Facebook Twitter

საქმე N 330802224010615327

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №4I-25 ქ. თბილისი

გ. მ., 4I-25 16 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. გ-ს (M. G.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. გ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, მ. გ-ს (Mehmet Gungor) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82/1 (a) მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

2023 წლის 1 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ბ-ს №... მაგისტრატმა სასამართლომ, გასცა თურქეთის რესპუბლიკის №5237 კოდექსის 82/1 (a) მუხლით, განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული მ. გ-ს დაკავების ბრძანება და გამოცხადდა ძებნა.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

მ. გ-ს ბრალი ედება, რომ 2023 წლის 3 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. ..., მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა დაზარალებულ ბ. გ-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად, გარდაიცვალა.

3. მ. გ-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2024 წლის 13 აგვისტოს მ. გ. ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2024 წლის 14 აგვისტოს მ. გ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2024 წლის 19 სექტემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა მ. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე.

2024 წლის 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით მ. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, სულ – 6 თვემდე, 2024 წლის 13 ნოემბრიდან – 2025 წლის 13 თებერვლამდე.

ამჟამად მ. გ. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

4. 2024 წლის 16 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82/1 (a)-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა.

დასაშვებად იქნა ცნობილი მ. გ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის შუამდგომლობაში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 82/1 (a)-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ა., საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინების გაუქმებას, შემდეგი საფუძვლებით: მ. გ-ს სიცოცხლეს, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, გავლენიანი დაჯგუფების წევრების მხრიდან დაემუქრება საფრთხე. მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს არის; საერთაშორისო ორგანიზაციების წლიურ ანგარიშებში მითითებულია ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში არსებული გავლენიანი ჯგუფების, მათი გავლენებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა გარემოება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი 2023 წლიდან მის დაკავებამდე დამკვიდრდა საქართველოში. ამასთან, იგი თავშესაფრის მაძიებელი პირია.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის ახალი მტკიცებულება თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2024 წლის 13 აგვისტოს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მ. გ-ს სიცოცხლეს, მისი ექსტრადიციის შემთხვევაში, გავლენიანი დაჯგუფების წევრების მხრიდან, რომელთა გავლენებისა და ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია მითითებულია საერთაშორისო ორგანიზაციების წლიურ ანგარიშებში, დაემუქრება საფრთხე და, რომ, მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზიც სწორედ ეს არის, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

6. უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მ. გ-ს სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. დაცვის მხარემ წარმოადგინა სტატია ინტერნეტგვერდიდან (მასში ზოგადადაა მითითებული, თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა ოჯახებს შორის დაპირისპირების შესახებ), მაგრამ აღნიშნულით არ დასტურდება, რომ მ. გ. იდევნება თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან. მითითებული და ასევე საექსტრადიციო მასალებით, აგრეთვე არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მ. გ-მ კონკრეტული საფრთხეების გამო მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს, რასაც მათი მხრიდან არაეფექტური რეაგირება მოჰყვა, ასევე – არ იკვეთება, რომ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მ. გ-ს სათანადო დაცვას. შესაბამისად, გარდა დაცვის მხარის ჰიპოთეზური ხასიათის მოსაზრებებისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც შექმნიდა „არსებით საფუძვლებს ვარაუდისათვის“, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს მ. გ-ს უფლებების დარღვევის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

7. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურამ მ. გ-ს შესახებ ინფორმაცია მოიძია ინტერნეტის ყველაზე მოხმარებად საძიებო სისტემებში (google.com, bing.com, yahoo.com), თუმცა მისი უფლებების დარღვევის ან/და დევნის მანიშნებელი რაიმე ინფორმაცია არ მოიძებნა. ინტერნეტის ღია წყაროებში ინფორმაციის მოძიება ერთ-ერთი მზარდად გამოყენებადი მეთოდია პირის მიმართ უცხო სახელმწიფოში დევნის დასადასტურებლად. როგორც წესი, დევნის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

8. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები, ერთობლივ, მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

9. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR). გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ. გ. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, მ. გ. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.

11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემების მიხედვით, მ. გ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. დაცვის მხარე განმარტავს, რომ მ. გ. საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირია, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

12. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში. შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no. 9742/07, Decision, ECHR, 29; Aronica v. Germany, no. 72032/01, Decision, ECHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95, Decision, ECHR). როგორც საექსტრადიციო მასალებით დგინდება, მ. გ-ს საქართველოში არ ჰყავს მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შეზღუდვის საფრთხეც კი. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ მ. გ-ს საქართველოში ეყოლებოდა მუდმივად მცხოვრები ოჯახის წევრები, ექსტრადიციას ქვემდებარე დანაშაულის სიმძიმის, ხასიათისა და ლეგიტიმური მიზნის – მ. გ-ს მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის გათვალისწინებით, მისი ექსტრადიცია სრულად შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. გ-ს (M. G.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი