Facebook Twitter

საქმე N 160100123007428845

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№995აპ-24 28 იანვარი, 2025 წელი

ხ. ვ, 995აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. კასატორის მტკიცებით, განსახილველ საქმეზე გამოძიება მიკერძოებულად და არასრულყოფილად ჩატარდა, კერძოდ: არ გამოკითხულა დაზარალებულის შვილი, რომლისთვისაც შემთხვევის დღეს საქონელი მიებარებინათ და შესაძლოა, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონოდა, ისევე, როგორც – მწყემსები, რომლებიც, გზად შეხვდნენ ზ. ბ.; გამომძიებელმა რ. ბ. დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე ამოიცნო ვ. . და, მისი წარსულიდან გამომდინარე, ივარაუდა, რომ დამნაშავე სწორედ ის იქნებოდა; არ არის დადგენილი მეორე პირი, რომელთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენასაც აბრალებენ ვ. ხ.; საეჭვოა, რატომ მოანდომა დაზარალებულმა საათნახევარი მაღალი გამავლობის მანქანით 20 კილომეტრის გავლას; არადამაჯერებელია ზ. ბ. მითითება, რომ ვ. ხ., რომელსაც, მისი მტკიცებით, დანაშაულის ჩადენისას წაასწრო, არ გაქცეულა და მშვიდად დაელოდა პოლიციას; შეფასების მიღმა დარჩა მოწმე . ბ. ჩვენება, რომ სოფელ ... გადასახვევთან ელოდებოდა პოლიციას, მაშინ, როდესაც სასამართლოში დაკითხულმა პოლიციელებმა – რ. ბ. და მ. მ. დაზარალებულის ძმის მონათხრობი უარყვეს; სასამართლოში გამოკვლეული სამხილები ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობას, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენისათვის; კასატორის მითითებით, ასევე უსამართლოა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის სიმძიმეს: ვ. ხ. 60 წელს გადაცილებული ადამიანია, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განაჩენით ვ. ხ., – დაბადებული ... წლის ... ივნისს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ვ. ხ. საბოლოოდ განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. ხ. ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ვ. ხ., 2023 წლის 30 აპრილს ქ. მარნეულში, იალღუჯის ქუჩის მიმდებარედ, წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზ. ბ. კუთვნილ, 11 სულ მსხვილფეხა რქოსან საქონელს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 14300 ლარის ზიანი.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ვ. ხ-ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რაც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: დაზარალებულ ზ. ბ. ჩვენებით, რომლის სანდოობაში დაეჭვების გონივრულ საფუძველს ვერც კასატორი უთითებს საკასაციო საჩივარში და არც საქმის მასალებით დადგენილა, 2023 წლის 30 აპრილს, დილით მოჰპარეს 11 სული მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, რომლებიც მის შვილს მიაბარა საბალახოდ. პირუტყვის ძებნისას ორმა სხვადასხვა მწყემსმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მიუთითა, რომ საქონელს, რომელიც მისას ჰგავდა, ორ კაცს მიჰყავდა ლიანდაგების მხარეს. ლიანდაგებთან მიახლოებისას თავად დაინახა ორი კაცი, რომლებსაც ხელში ჯოხები ეკავათ, ერთმანეთში საუბრობდნენ და მის პირუტყვს მიერეკებოდნენ. მის დანახვაზე ჯოხები დაყარეს და გაიქცნენ. მან ამ ორიდან მხოლოდ ერთის – ვ. ხ-ს – შეჩერება შეძლო, მისი თანამზრახველი კი გაექცა; დაზარალებულის ჩვენება, ასევე თანხვედრილია და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებით, მათ შორის: მოწმე ს. ბ. ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი ძმისგან – ზ. ბ-აგან – შეტყო თუ არა მსხვილფეხა საქონლის დაკარგის ამბავი, ერთად შეუდგნენ პირუტვის ძებნას. დარეკა ,,112-ში“. გზად მწყემსებმა უთხრეს, რომ საქონელს ვიღაცეები მიერეკებოდნენ. ზ. ბ-მ განაგრძო გზა პირუტყვის მოსაძებნად, ის კი სოფელ მარაბდის გადასახვევთან დაელოდა პოლიციას. მოგვიანებით ნახა მისი ძმა, რომელსაც მოპარულ საქონელთან შეჩერებული ჰყავდა მსჯავრდებული – ვ. ხ.; მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების – რ. ბ. და მ. მ. ჩვენებებით ირკვევა, რომ საქონლის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მივიდნენ იმ ადგილას, სადაც დაზარალებულს შეჩერებული ჰყავდა ვ. ხ., რომელსაც დანაშაულის ჩადენისას წაასწრო და რომელიც პოლიციელებმა დააკავეს. იქვე იყო მოპარული საქონელიც. საყურადღებოა, რომ ადგილი, სადაც ზ. ბ. პირუტყვი აღმოჩნდა, დაახლოებით, 10 კილომეტრითაა დაშორებული იმ ადგილიდან, საიდანაც მოიპარეს; 2023 წლის 30 აპრილის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გამომძიებელმა რ. ბ. თ-ს რაიონის სოფელ კ-ს მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგთან დააკავა ვ. ხ., რომელზეც დაზარალებულმა მიუთითა, რომ დანაშაულზე წაასწრო; 2023 წლის 30 აპრილის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილია – თ-ს რაიონის სოფელ კ-ს მახლობლად არსებული რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მინდორში, აღმოჩენილია 11 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მათ ყურებზე ეკეთათ სპეციალური ინდივიდუალური სანომრე ნიშნები. დათვალიერების მონაწილე, დაზარალებულ ზ. ბ. მითითებით, სწორედ ეს საქონელი მოჰპარეს მას; ამის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ვ. ხ-ს მტკიცება, თითქოსდა, შემთხვევის დღეს, სოკოს საკრეფად იყო მინდორში, სადაც შეხვდა საქონლის შორიახლოს მყოფ უცნობს და იფიქრა, რომ იყო მწყემსი, სიგარეტი სთხოვა და გამოელაპარაკა, რამეთუ მსჯავრდებულის მონათხრობი ეწინააღმდეგება არა მარტო დაზარალებულის სარწმუნო და დამაჯერებელ ჩვენებას, არამედ – ვ. ხ--ს დაკავებისა და ადგილმედაბრეობის დათვალიერების ოქმებსაც, რომლებიც ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულთან პირადად ან შემთხვევის ადგილის მიმდებარედ სოკოს საკრეფად განკუთვნილი რაიმე ნივთი ან საგანი აღმოჩენილი არ ყოფილა. დაზარალებულმა მას წაასწრო დანაშაულის ჩადენის დროს, როდესაც თანამზრახველთან ერთად, ჯოხებით ხელში, მიერეკებოდნენ მოპარულ საქონელს.

