Facebook Twitter

3კ-944-02 13 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 24 მარტს ე. გ.-მ პირადი პასუხისმგებლობით ლომბარდ “ჰ.-დან” გ. ჯ.-ს გირავნობის ხელშეკრულებით ერთი თვის ვადით 10% სარგებლით ასესხა 10000 აშშ დოლარი.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ე. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ.ჯ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა 11000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ე. გ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების –924 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. გ.-მ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 25 იანვრის განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის მიეცა ვადა იმავეწ. 5 მარტის ჩათვლით. ე. გ.-მ ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც 2002წ. 11 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ე. გ.-ი კერძო საჩივრით ითხოვს სასაპელაციო პალატის 2002წ. 11 მარტის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის თანახმად თავისუფლდება ბაჟის გადახდისგან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 46-ე მუხლი ადგენს პირთა წრეს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან თავისუფლდებიან, ხოლო ამავე მუხლის II ნაწილით საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. კერძოდ, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “მ” ქვეპუნქტით ინვალიდები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ყველა სარჩელზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. გ.-ი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული გარემოება არის მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 11 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.