Facebook Twitter

საქმე # 330100123007501812

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№967აპ-24 23 იანვარი, 2025 წელი

ა. თ., 967აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლევან თევზაზე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ს-სა და ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. ს-მ და ნ. თ-მ, რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლოა. გამამტყუნებელი განაჩენი დაფუძნებულია მოწმე ნ. ზ-ს მამხილბელ ჩვენებაზე, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა თ. ა-სა და ნ. ზ-ს პირველი შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ან სხვა რაიმე ობიექტური სამხილი, რომელიც მის მონათხრობს დაადასტურებდა. გამოძიებას არ ამოუღია სკვერში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც ნ. ზ-ს მტკიცებით, გაეცნო მას თ. ა. და შესთავაზა ნარკოტიკის შეძენა. ნ. ზ-ს ჩვენების მიხედვით, პირველი საკონტროლო შესყიდვისას, ჩამწერი მოწყობილობით არ აღიჭურვა, რადგან მსჯავრდებული იყო ფრთხილი, რაც ეწინააღმდეგება მისსავე მითითებას, რომ თ. ა-ს მანამდე არ იცნობდა. მოწმე დ. ბ-მ დაადასტურა, რომ პირველი საკონტროლო შესყიდვის დროს, თვალს ადევნებდა ნ. ზ-სა და თ. ა-ს შეხვედრას, რომელიც, ნ. ზ-ს მსგავსად, არც მას გადაუღია. არ არის გამოთხოვილი ნ. ზ-ს და თ. ა-ს სატელეფონო კავშირის ამსახველი ამონაწერები, რომლებიც მათ ხანგრძლივ და, სულ სხვა შინაარსის ნაცნობობას დაადასტურებდა. არც მათი სატელეფონო კომუნიკაცია გადაღებულა. ბრალდების მხარეს არ გამოუკითხავს ისეთი მნიშვნელოვანი მოწმე, როგორიც იყო გ. ყ., რომლის ანგარიშზეც რიცხავდა თანხებს ნ. ზ.. 2023 წლის 22 და 26 აპრილის ეპიზოდებთან მიმართებით, სასამართლოს წარედგინა ვიდეოჩანაწერები, თუმცა წყვეტილი სახით და, ამავდროულად, არ არის ჩატარებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომლითაც მოხდებოდა ფიგურანტების იდენტიფიკაცია. ვიდეოჩანაწერებში ჩანს მესამე პირები, რომელთა ვინაობა და საქმესთან მათი კავშირი, გამოძიებას არ დაუდგენია. არ არის გადაღებული ნ. ზ-საგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღჭურვილი იყო ჩამწერი მოწყობილობით. თ. ა. დაკავებულია 2023 წლის 16 მაისს, მაშინ, როდესაც გამოძიება, სულ მცირე, 2023 წლის 20 აპრილიდან, სისტემატურად, აკვირდებოდა მას და, გარდა ნ. ზ-ს სადავო ეპიზოდებისა, ნარკოტიკული საშუალება არავისთვის მიუსაღებია. მსჯავრდებულის პირადი და მისი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკი არ აღმოჩენილა. არ ჩატარებულა ბიოლოგიური ან დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რომლებიც ნ. ზ-საგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან თ. ა-ს კავშირს დაადასტურებდა. ნ. ზ-სა და იმ პირის, რომელიც ბრალდების მტკიცებით, თ. ა., კომუნიკაცია მიუთითებს, რომ იგი არა გამსაღებელი, არამედ – შეძენაში დამხმარეა. სასამართლომ განაჩენში არ ასახა თ. ა-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ ნ. ზ-ს დაჟინებული თხოვნით, დაეხმარა მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში, რომლებიც მისთვის არასდროს მიუსაღებია. კასატორის მითითებით, ასევე უსამართლოა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უსამართლოა, რამეთუ დაუსაბუთებელია, რატომ ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის უფრო მსუბუქი ზომა მისი მიზნების შესრულებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით თ. ა., – ...., – ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და თ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 16 მაისიდან. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – თ. ს-მ და ნ. თ-მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. დადგინდა რომ თ. ა-მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

5.1. 2023 წლის 20 აპრილს, თ-ს მიმდებარედ, თ. ა-მ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს) შემცველი ნივთიერება, წონით – 0,0826 გრამი, რომელიც შეიცავს 0,05133 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს), უკანონოდ მიასაღა ნ. ზ-ს, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს მისგან საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

5.2. 2023 წლის 22 აპრილს, ქ. თ-ს მიმდებარედ, თ. ა-მ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს) შემცველი ნივთიერება, წონით – 0,1760 გრამი, რომელიც შეიცავს 0,16896 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს), უკანონოდ მიასაღა ნ. ზ-ს, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს მისგან საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

5.3. 2023 წლის 26 აპრილს, ...., თ. ა-მ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს) შემცველი ნივთიერება, წონით – 0,1708 გრამი, რომელიც შეიცავს 0,10248 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს), უკანონოდ მიასაღა ნ. ზ-ს, რომელიც იმავე დღეს ამოიღეს მისგან საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კასატორების საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009).

3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას თ. ა-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რამეთუ საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებზეც არგუმენტირებულად იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

4. მოწმე ნ. ზ-ს ჩვენების თანახმად, 2023 წლის 20 აპრილს, ... უბნის მიმდებარე სკვერში გაეცნო თ. ა. და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინის“ შეძენა. ვინაიდან იმ მომენტში თანხა არ ჰქონდა, შემდგომი კომუნიკაციის მიზნით, გაცვალეს ტელეფონის ნომრები. თ. ა-მ ასევე შესთავაზა ნარკოტიკული საშუალებების მასთან ერთად მოხმარება, რადგან, მისი თქმით, თავადაც ნარკომომხმარებელი იყო, რაზეც უარი უთხრა. ამ შეხვედრის შემდეგ განცხადებით მიმართა სამართალდამცავებს და თანხმობა განაცხადა, დამნაშავის მხილების მიზნით, მათთან თანამშრომლობაზე.

5. მოქალაქე ნ. ზ-ს 2023 წლის 20 აპრილის განცხადების მიხედვით, თ. ა. არის ნარკოტიკების გამსაღებელი, ნარკოტიკულ საშუალება ,,ამფეტამინს“, ოდენობების მიხედვით, ყიდის 200-დან 400 ლარამდე ფასად. ნ. ზ-მ განაცხადა თანხმობა, ეთანამშრომლა სამართალდამცავებთან და თ. ა-ს დანაშაულებრივ საქმიანობაში მხილების მიზნით, აღჭურვილიყო ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობით.

6. ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 20 აპრილის ოქმის მიხედვით, გამომძიებელმა – ო. ჩ-მ – ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ნ. ზ-ს გადასცა 200 ლარი, ასლარიანი კუპიურებით.

7. მოწმე ნ. ზ-ს ჩვენებით, ასევე დასტურდება, რომ 2023 წლის 20 აპრილს, საკონტროლო შესყიდვის მიზნით გამომძიებელმა გადასცა 200 ლარი. იმავე დღეს, დაუკავშირდა თ. ა-ს და ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, შეხვდა იქვე, სადაც გაიცნო. შეხვედრისას თ. ა-მ, 200 ლარის სანაცვლოდ, გადასცა მას პაკეტში გახვეული ნარკოტიკული საშუალება. ამ დროს, პერიმეტრს აკონტროლებდნენ პოლიციელები, რომლებმაც შეხვედრის დასრულებისთანავე წაიყვანეს გამომძიებელთან, რომელსაც წარუდგინა თ. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

8. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – დ. ბ-ს – ჩვენებით დგინდება, რომ 2023 წლის 20 აპრილს, .... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვიზუალურად აკონტროლებდა ნ. ზ-სა და თ. ა–ს შეხვედრას, რა დროსაც ნ. ზ-მ გადასცა თანხა მსჯავრდებულს, სანაცვლოდ კი, მიიღო მისგან ნარკოტიკული საშუალება. შეხვედრის შემდეგ, ნ. ზ. ავტომანქანით წაიყვანა ... ქუჩისკენ, სადაც მან გამომძიებელს წარუდგინა თ. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკი.

9. ამოღების ოქმის მიხედვით, 2023 წლის 20 აპრილს, 16:45-17:00 საათზე, .... მიმდებარედ, გამომძიებელმა – ქ. ც-მ – ნ. ზ--საგან ამოიღო თეთრი ქაღალდის ნაჭერში გახვეული ფხვილისებრი ნივთიერება, რომელიც ნ. ზ-ს განმარტებით, არის ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, რომელიც იმავე დღეს იყიდა თ. ა-საგან.

10. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა – ქ. ც-მ – დაადასტურა მის მიერ 2023 წლის 20 აპრილს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება – ნ. ზ-საგან საკონტროლოდ შესყიდული ნარკოტიკული საშუალების ამოღება – რომელიც განხორციელდა .... მიმდებარედ. ამოღების ოქმზე ნ. ზ-ს შენიშვნის მიხედვით, ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იმავე დღეს შეიძინა თ. ა-სგან.

11. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, თეთრი ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება წონით – 0,0826 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს).

12. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 17 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, 2023 წლის 21 აპრილის გაცემული №... ექსპერტის დასკვნის თანახმად, მოყავისფრო, სპეციფიკური სუნის მქონე ნივთიერება წონით – 0,0826 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს), რაოდენობით – 0,05133 გრამს.

13. ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 21 აპრილის ოქმის მიხედვით, გამომძიებელმა – ო. ჩ-მ – ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ნ. ზ-ს გადასცა 200 ლარი, ასლარიანი კუპიურებით.

14. მოწმე ნ. ზ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მეორე საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გამომძიებელმა კვლავ გადასცა 200 ლარი. დაუკავშირდა მსჯავრდებულს და 2023 წლის 21 აპრილს მის მიერ მითითებულ ანგარიშზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სწრაფი ჩარიცხვის აპარატით გადარიცხა 200 ლარი, ქვითარი კი წარუდგინა გამომძიებელს. თანხის ჩარიცხვიდან მეორე დღეს შეხვდა მსჯავრდებულს, რომელმაც თემქაზე არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში გადასცა პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალება. შეხვედრისას პერიმეტრს აკონტროლებდნენ პოლიციელები, რომლებმაც შეხვედრის დასრულებისთანავე წაიყვანეს გამომძიებელთან, რომელსაც წარუდგინა თ. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება.

15. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 21 აპრილს, ... მიმდებარედ არსებული, „....“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე, ნ--- ზ-----–-–---–ი ირჩევს სასურველ ფუნქციებს და შეჰყავს მონაცემები, პარალელურად კი საუბრობს ტელეფონზე: „ – აგერ, ეხლა ვრიცხავ და კოდი მოგივა და მითხარი“, რის შემდეგაც არჩეული ფუნქციით: „პირადი ნომრის იდენტიფიკაცია“ შეჰყავს – ..., შემდეგ საიდენტიფიკაციო, ოთხნიშნა კოდი – ..., რომელსაც ჰკარნახობს მას ტელეფონით თანამოსაუბრე და გ. ყ-ს ლარის ანგარიშზე რიცხავს ორ ასლარიან კუპიურას, ბეჭდავს გადახდის დამადასტურებელ ქვითარს და ასრულებს გადარიცხვას.

16. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებში ასახულია 2023 წლის 22 აპრილს, .... მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო დასახლების ქუჩაზე მიმავალი თ. ა., რომელსაც უკან მიჰყვება ნ. ზ. და კიდევ ერთი მამაკაცი. სამივე შედის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში. თ. ა. შედის სახლში და ნ. ზ-საც ეპატიჟება, რომელიც, თავის მხრივ, უარს ეუბნება იმ საბაბით, რომ ტაქსი ელოდება. თ. ა. სთხოვს, გაუშვას ტაქსი, რაზეც ნ. ზ. ისევ უარს ეუბნება და გარეთ რჩება. თ. ა. მალევე გამოდის, იქვე, ეზოში, ხეივნის ქვეშ მოწყობილ ხის მაგიდასთან ჯდება და ესაუბრება ნ. ზ-ს: „ – „იმენა“ ორი კაცის სამყოფს გადაგიღებ, მოდი, დაჯე... როგორ გადავიღო მაგის დედა ვატირე?“. ნ. ზ.: „ – დამარეკინო შეგიძლია?“ თ. ა.: „ – როგორ არ შემიძლია?“ ნ. ზ.: „ – „დავაი!“ თ. ა.: „ – მაიცა, ერთი წამი რა...“ და ცდილობს გაყოს თეთრი ფერის ფხვნილი. ნ. ზ. იღებს ჯიბიდან სიგარეტის კოლოფს, საიდანაც იღებს სიგარეტებს, მაგიდაზე ალაგებს და კოლოფს აცლის ფოლგის ქაღალდს, რომელსაც ხევს და აწვდის თ. ა-ს. თ. ა.: „ – აჰა!“, თან აწვდის თავის ტელეფონს. ამბობს: „ – ცოტაა?“. იგი ხელით მაღლა სწევს პატარა, ერთჯერად გამჭირვალე პაკეტში ჩაყრილ თეთრ ფხვნილს და ათვალიერებს. ისმის მობილურზე ქალის საუბარი, თ. ა. მამაკაცს ესაუბრება: „ – „გუშინ ამდენი იყო... აი, ასე იქნებოდა რა...“, რა დროსაც აგრძელებს თეთრი ფხვნილის გაყოფას. ნ. ზ. ეუბნება: „ – კაი, კაი, კაი, საკმარისია...“, იღებს ხელში და ახლოდან ათვალიერებს პატარა პაკეტში ჩაყრილ ფხვნილს. ნ. ზ-ს შეკითხვაზე: „ – ხომ დამირეკავ?“, თ. ა. პასუხობს: „ – რა ვიცი, დაგირეკავ... მე უნდა გამოვიდე?“ ნ. ზ.: „ – არა, არა, თვითონ მოვალ“. თ. ა. „ – „კაროჩე“ შენ ეხლა ნუ...“. ნ. ზ.: „ – მამის სულს ვფიცავარ, მეტი რა გითხრა?“ თ. ა.: „ – ხო, კაი.“

17. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 2 ივნისის №... ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – დ. გ-ს – ჩვენებით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

18. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – ე. მ-ს – ჩვენებით დგინდება, რომ 2023 წლის 21 აპრილს, ნ. ზ. დაუკავშირდა თ. ა-ს, რომელიც 200 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა ნარკოტიკის გადაცემას. ნ. ზ-მ, მისი ვიზუალური კონტროლის პირობებში, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატით თ. ა-ს ჩაურიცხა 200 ლარი. 2023 წლის 22 აპრილს ნ. ზ., მსჯავრდებულის მითითების შესაბამისად, მიიყვანა ... მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდნენ თ. ა. და ნ. ზ.. შეხვედრის შემდეგ ნ. ზ. წაიყვანა გამომძიებელთან, რომელსაც მან თ. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკი წარუდგინა.

19. ამოღების ოქმის მიხედვით, 2023 წლის 22 აპრილს, 13:05-13:20 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელმა – ო. ჩ-მ – ნ. ზ-საგან ამოიღო გაჭვირვალე, პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული ნივთიერება, რომელიც ნ. ზ-ს განმარტებით, არის ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, რომელიც იმავე დღეს შეიძინა თ. ა-საგან.

20. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, უფერო, გამჭვირვალე, პოლიმერული მასალის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოთეთრო, ფხვიერი ნივთიერება წონით – 0,1760 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს).

21. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 17 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, მოთეთრო, ფხვიერი ნივთიერება, წონით – 0,1760 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს), 0,1689 გრამს.

22. ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ 2023 წლის 25 და 26 აპრილის ოქმების მიხედვით, გამომძიებელმა – ო. ჩ-მ – ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ნ. ზ-ს გადასცა 200-200 ლარი, ასლარიანი კუპიურებით.

23. მოწმე ნ. ზ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ მესამე საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გამომძიებლის მიერ გადაცემული თანხა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან კვლავ ჩარიცხა თ. ა-ს მიერ მითითებულ ანგარიშის ნომერზე. 2023 წლის 26 აპრილს ნარკოტიკული საშუალების მისაღებად პოლიციელებმა მიიყვანეს მსჯავრდებულისვე მითითებულ სახლში, რომელშიც თ. ა-თან ერთად, დახვდნენ უცნობი პირები. მსჯავრდებულმა გადასცა ნარკოტიკული საშუალება და იქაურობა მაშინვე დატოვა. საკონტროლო შესყიდვის შედეგ შეხვდა გამომძიებელს და გადასცა თ. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკი.

24. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 25 აპრილს, ... მიმდებარედ არსებული, „...“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ნ. ზ. ირჩევს სასურველ ფუნქციას, თან პარალელურად საუბრობს მობილურ ტელეფონზე: „ – ხო, მესმის [...] ცოტა იყვირე, არ მესმის, ძმობას ვფიცავარ“, რის შემდეგაც შეჰყავს ნაკარნახევი ციფრები იდენტიფიკაციისთვის და განაგრძობს საუბარს: ,, – ხო მერე? [...] 0---, ხო, რა? [...] 4----, ხო“, რის შემდეგ ელოდება საიდენტიფიკაციო კოდს და შეჰყავს ტელეფონით ნაკარნახევი კოდი – 4---, ირჩევს ფუნქციას: „თანხის გადარიცხვა“ და გ------ი ყ----–იას ლარის ანგარიშზე რიცხავს ორ ასლარიან კუპიურას, ბეჭდავს ქვითარს, ხოლო ტელეფონზე ეუბნება, რომ „ – დაჯდა თანხა“.

25. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ 2023 წლის 26 აპრილს, ... არსებული „...“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ნ. ზ. ირჩევს სასურველ ფუნქციას, პარალელურად კი საუბრობს ტელეფონზე იმ პირთან, ვისაც უნდა ჩაურიცხოს თანხა: „ – დაიწყე ეხლა თავიდან, ოღონდ აღარ შეგეშალოს რა [...] დაიცა, 0----------, რის შემდეგაც შეჰყავს ნაწილ-ნაწილ ნაკარნახევი ციფრები და დასძენს: „ – ხო. [...] ეხლა ნახე აბა ,,ესემესი“ [...] ...“ და შეჰყავს ნაკარნახევი, საიდენტიფიკაციო ოთხნიშნა კოდი, ირჩევს თანხის გადარიცხვის ფუნქციას, გ. ყ-ს ლარის ანგარიშზე რიცხავს ორ ასლარიან კუპიურას და იღებს ამობეჭდილ ქვითარს.

26. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებში ასახულია 2023 წლის 26 აპრილს, ... მიმდებარედ, ნ. ზ., როგორ მიჰყვება უკან თ. ა-ს, რომელიც აივლის ,,ბელეტაჟის“ ტიპის სახლში შესასვლელ რამდენიმე კიბეს და ეპატიჟება ნ. ზ-ს, რომელიც პასუხობს: „ – ვაიმე, აქ ვიდგები რა, არ შემოვალ...“, აივლის კიბის რამდენიმე საფეხურს. თ. ა., რომელსაც ხელში ტენისის ჩოგანი უკავია, მიუთითებს: „ – შედი...“ სახლის მისაღებში ჩნდებიან ქალი და მამაკაცი, რთავენ ხმამაღალ მუსიკას. ქალი, გაბრუებული ხმით ეკითხება ნ. ზ-ს: ,, – ფული ხო არ გაქვს?“, რაზეც ის პასუხობს: „ – ხუთი თეთრიც კი არ ამაქვს“. თ. ა. ჯდება დაბალ მაგიდასთან და პატარა ზომის, ერთჯერად პარკში ანაწილებს თეთრ ფხვნილს, შემდეგ სწევს მაღლა, ანახებს ნ. ზ-ს და ეუბნება: „ – შეხედე როგორია... რაღაცნაირი სიმონ... ცოტაა?“, თან ხელში არხევს პატარა პარკს. სახლში მყოფი ქალი ეუბნება ნ. ზ-ს: „ – დაჯე რა..“, რაზეც ის პასუხობს: „ – თქვენ იმდენი ხართ, რომ...“ თ. ა.: „ – ვსვამთ... 80 ლარის ,,მივეცით“, ჩვენ უკვე გავიკეთეთ და გელოდებოდით შენ“. ნ. ზ. ხელში ატრიალებს პარკს, ეცოტავება ჩაყრილი თეთრი ფხვნილი და დასძენს: „ – დაამატე ცოტა...“, თან აცხლოს მიაქვს თ. ა-თან, რომელიც ეუბნება: „ – ოო, შენ რა წუწურაქი ვინმე ხარ...“ და ამატებს ფხვნილს. ნ.ზ.: „ეხლა მე ეს დილამდე მეყოფა გგონია?“ თ. ა.: „დილამდე კი არა, შეიძლება ორი საათი არ გეყოს“. ნ. ზ. ცდილობს მალე წავიდეს, თუმცა ოთახში მყოფები დარჩენას სთხოვენ, იგი ცოტა ხნით ყოვნდება, მაგრამ არ ჯდება, შემდეგ ტრიალდება, ემშვიდობება იქ მყოფთ, ტოვებს შეხვედრის ადგილს და გადის ეზოდან.

27. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 2 ივნისის №. ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – დ.- გ-ს – ჩვენებით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

28. მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის – შ. პ-ს – ჩვენებით დგინდება, რომ 2023 წლის 26 აპრილს, ნ. ზ-მ, მისი ვიზუალური კონტროლის პირობებში, თ. ა-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ჩაურიცხა ოპერატიული თანხა – 400 ლარი. 2023 წლის 26 აპრილს ნ. ზ., მსჯავრდებულის მითითების შესაბამისად, შეხვდა მას ... ტერიტორიაზე, საიდანაც შევიდნენ კონკრეტულ მისამართზე. შეხვედრის შემდეგ ნ. ზ. წაიყვანა გამომძიებელთან, რომელსაც ნ. ზ-მ წარუდგინა თ. ა-სგან შეძენილი ნარკოტიკი.

29. ამოღების ოქმის მიხედვით, 2023 წლის 26 აპრილს, 18:46-18:59 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელმა – ი. გ-მ – ნ. ზ-საგან ამოიღო გამჭვირვალე, ზიპშესაკრავიან პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება, რომელიც ნ. ზ-ს განმარტებით, არის ნარკოტიკული საშუალება ,,ამფეტამინი“, რომელიც იმავე დღეს შეიძინა თ. ა-საგან.

30. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა – ი. გ-მ – დაადასტურა მის მიერ 2023 წლის 26 აპრილს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება – ნ. ზ-საგან საკონტროლოდ შესყიდული ნარკოტიკული საშუალების ამოღება – რომელიც განხორციელდა ... მიმდებარე ტერიტორიაზე. ამოღების ოქმზე ნ. ზ-ს შენიშვნის მიხედვით, ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება, რომელიც იმავე დღეს შეიძინა თ. ა-სგან.

31. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 21 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი, უფერო, გამჭვირვალე, პოლიმერული მასალის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოყვითალო, ფხვიერი ნივთიერება წონით – 0,1708 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს).

32. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2023 წლის 17 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით, მოყვითალო, ფხვიერი ნივთიერება წონით – 0,1708 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (α-PVP-ს), რაოდენობით – 0,10248.

33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები ან, რომ, მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, მოწმე ნ.ზ-ს ჩვენება დამაჯერებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა არაერთი უტყუარი მტკიცებულებით, რომლებთან ერთობლივადაც ქმნის საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო, მეორე მხრივ, ვერც დაცვის მხარე უთითებს და არც საქმის მასალებით გამოკვეთილა, რაიმე სარწმუნო მოტივი, რატომ უნდა ემხილა ნ. ზ-ს ესოდენ მძიმე, არჩადენილ დანაშაულში თ. ა.. კერძოდ: ნ.ზ-ს მონათხრობი იმასთან დაკავშირებით, რომ, პირველ ჯერზე, ნარკოტიკის შესაძენი თანხა პირადად გადასცა თ. ა-ს, სანაცვლოდ კი მიიღო მისგან ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მომდევნო ორ ჯერზე – ჩაურიცხა თანხა მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე და ასე შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, პირველ შემთხვევაში, დასტურდება მოწმე დ. ბ-ს ჩვენებით, რომელიც ვიზუალურად მეთვალყურეობდა ნ. ზ-სა და თ. ა-ს 2023 წლის 20 აპრილის შეხვედრას და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ... მიმდებარედ, ნ. ზ-მ თ. ა-ს გადასცა თანხა, სანაცვლოდ კი, მიიღო – ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, ასევე მისი თანდასწრებით წარუდგინა მოგვიანებით გამომძიებელს; 2023 წლის 22 და 26 აპრილის შემთხვევებში კი დასტურდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით, რომლებიც ცხადყოფს, რომ 2023 წლის 21 აპრილს ნ. ზ-მ სწრაფი ჩარიცხვის აპარატით გადაურიცხა თანხა თ. ა-ს, სანაცვლოდ კი, 2023 წლის 22 აპრილს ... მიმდებარე ტერიტორიაზე, მიიღო მისგან ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, მოწმე ე--- მ------ის თანდასწრებით წარუდგინა მოგვიანებით გამომძიებელს, ისევე, როგორც – 2023 წლის 25 და 26 აპრილს თ. ა-სათვის ჩარიცხული თანხების სანაცვლოდ, 2023 წლის 26 აპრილს, ... მიიღო მისგან ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, მოწმე შ. პ-ს თანდასწრებით წარუდგინა მოგვიანებით გამომძიებელს. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი სამხილებისა, ნ. ზ-ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დასტურდება ასევე – ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების 2023 წლის 20, 21, 25 და 26 აპრილის ოქმებით, ნარკოტიკული საშუალებების ამოღების 2023 წლის 20, 21 და 26 აპრილის ოქმებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქვითრებით, ქიმიური ექსპერტიზის №..., №..., №..., №...., №... და ფონოსკოპიური ექსპერტიზის №... დასკვნებით, მოწმეების – ქ. ც-სა და ი. გ-ს ჩვენებებით, რომლებიც ზემოთ უკვე მიმოიხილა სასამართლომ და რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. ა-ს მიერ მისთვის შერაცხილი ქმედებების – ნატკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და ნ. ზ-სათვის მისაღების – ჩადენა.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მსჯავრდებული არ უარყოფს, რომ ნ. ზ-ს ნამდვილად გადასცა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც მისთვის არ მიუსაღებია, არამედ – ნ. ზ-ს დაჟინებული თხოვნის გამო დაეხმარა მათ შეძენაში, რაც ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთაც, ამ სამხილების ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს. საკასაციო სასამართლო, რა თქმა უნდა, კვლავაც იმეორებს, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8), მაგრამ განსახილველ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ჩანაწერებში გამოკვეთილი თ. ა-ს აქტიური ქმედებები, რომელიც უკავშირდება არა მარტო ნარკოტიკული საშუალების ფორმალურად ხელიდან ხელში გადაცემას, არამედ – მათი ოდენობის პირადად განსაზღვრას, დანაკლისის შემთხვევაში დამატებას, შეფუთვასა და დალუქვას, რაც ეჭვგარეშე მიუთითებს ნარკოტიკული საშუალებების განკარგვაში და, შესაბამისად, მათ გასაღებაში თ. ა-ს აქტიურ მონაწილეობაზე.

