Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ბს-260-247(კ-06) 13 სექტემბერი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე‚ მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე‚

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: საკუთრების მოწმობაში ცვლილების შეტანა; უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება. შეგებებული სარჩელის საგანი _ შპს «ს.-ის» გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 15 აგვისტოს შპს «ს.-ის» პარტნიორებმა: ჯ. ლ.-მ, დ. ტ.-მ და სხვებმა (სულ 10 მოსარჩელე ფიზიკური პირი) სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს, შპს «¹1 ს.-ის» ყოფილი დირექტორ დ. ძ.-ისა და ამავე სალონის პარტნიორის _ თ. მ.-ის მიმართ და მოითხოვეს საწარმოს საპრივატიზებო ფასის დადგენის შესახებ აღნიშნული სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნის ბათილად ცნობა, მათ მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის საკუთრებად აღიარება და საკუთრების მოწმობაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. ქუთაისში, ... ¹2-ში მდებარე მუნიციპალური საწარმო «ს.-ი» საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 18 აგვისტოს ¹570 გადაწყვეტილებით. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ 1995წ. 29 მაისს მოამზადა დასკვნა მუნიციპალური საწარმოს პრივატიზებასთან დაკავშირებით, რომლითაც საწარმოს საწყისი ფასი განისაზღვრა 3619,61 აშშ დოლარით, არასაცხოვრებელი ფართის იჯარის უფლების ერთჯერადმა გადასახადმა შეადგინა 4644 აშშ დოლარი. სულ ობიექტის საპრივატიზებო ფასი განისაზღვრა 7894,93 აშშ დოლარით. მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» პრივატიზება საწარმოს თანამშრომლებმა განახორციელეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, «პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოს მუშაკებისათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ» სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელ თ. მ.-ეს შორის 1995წ. 27 დეკემბერს დაიდო სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ¹152 ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული «ს.-ის» მოძრავი ქონება, რაზედაც 1996წ. 26 თებერვალს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹48/127-»პ». 1995წ. 15 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და შპს «ს.-ს» შორის (დირექტორი დ. ძ.-ი) დაიდო ¹554 ხელშეკრულება, ... ¹2-ში მდებარე არასაცხოვრებელი 230 კვ.მ-ის 10 წლით იჯარით აღების შესახებ. 2003წ. 9 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ შპს «ს.-ის» თანამშრომლებს აცნობა, რომ მათ მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემაზე ცხადდებოდა კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 2003წ. 1 ივლისს.

მოსარჩელეთა მითითებით, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნით საპრივატიზებო ობიექტის ფასი განისაზღვრა 3619,61 აშშ დოლარით, ხოლო კოეფიციენტის გათვალისწინებით _ 3378,80 აშშ დოლარი. საპრივატიზებო კომისიის აღნიშნული დასკვნა შეეხებოდა საწარმოს ქონების როგორც აქტიურ, ისე პასიურ ნაწილს, ანუ მათ მიერ დაკავებულ ფართს, რომლის გათვალისწინებითაც საპრივატიზებო ობიექტის საბოლოო ღირებულება განისაზღვრა 7894,93 აშშ დოლარით, რაც ამხანაგობამ გადაიხადა და 1996 წელს გაიცა შესაბამისი საკუთრების მოწმობა, რომლითაც ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» მთლიანი ქონება, ანუ უძრავ-მოძრავი ქონება‚ ამიტომ სამმართველოს ზემოაღნიშნული დასკვნა იყო არასწორი. 1995წ. 27 დეკემბრის პრივატიზების ხელშეკრულების 1.1 მუხლის მიხედვით, პრივატიზების საგანს წარმოადგენს ს.-ის მთლიანი ქონება და ხელშეკრულების არც ერთი პუნქტიდან არ ირკვევა, რომ პრივატიზების დროს გაიყიდა ს.-ის მხოლოდ მოძრავი ქონება. მიღება-ჩაბარების სახელმწიფო აქტში მითითებული იყო, რომ ამხანაგობას გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონება. საკუთრების მოწმობაში, მართალია, არ იყო მითითებული ამხანაგობის მიერ პრივატიზებული შენობა და მიწის ფართი, მაგრამ მასში შეტანილი უნდა ყოფილიყო ცვლილება და 1995წ. 29 მაისის დასკვნა ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. მოსარჩელეებმა, გარდა არასაცხოვრებელ 231,29 კვ.მ-ზე საკუთრების უფლების აღიარებისა, ასევე მოითხოვეს იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, რაზეც არასაცხოვრებელი ფართი იყო განთავსებული.

მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სახელმწიფო მეთაურის 1994წ. ¹178 ბრძანებულების საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის გზით, შრომითი კოლექტივის ამხანაგობამ შეიძინა მხოლოდ სალონის მოძრავი ქონება (ინვენტარი), მათ მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართი პრივატიზების საგანი არ ყოფილა და ამხანაგობას ფართი გადაეცა იჯარით, 10წ. ვადით, რაც დასტურდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით. მოპასუხემ იმავდროულად შეგებებული სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა «ს.-ის» გამოსახლება მის მიერ დაკავებული ფართიდან.

მოპასუხეებმა _ შპს «ს.-ის» ყოფილმა დირექტორმა დ. ძ.-მა და ამხანაგობის წარმომადგენელმა, შპს «ს.-ის» ერთ-ერთმა პარტნიორმა თ. მ.-ემ სარჩელი ცნეს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 6 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დაადგინა, რომ მოსარჩელე თ. ქამადაძე და თ. ნ.-ა ერთი და იგივე პიროვნება იყო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «¹1 ს.-ის» პარტნიორების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელი სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; მოსარჩელეთა დანარჩენი მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად; სალონის მიერ დაკავებული არასაცხოვრებელი ფართი აღიარებულ იქნა «ს.-ის» საკუთრებად და შესაბამისი ცვლილება შევიდა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1996წ. 26 თებერვლის საკუთრების მოწმობაში, რომელშიც საკუთრების უფლება მიეთითა ასევე 231,23 კვ.მ მიწის ფართობზეც; სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს შეგებებული სარჩელი «¹1 ს.-ის» დაკავებული ფართიდან გამოსახლებისა და საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. მოსარჩელეებმა _ შპს «ს.-ის» პარტნიორებმა ჯ. ლ.-ემ, დ. ტ.-მ და სხვებმა (სულ 10 მოსარჩელე ფიზიკური პირი) ქუთაისის საოლქო სასამართლოში წარადგინეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ს.-ის მიერ დაკავებული ფართის სალონის საკუთრებად აღიარებისა და 1996წ. 26 თებერვალს გაცემულ საკუთრების მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ არასაცხოვრებელი 231,27 კვ.მ-ის და შესაბამისი მიწის ნაკვეთის სალონისათვის მიკუთვნების ნაწილში; ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სამმართველოს 1995წ. 29 მაისის დასკვნის ბათილად ცნობისა და სალონის გამოსახლების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა «ს.-ის» პარტნიორების _ ნ. ო.-ისა და თ. ნ.-ას მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნება.

საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორებმა წარადგინეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც სსკ-ის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სადავოდ გახადეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 17 მაისის განჩინება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილი გზავნილის მიხედვით, ირკვეოდა, რომ აღნიშნულ სამმართველოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელზე ჩაჰბარდა 2004წ. 12 მარტს და სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, სსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, ხსენებულ სამმართველოს ჰქონდა 2004წ. 12 აპრილამდე, ხოლო მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2004წ. 19 აპრილს და ამდენად, აღნიშნულ სამმართველოს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საკითხი მათ ვერ დააყენეს, რადგან არ მიეცათ საქმის გაცნობის საშუალება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 13 მაისის განჩინებით შპს «ს.-ის» პარტნიორების _ ნ. ო.-ისა და თ. ნ.-ას დაზუსტებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება.

2005წ. 9 აგვისტოს ჯ. კ.-მა, დ. ტ.-მ და სხვებმა (სულ 10 მოსარჩელე ფიზიკური პირი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და ამავე პალატის 2004წ. 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს. განმცხადებლებმა საქმის განახლების საფუძვლად მიუთითეს იჯარის შესახებ 1995წ. 15 ნოემბრის ¹554 ხელშეკრულების არარსებობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის განჩინებით ჯ. კ.-ის, დ. ტურაბელიძისა და სხვების (სულ 10 მოსარჩელე ფიზიკური პირი) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 28 ივლისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო სასამართლომ ახლად აღმოჩენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულების დედანი საერთოდ არ არსებობდა, სსკ-ის 135-ე მუხლის თანახმად კი, წერილობითი მტკიცებულება წარდგენილი უნდა ყოფილიყო დედნის სახით. ამასთან, სასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხსენებული დედნის არარსებობას შეეძლო გამოეწვია სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, რადგან შეიძლებოდა არ დადასტურებულიყო მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობის არსებობა და შესაბამისად, დადასტურებულიყო, რომ თანამოსარჩელეებს შესყიდული ჰქონდათ სადავო ობიექტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის სხდომაზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორთა წარმომადგენელმა ლადო სანიკიძემ უარი თქვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე, რასაც დაეთანხმნენ მისი მარწმუნებლები და საბოლოოდ მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი; ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ¹48/127-»პ» საკუთრების მოწმობაში 231,23 კვ.მ მიწის ნაკვეთის მითითების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» 1994წ. 18 ნოემბრის ¹... ბრძანების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 23 სექტემბრის ¹325 ბრძანებულებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის სხდომის ¹12.04.201 დადგენილების განხორციელების მიზნით შეიქმნა მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» საპრივატიზებო კომისია, რომელსაც ერთი თვის ვადაში უნდა მოემზადებინა და წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოში საწარმოს საპრივატიზებო მასალები. საპრივატიზაციო კომისიის მიერ შედგენილი შპს «ს.-ის» 1995წ. 29 მაისის საპრივატიზებო დასკვნით ქონების ღირებულებამ შეადგინა 4629,23 აშშ დოლარი, ხოლო საწარმოს საწყისი ფასი განისაზღვრა 3619,61 აშშ დოლარით. აღნიშნული სალონის გასაყიდი ფასის დადგენასთან დაკავშირებით დასკვნა დაამტკიცა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ 1995წ. 29 მაისს. 1995წ. 21 ივნისს გაიმართა ხსენებული ს.-ის მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრება, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების შესაბამისად, ობიექტის შესყიდვისათვის ამხანაგობის შექმნის შესახებ, რომელმაც დაადგინა, რომ დასახელებული სალონის პირდაპირი ყიდვისათვის შექმნილიყო ამხანაგობა 48 წევრის შემადგენლობით. 1995წ. 27 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობას შორის დაიდო ¹152 ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა აღნიშნული საწარმო. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით განსაზღვრული იყო შრომითი კოლექტივის მიერ ობიექტის _ უძრავი ქონების პირდაპირი შესყიდვა და არა მოძრავი ქონების პირდაპირი გაყიდვა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავი ქონების პრივატიზების ფაქტს ადასტურებდა ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების ფორმა და ნოტარიუსის მიერ გაკეთებული წარწერა, რომ მან შეამოწმა ს.-ის კუთვნილება და დაადგინა, რომ იგი ეკუთვნოდა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს, რომლის მიერ 1995წ. 29 მაისს დამოწმებული დოკუმენტაციიდან ირკვეოდა, რომ საპრივატიზაციოდ მომზადდა უძრავ-მოძრავი ქონება. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობას შორის დადებული ¹152 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ხსენებული სამმართველო ვალდებული იყო გაეცა საკუთრების მოწმობა, რომელიც შეიცავდა იმ მესაკუთრის დასახელებას, რომელსაც გადაეცა ქონება, მაგრამ ხსენებული მოწმობა არ შეიცავდა მითითებას, რომ ს.-ს გადაეცა 231,23 კვ.მ. სწორედ ამიტომ შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამ მიმართულებით ცვლილება აღნიშნულ საკუთრების მოწმობაში. აღნიშნულ მოწმობაში მიწის ნაკვეთის მითითება კი არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა ხორციელდებოდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მიხედვით, რის გამოც ამ ნაწილში უნდა გაუქმებულიყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. ვინაიდან სადავო ობიექტი დადგენილი წესით იყო შესყიდული, არ არსებობდა ს.-ის გამოსახლების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იჯარის ხელშეკრულების არარსებობიდან გამომდინარე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ _ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» კანონი, რომლის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. სააპელაციო სასამართლომ, თუმცა მიუთითა, რომ ს.-ის ქონების ღირებულებამ 1995წ. 29 მაისის საპრივატიზებო დასკვნით შეადგინა 4629,23 აშშ დოლარი და საწარმოს გასაყიდი ფასი განისაზღვრა 3619,61 აშშ დოლარით, მაგრამ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ აღნიშნული კომისია შექმნილი იყო თვითონ საწარმოში, ხოლო ხსენებულ დასკვნაში მითითებული 4644 აშშ დოლარი იჯარის უფლების ერთჯერად გადასახადს წარმოადგენდა. ამდენად, ჯერ კიდევ პრივატიზებამდე იცოდა საწარმოს კოლექტივმა, რომ უნდა ეყიდა ბალანსზე რიცხული ქონება (აქტიური ნაწილი), ხოლო ფართზე მოეპოვებინა იჯარის უფლება. ამასთან, სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა საკუთრებაში მიიღო ქონება თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ხოლო აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართულ მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილია ის ქონება, რაც მიიღო მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითმა კოლექტივმა, ხსენებულ ჩამონათვალში კი არ არის თავად ობიექტის შენობა, ანუ აღნიშნული კოლექტივისათვის ჯერ კიდევ პრივატიზებამდე იყო ცნობილი, რომ მათ შეიძინეს მხოლოდ მოძრავი ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 8 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 8 მაისის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 21 ივნისამდე.

2006წ. 1 ივნისს ჯ. ლ.-ის, თ. მ.-ისა და სხვათა წარმომადგენელმა ლადო სანიკიძემ უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იყო დაუშვებელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივნისის განჩინებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 6 სექტემბერს მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ვინაიდან კასატორს არ წამოუყენებია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» 1994წ. 18 ნოემბრის ¹... ბრძანების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 23 სექტემბრის ¹325 ბრძანებულებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის სხდომის ¹12.04.201 დადგენილების განხორციელების მიზნით, შეიქმნა მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» საპრივატიზებო კომისია, რომელსაც ერთი თვის ვადაში უნდა მოემზადებინა და წარედგინა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოში საწარმოს საპრივატიზებო მასალები. შპს «ს.-ის» 1995წ. 22 მაისის საპრივატიზებო დასკვნით ქონების ღირებულებამ შეადგინა 4629,23 აშშ დოლარი, ხოლო საწარმოს საწყისი ფასი განისაზღვრა 3619,61 აშშ დოლარით. აღნიშნული სალონის გასაყიდი ფასის დადგენასთან დაკავშირებით ხსენებული დასკვნა დაამტკიცა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ 1995წ. 29 მაისს. 1995წ. 21 ივნისს გაიმართა ხსენებული ს.-ის მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრება, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების შესაბამისად, ობიექტის შესყიდვისათვის ამხანაგობის შექმნის შესახებ, რომელმაც დაადგინა, რომ დასახელებული სალონის პირდაპირი ყიდვისათვის შექმნილიყო ამხანაგობა 48 წევრის შემადგენლობით. 1995წ. 27 დეკემბერს სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობას შორის დაიდო ¹152 ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა აღნიშნული საწარმო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა საკუთრებაში მიიღო ქონება თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ხოლო აღნიშნულ ხელშეკრულებაზე დართულ მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილია ის ქონება, რაც მიიღო მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითმა კოლექტივმა, ხსენებულ ჩამონათვალში კი არ არის თავად ობიექტის შენობა, აღნიშნული კოლექტივისათვის ჯერ კიდევ პრივატიზებამდე იყო ცნობილი, რომ მათ შეიძინეს მხოლოდ მოძრავი ქონება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებაზე, რომლითაც განსაზღვრული იყო შრომითი კოლექტივის მიერ ობიექტის _ პირდაპირი შესყიდვა. ამდენად, იმჟამად მოქმედი შესაბამისი ნორმატიული აქტის _ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულებით დამტკიცებული «პრივატიზაციის პროცესში ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთათვის ობიექტების პირდაპირი მიყიდვის შესახებ» დებულების მიხედვით, განსაზღვრული იყო ვაჭრობის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების მუშაკთა მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობებზე პირდაპირი მიყიდვის წესი. ხსენებულ დებულებაში ლაპარაკია უშუალოდ საწარმოო ობიექტის მიყიდვაზე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ უძრავი ქონების პრივატიზების ფაქტს ადასტურებს შესაბამისი ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების ფორმა და ნოტარიუსის მიერ გაკეთებული წარწერა, რომ მან შეამოწმა საწარმო «ს.-ის» კუთვნილება და დაადგინა, რომ იგი ეკუთვნოდა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს, რომლის მიერ 1995წ. 29 მაისს დამოწმებული დოკუმენტაციიდან ირკვეოდა, რომ საპრივატიზაციოდ მომზადდა უძრავ-მოძრავი ქონება. სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობას შორის დადებული ¹152 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ხსენებული სამმართველო ვალდებული იყო გაეცა საკუთრების მოწმობა და მის მიერ გაცემული მოწმობა შეიცავდა იმ მესაკუთრის დასახელებას, რომელსაც გადაეცა ქონება, მაგრამ არ შეიცავდა მითითებას, რომ ს.-ს გადაეცა 231,23 კვ.მ ფართი. სწორედ ამიტომ შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამ მიმართულებით ცვლილება აღნიშნულ საკუთრების მოწმობაში. მიწის ნაკვეთის საკუთრების მოწმობაში მითითება კი არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა ხორციელდებოდა «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის მიხედვით, რის გამოც ამ ნაწილში უნდა გაუქმებულიყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, ვინაიდან სადავო ობიექტი დადგენილი წესითაა შესყიდული, არ არსებობს შპს «ს.-ის» სადავო ობიექტიდან გამოსახლების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იჯარის ხელშეკრულების არარსებობიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს მიერ მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობაზე 1996წ. 26 თებერვალს გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ ¹48/127-»პ» მოწმობაში მითითებულია, რომ ხსენებულ ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» ქონება. ამასთან, აღნიშნულ მოწმობაში მითითებულია, რომ ხსენებული ქონების საკუთრებაში გადაცემის საფუძველია 1995წ. 27 დეკემბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ¹152 ხელშეკრულება და 1996წ. 27 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს მიერ 1995წ. 29 მაისს დამტკიცებულ აქტში, რომლითაც მომზადდა და საბოლოოდ მოხდა მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» საწყისი ფასის დადგენა, მოცემულია საპრივატიზაციო ქონების ელემენტების (შემადგენელი ნაწილების) და მათი ღირებულებების ამომწურავი ჩამონათვალი. ამასთან, აღნიშნული აქტის მიხედვით, საწარმოს ქონების ღირებულებამ შეადგინა 4629,23 აშშ დოლარი, მათ შორის, ძირითადი საშუალებების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობები და სხვა) ნარჩენმა ღირებულებამ _ 2502,82 აშშ დოლარი, ხოლო ძირითად საშუალებათა აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარები და სხვა) ნარჩენმა ღირებულებამ _ 3378,80 აშშ დოლარი. ამდენად, ხსენებული აქტით უშუალოდ დადგინდა აღნიშნული საწარმოს შენობა-ნაგებობებების და ძირითად საშუალებათა სხვა პასიური ნაწილის ღირებულებები და ხსენებული საშუალებები აღიარებულ იქნა ამავე საწარმოს ქონების განუყოფელ შემადგენელ ნაწილად, ისევე, როგორც ეს მოხდა ძირითად საშუალებათა აქტიურ ნაწილებთან მიმართებაში, რომელთაგან, პირველ რიგში, გამოსაყოფია მანქანა-დანადგარები, რომელთა ფუნქციონირების გაგრძელება უშუალოდ იყო დაკავშირებული საწარმოს უძრავი და მოძრავი ქონების ერთობლივად პრივატიზებასთან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და შპს «ს.-ის» შრომითი კოლექტივის ამხანაგობის წარმომადგენელ თ. მ.-ეს შორის 1995წ. 27 დეკემბერს დადებული სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ¹152 ხელშეკრულების დანართიდან _ მიღება-ჩაბარების აქტიდან ირკვევა, აღნიშნულ ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა ხსენებულ აქტში მითითებული მუნიციპალური საწარმო «ს.-ის» მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 1250,62 ლარი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხოლოდ მოძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში მყიდველს უნდა გადაეხადა სულ 1250,62 ლარი, ვინაიდან მას ქონება არ შეუძენია არც კონკურსის წესით და არც აუქციონზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში მყიდველმა რეალურად სულ გადაიხადა 7894,93 ლარი, ანუ მოძრავი ქონების ღირებულებას დამატებული შენობის საბალანსო ღირებულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ისეთი ფორმალური გარემოების არსებობა, როგორიცაა საკუთრების მოწმობაში არასაცხოვრებელი ფართის დაუფიქსირებლობა, ვერ გახდება საკასაციო საჩივრისა და შესაბამისად, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე შპს «ს.-ის» პარტნიორმა თ. მ.-ემ ცნო სარჩელი, მიუთითა მოსარჩელეთა მოთხოვნის კანონიერებაზე და აღნიშნა, რომ განხორციელდა «ს.-ი ¹1-ის» უძრავ-მოძრავი ქონების პრივატიზაცია, ამასთან, მისთვისაც წლების განმავლობაში ცნობილი იყო, რომ აღნიშნული სალონის არასაცხოვრებელი ფართი მთლიანად პრივატიზებული იყო, ვინაიდან გადახდილი ჰქონდათ პრივატიზაციისათვის საჭირო თანხა.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან კასატორს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს საერთოდ არ გაუხდია სადავოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოების განახლება, იგი, ფაქტობრივად, დაეთანხმა საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობას, ანუ იმას, რომ საერთოდ არ არსებობს იჯარის შესახებ 1995წ. 15 ნოემბრის ¹554 ხელშეკრულება. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტს არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად, ვინაიდან სწორედ აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ამყარებდა შეგებებული სარჩელის ავტორი _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველო თავის მოთხოვნას _ დაკავებული ფართიდან შპს «ს.-ის» გამოსახლებას და ამტკიცებდა, რომ თანამოსარჩელეები იყვნენ არა სადავო ქონების მესაკუთრენი, არამედ აღნიშნული ქონებით მოსარგებლენი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან მოცემული საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელეთა მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების ფაქტი. კერძოდ, მოპასუხე თ. მ.-ემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის და მისი თანამშომლებისთვის მხოლოდ 2003წ. 9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველომ სადავო გახადა შპს «ს.-ის» არასაცხოვრებელ ფართზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება. ამასთან, აღნიშნული მოსაზრება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის ¹1063 წერილით შპს «ს.-ის» თანამშრომლებისადმი, რომელიც დათარიღებულია 2003წ. 9 ივნისით და მასში აღნიშნულია, რომ აღნიშნული საზოგადოების მიერ დაკავებული 231,23 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით, კონკურსი ჩატარდებოდა 2003წ. 1 ივლისს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს სწორედ 2003წ. 9 ივნისიდან, როდესაც მოსარჩელეთათვის ოფიციალურად გახდა ცნობილი მათი საკუთრების უფლების დარღვევის თაობაზე, მათ კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრეს 2003წ. 15 აგვისტოს.

სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეებს არ გაუშვიათ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, კასატორს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო არსებითად სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ხსენებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქუთაისის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 22 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.