3. კასატორის სხვა საკვანძო არგუმენტებს, რომლებზეც აპელირებდა დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის დროს და რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში. აღსანიშნავია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა კი, ვერაფრით შეფასდება დაცვის სასარგებლო მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით. მხარეებს ჰქონდათ თანასწორი შესაძლებლობა, მოეპოვებინათ და წარმოედგინათ მტკიცებულებები, გამოეთქვათ საკუთარი და გაექარწყლებინათ საპირისპირო მხარის მოსაზრებები, ჰქონოდათ პოზიციები როგორც თავისი, ისე – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ სამხილებთან მიმართებით. დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, ჩაეტარებინა სასურველი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები, დაეკითხა სასურველი მოწმეები, რაც მისი მტკიცებით, ხელს შეუწყობდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის №920აპ-21 განჩინება, პუნქტი 13).

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ხ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერია.

5. კასატორის მიერ ასევე სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც ედება მსჯავრი ვ. ხ. ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით – ექვსიდან ათ წლამდე.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მოთხოვნების გათვალისწინებით, ასევე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული, რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესიდან გამომდინარე (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), ვ. ხ. განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება, სასჯელის მიზნების მისაღწევად, მოცემულ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ვ. ხ., ერთი მხრივ, ნასამართლევია არაერთხელ და სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისი ეს ნასამართლობები ახალი დანაშაულის ჩადენის დროს კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობით მსჯავრდებულმა, გამოსაცდელი ვადის დროს.

9. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამდენად, ვ. ხ., რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, ვ. ხ., ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ვ. ხ. ასევე ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რომელიც, თავის მხრივ, არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ. საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ვ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. კ. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ვ. ხ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდეს ერთი მეექვსედით და განესაზღვროს – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

5. ვ. ხ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა – და განესაზღვროს – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთამ – შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და ვ.- ხ.საბოლოო სასჯელად განესაზღვროს – 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალოს 2023 წლის 30 აპრილიდან;

6. ნივთმტკიცება – 11 მსხვილფეხა რქოსანი საქონელი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი