ღირებულებიდან გამომდინარე; შპს “ს-ეს” უარი ეთქვა მოპასუხისათვის იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის რაიონული სასამართლოს აღმასრულებელ დ. მ-ისთვის ქონების დაყადაღებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.

საქმე არაერთგზის განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ. საბოლოოდ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “ა-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას კრედიტორად შპს “ს-ის” ცნობის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ა-ის” საბალანსო ღირებულებით განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას შპს “ს-ის” კრედიტორად ცნობის ნაწილში, რადგან პალატის მითითებით, აუქციონის ბათილად ცნობის გამო, სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია, აუქციონი ჩაატაროს კანონით დადგენილი წესების დაცვით, შესაბამისად, უნდა აღსდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რის გამოც, სააპელაციო პალატის აზრით, შპს “ს-ე” არ შეიძლება ცნობილ იქნეს კრედიტორად, რადგან კრედიტორებს, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტი და “თ-ი” ბანკის ქუთაისის ფილიალი.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ჩატარებული აუქციონი წარმოადგენს ქონების გაყიდვის მიზნით დადებულ ადმინისტრაციულ გარიგებას, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობით ბათილია ნასყიდობის შესახებ მხარეთა შორის არსებული გარიგებაც. სკ-ის 978-ე მუხლის შესაბამისად კი უნდა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა, რის გამოც კრედიტორებად მიჩნეულ უნდა იქნენ სახელმწიფო ბიუჯეტი და “თ-ი” ბანკის ქუთაისის ფილიალი და არა შპს “ს-ე”.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს “ს-ე” და ი. მ-ე სკ-ის 986-ე, 987-ე მუხლების შესაბამისად, უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მათ მიერ გაწეული, ხარჯების ანაზღაურება აუქციონზე შეძენილი ქონების გასაუმჯობესებლად. თუმცა, სააპელაციო პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ ი. მ-ეს 162279 ლარის მოთხოვნით აღძრული ჰქონდა შეგებებული სარჩელი რაიონულ სასამართლოში, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა, ხოლო რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება ი. მ-ეს არ გაუსაჩივრებია, რის გამოც პალატის მითითებით, სსკ-ის 384-ე მუხლის შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს “ს-ემ” და ი. მ-ემ.

შპს “ს-ემ” მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს “ა-ის” საბაზრო ღირებულებით ახალი აუქციონის ჩატარება და შპს “ს-ის” კრედიტორად ცნობა, ასევე, სს “ა-ისათვის” შპს “ს-ის” სასარგებლოდ 122673 ლარის გადახდის დაკისრება.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 317-ე, 159-ე, 187-ე, 986-ე და 987-ე მუხლები.

კასატორის განმარტებით, ი. მ-ემ 2001წ. 30 ივნისს ჩატარებულ აუქციონზე შეიძინა სს “ა-ის” უძრავ-მოძრავი ქონება 61000 ლარად, რის გამოც, აღნიშნული ქონება გადავიდა შპს “ს-ის” საკუთრებაში და აღირიცხა მის ბალანსზე. შპს “ს-ემ” მისთვის გადაცემულ ქონებას ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, გასწია ხარჯები, რითაც ქონების ღირებულება გაიზარდა 102679 ლარამდე. კასატორის მითითებით, ვინაიდან ვანის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2003წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აუქციონის შედეგები, მხარეები ვალდებული არიან დააბრუნონ ის, რაც მიიღეს გარიგების შედეგად და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა. შესაბამისად, კასატორის აზრით, სს “ა-ას” უნდა დაუბრუნდეს გაუმჯობესებული ქონება, აღარ იარსებებენ კრედიტორები, ხოლო შპს “ს-ე” უფლებამოსილი იქნება სკ-ის 986-987-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გასწია აუქციონზე შეძენილი ქონების გასაუმჯობესებლად.

ფაქტობრივად იმავე საფუძვლით მოითხოვა კასატორმა _ ი. მ-ემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს “ა-ისათვის” ი. მ-ის სასარგებლოდ 122673 ლარის, ხოლო სააღსრულებო ბიუროსათვის 6300 ლარის გადახდის დაკისრება და ხელახალი აუქციონის ჩატარება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს-ისა” და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტული დავა წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ სამართლებრივ, არამედ სამოქალაქო სამართლებრივ დავას, რის გამოც საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, ამიტომ საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს, კერძოდ, საქმის მასალების თანახმად, 2003 წელს აღძრული სარჩელით სს “ა-ა” ითხოვდა 2001წ. 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას, რომელზეც გასხვისდა სს “ა-ის” უძრავ-მოძრავი ქონება და აღნიშნული ქონების მის მფლობელობაში დაბრუნებას. იმავე წელსვე სარჩელი აღძრა მესამე პირმა _ ი. მ-ემ და მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება და ახალი აუქციონის ჩატარების დავალება აღმასრულებლისათვის, ხელახალ აუქციონზე კრედიტორად შპს “ს-ეს” მოწვევა და სს “ა-ისათვის” თანხის დაკისრება. ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგები, აღმასრულელს დაევალა ხელახალი აუქციონის ჩატარება და კრედიტორად შპს “ს-ის” ცნობა, ხოლო ამ უკანასკნელს ზიანის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ვანის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სს “ა-ის” სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა ნაწილობრივ, განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას კრედიტორად შპს “ს-ეს” მიჩნევის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში ვანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, თანახმად სსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტისა, კერძოდ, კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში. ამჟამად დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ხელახალი აუქციონის ჩატარებისას შპს “ს-ის” კრედიტორად ცნობა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად დავათა კატეგორიას, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიის მიკუთვნებისათვის აუცილებელია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახოლო ნათესავის, ან მასთან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელახალი აუქციონის ჩატარებისას საწარმოს კრედიტორად ცნობა არ წარმოადგენს დავის საგანს, არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ არც ერთ პირობას, იგი არის კერძო სამართლებრივი ხასიათის და უნდა გადაწყდეს არა ადმინისტრაციული წარმოების, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების გზით, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა სს “ა-ასა” და შპს “ს-ეს” შორის ვალდებულება, რის საფუძველზეც შპს “ს-ეს” მოთხოვნის უფლება წარმოეშობა “ა-ის” მიმართ.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კონკრეტული დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ დავას, საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ _ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ, რის გამოც შპს “ს-ისა” და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს 2005წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “ს-ისა” და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.