35. საკასაციო საჩივარში გაცხადებულ სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვით, ბრალდების მხარემ არ გამოითხოვა გარკვეული ჩანაწერები და სატელეფონო ამონაწერები, არ დაადგინა და გამოკითხა მოწმეები და არ ჩაატარა სავალდებულო ექსპერტიზები, საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა, იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, თ. ა-ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი და დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენ სამხილებზე, თავად გამოეთხოვა საჭირო ინფორმაცია, დაენიშნა და ჩაეტარებინა ექსპერტიზები, დაეკითხა მათი პოზიციის გამამყარებელი მოწმეები, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8). რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ, გარდა ნ. ზ-სათვის სამ ჯერზე ნარკოტიკული საშუალებების მისაღებისა, ბრალდების მხარეს არ დაუდგენია არცერთი პირი, რომელიც ურთიერთობდა თ. ა-სთან, როგორც ნარკოტიკული საშაულებების გამსაღებელთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს კონკრეტული ბრალდების ფარგლებში და თ. ა-ს დამნაშავეობა-უდანაშაულობის საკითხს არკვევს მხოლოდ იმ დანაშაულებრივ ეპიზოდებთან მიმართებით, რომლებსაც ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე მას ედავებოდა და რომელთა ჩადენაც უტყუარად დაადასტურა სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით. ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა, რომ სასამართლოში წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერები წყვეტილი სახით, რამეთუ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2023 წლის 2 ივნისის №... ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – დ. გ-ს – ჩვენებით ცალსახად დასტურდება, რომ საქმეში არსებულ ფონოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდონარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე საფუძველი.

37. კასატორების მიერ ასევე სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

38. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც ედება მსჯავრი თ. ა-ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).

40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესიდან (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) გამომდინარე, თ. ა-ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ თ. ა. ნასამართლევია არაერთხელ და სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მაისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) და მისი ეს ნასამართლობები, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს, კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.

41. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუმცა ამავე კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუინქტის სესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). შესაბამისად, თ. ა-ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მაგრამ იგი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელებისაგან.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ს-სა და ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – თ. ს-სა და ნ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განაჩენი შეიცვალოს:

3. თ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს;

4. თ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს;

5. თ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) და მიესაჯოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლისგანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს;

6. თ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 20 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 22 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2023 წლის 26 აპრილის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას სხვა თანაბარი სასჯელები და თ. ა-ს საბოლოოდ მიესაჯოს – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 16 მაისიდან;

11. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება – 5 წლით; საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები – 15 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 20 წლით;

12. ნივთმტკიცებებად ცნობილი – ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკული საშუალებების შესაფუთი მასალა და თ. ა-ს ნერწყვის ნიმუში განადგურდეს; თ. ა-საგან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო დისკები – შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

13. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი