საქმე N 330100123008439094
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1117აპ-24 ქ. თბილისი
თ, შ., 1117აპ-24 29 იანვარი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. თ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ო-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ უგულებელყო კანონის იმპერატიული მოთხოვნები; სასამართლომ მოწმეთა აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო და განსხვავებულ ჩვენებებს მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა; ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებისგან; შ. თ-ს ფოტოსურათებით ამოცნობა ჩატარებულია კანონდარღვევით, რის გამოც, სასამართლოს არ უნდა მიეღო მტკიცებულებად; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის სანდო; შ. თ, თავს არ დასხმია პოლიციელს, არამედ წინააღმდეგობა გაუწია მას, რაც მომდინარეობდა თავად პოლიციელის მხრიდან საფრთხისგან. იგი არც ცეცხლსასროლ იარაღს დაუფლებია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენით შ. თ,, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და შ. თ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, შ. თ-ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლით.
შ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 23 ნოემბრიდან.
გაუქმდა მსჯავრდებულ შ. თ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. თ-მა ჩაიდინა: ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით; პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
შ. თ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 13:35 საათზე, ... მდებარე სს „....“ კუთვნილ N... მაღაზიაში (ფილიალი) დანით შეიარაღებული შ. თ, თავს დაესხა ამავე ობიექტის ადმინისტრატორს ც. პ-ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სალაროდან გაიტაცა ფულადი თანხა – 390 ლარი და 7 ლარად და 60 თეთრად ღირებული „ვინსტონის“ ფირმის 5 ცალი სიგარეტი, რის შემდეგაც დაუფლებულ ნივთებთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით სს „....“ მიადგა 428 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü 2023 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, .... ქუჩების კვეთაზე მდებარე მაღაზია „....“, პოლიციის თანამშრომელმა, საქართველოს შს სამინისტროს .... პოლიციის დეპარტამენტის .... მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსმა – რ. ი-მ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიზნით, იდენტიფიცირების შემდეგ შეაჩერა შ. თ,. მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომელმა და შ. თ-მ მაღაზია „...“ შენობა დატოვეს, შ. თ, თავს დაესხა რ. ი-ს, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ, დააგდო ძირს, შემდეგ თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით, მასზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შედეგად, რ. ი-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები. ამ დროს, შ. თ-მ ძირს დავარდნილ რ. ი-ს ამოაცალა საქამრეზე დამაგრებული სამსახურებრივი „გლოკ 19-ის” მოდელის (საიდენტიფიკაციო ნომრით ...) სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, მასში არსებული საბრძოლო მასალებით: 15 ცალი ვაზნითა და მჭიდით, შემდეგ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით, დაეუფლა მას. კერძოდ მიაბჯინა სხეულზე, უთხრა, რომ მოკვდებოდა და გამოჰკრა სასხლეტს. შემდეგ, შ. თ-მ შეძლო რ. ი-საგან გატაცებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით გაქცევა, თუმცა იგი, მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა – რ. თ-მ და გ. ტ-მ. პოლიციის თანამშრომელთა მიერ გაწეული იძულების პროპორციული ზომის შედეგად, შ. თ, ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.
ü 2023 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, ..... ქუჩების კვეთაზე მდებარე მაღაზია „...”, პოლიციის თანამშრომელმა, საქართველოს შს სამინისტროს .... პოლიციის დეპარტამენტის ... მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსმა – რ. ი-მ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიზნით, იდენტიფიცირების შემდეგ, შეაჩერა შ. თ,. მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომელმა და შ. თ-მ მაღაზია „-“ შენობა დატოვეს, შ. თ, რ. ი-ს თავს დაესხა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, კერძოდ, დააგდო ძირს და მასზე თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელ-ფეხის მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შედეგად, რ. ი-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები. ამ დროს შ. თ-მ ძირს დავარდნილ რ. ი-ს ამოაცალა საქამრეზე დამაგრებული სამსახურებრივი „გლოკ 19-ის” მოდელის (საიდენტიფიკაციო ნომრით ...) ცეცხლსასროლი იარაღი, მასში არსებული საბრძოლო მასალებით: 15 ცალი ვაზნითა და მჭიდით, მიაბჯინა სხეულზე და გამოჰკრა სასხლეტს, რის შემდეგაც შ. თ-მ შეძლო გაქცევა, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებმა – რ. თ-მ და გ. ტ-მ შეაკავეს. შ. თ, გატაცებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, კვლავ პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავს დაესხა ... მთავარი სამმართველოს .... სამმართველოს მოადგილეს – გ. ტ-ს, თუმცა პოლიციის თანამშრომელთა გაწეული იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით, შ. თ, ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, აპელანტის განმარტებით, მსჯავრდებულის ქმედებაში არ იკვეთებოდა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით და პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მსჯავრდებულმა მხოლოდ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელს. ამასთან, დაცვის მხარემ სააპელაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა სასჯელის შემცირება იმ შემთხვევაში, თუკი კვალიფიკაციის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩებოდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების – ც. პ-ს, რ. ი-ს, გ. ტ-ს ჩვენებებით, მოწმეების: ვ. ს-ს, ი. კ-ს, თ. ე-ს, ც. გ-ს, დ. ხ-ს, ნ. ბ-ს, ზ. ბ-ს, მ. ტ-ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებებით, სს „...“ მონიტორინგისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის იურისტის – ე. ტ-ს – 2023 წლის 24 ნოემბრის ... წერილით, დაზარალებულ ც. პ-ს მონაწილეობით ჩატარებული შ. თ-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, თ. ე-ს მონაწილეობით ჩატარებული შ. თ-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ვ. ს-ს მონაწილეობით ჩატარებული შ. თ-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ი. კ-ს მონაწილეობით ჩატარებული შ. თ-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ნ. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული შ. თ-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, შემთხვევის ადგილის – სს ,,...“ N... მაღაზიის დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 14 დეკემბრის ... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტების ჩვენებებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2023 წლის 4 დეკემბრის ... დასკვნით, შ. თ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, შ. თ-ს ტანსაცმლის ამოღების ოქმებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების – სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შ. თ-ს სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 29 თებერვლის ... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ტრასოლოგიურ-ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის 2023 წლის 4 დეკემბრის ... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, რ. ი-ს სამედიცინო ექსპერტიზის 2024 წლის 16 თებერვლის ... დასკვნით და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2024 წლის 5 მარტის ... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2024 წლის 6 მარტის ... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ბალისტიკური ექსპერტიზის 2023 წლის 4 დეკემბრის ... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებით, ამოღებული ნივთმტკიცებებით და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შ. თ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას ბრალდების მხარის მთავარი მოწმეების, დაზარალებულების – ც. პ-ს, რ. ი-ს, გ. ტ-ს და მოწმეების – ი. კ-ს, თ. ე-ს, ვ. ს-ს, ნ. ბ-ს, ზ. ბ-სა და მ. ტ-ს ჩვენებების სანდობისა და დამაჯერებლობის შესახებ, რომ ისინი დეტალურად და თანამიმდევრულად გადმოსცემენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ხოლო მათი ჩვენებები არ შეიცავს რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. გარდა ამისა, საქმის მასალებით არ იკვეთება მსჯავრდებულის მიმართ რაიმე სახის დაინტერესების არსებობა ბრალდების მხარის მოწმეების (მათ შორის – სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების) მხრიდან და ვერც დაცვის მხარე მიუთითებს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე გარემოებაზე ან/და უტყუარ მტკიცებულებაზე. ამასთან, მოწმეთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან – შემთხვევის ადგილის ამსახველ ვიდეოჩანაწერებთან, საგამოძიებო მოქმედებების ოქმებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან და სხვა წერილობით მტკიცებულებებთან, კერძოდ:
11. ყაჩაღობის ეპიზოდში დაზარალებულ ც. პ-ს ჩვენება სრულად თანხვდენილია, შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირების, ნეიტრალური მოწმეების – ი. კ-ს, თ. ე-ს, ვ. ს-ს ჩვენებებთან. მათი ჩვენებებით დგინდება, რომ 2023 წლის 23 ნოემბერს, იმყოფებოდნენ ... მდებარე სს „...“ N... მაღაზიაში, რომელშიც, დაახლოებით 13:35 საათზე, შევიდა უცხო პირი მას ხელში ეჭირა დიდი დანა, ც. პ-ს თმაში სტაცა ხელი და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულისა და სიგარეტების მიცემა. მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა გახსნა სალარო, თავდამსხმელმა სალაროდან ამოიღო ხურდის ჩასაყრელი, რომლის ქვეშაც ინახავენ დიდ კუპიურებს და დააგდო სალაროზე, შემდეგ ამოიღო ქაღალდის კუპიურები და ჩაიდო ჯიბეში. ამასთან, თავდამსხმელმა სიგარეტების ყუთიდან თვითონ წაიღო იმდენი სიგარეტი, რამდენის აღებაც ხელით შეძლო და გაიქცა. მოწმეებმა დაწვრილებით აღწერეს თავდამსხმელის გარეგნობა და ჩაცმულობა, რომელსაც სახეზე აფარებული ჰქონდა ბენდენა, რომელიც ფარავდა ცხვირის წვერიდან სახის ქვედა ნაწილს. თავდამსხმელს ერთ მომენტში ჩამოეწია ნიღაბი და სახე სრულად გამოუჩნდა, რის გამოც მოწმეებმა შეძლეს მისი დამახსოვრება. დაზარალებულ ც. პ-მ და მითითებულმა მოწმეებმა, მათი მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათით ამოცნობისას, დაწვრილებით აღწერეს თავდამსხმელის გარეგნობა და ჩაცმულობა. მათ ამოიცნეს შ. თ, და განმარტეს, რომ სწორედ მან დააყაჩაღა მაღაზია. მოწმეთა ჩვენებები დამატებით გამყარებულია შპს „...“ კუთვნილი მაღაზიიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით, რომელშიც ასახულია მომხდარი შემთხვევა. შესაბამისად, არ არსებობს რაიმე ობიექტური გარემოება, რაც მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და დამაჯერებლობის, ხოლო მათი ჩვენებების არგაზიარების საფუძველი გახდებოდა.
12. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულ ც. პ-ს, თ. ე-ს, ვ. ს-სა და ი. კ-ს მონაწილეობით ჩატარებული, შ. თ-ს ფოტოსურათით ამოცნობები წარმოებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე, რაც დასტურდება მითითებულ მოწმეთა და მათი ჩამტარებელი გამომძიებლების ხელმოწერებით. საგამოძიებო ოქმები შედგენილია და მათი საპროცესო დამაგრება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, კანონის მოთხოვნების დარღვევის გარეშე, ხოლო მათში მითითებული გარემოებების სისწორე, დადასტურებულია აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირის მიერ. მათი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა, საგამოძიებო მოქმედებებთან მიმართებით, არ დაფიქსირებულა. არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც მითითებული საგამოძიებო მოქმედებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
13. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდების ეპიზოდებს, აღნიშნული ბრალდებებიც დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, კერძოდ:
14. პოლიციის თანამშრომლის – დაზარალებულ რ. ი-ს ჩვენებით დგინდება, რომ მაღაზია ,,....” მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა გამოძიება. სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ აღნიშნული დანაშაული, შესაძლოა, ჩაედინა შ. თ-ს. მისი ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, პოლიციის თანამშრომლებთან – გ. ტ-სა და რ. თ-თან ერთად, გაემართა შ. თ-ს მეგობრის, ს. ჩ-ს საცხოვრებელ სახლში. მას ეცვა პოლიციის უნიფორმა. ამ დროს მათ დაინახეს შ. თ,, რომელიც შევიდა მაღაზია „....“, თან შეჰყვა რ. ი-ც. რ-მ შ. თ-ს შესვლისთანავე განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და სთხოვა, გარეთ გაჰყოლოდა. შ. დასთანხმდა. გარეთ გასვლისთანავე, შ. თ, რ. ი-ს თავს მოულოდნელად დაესხა, წააქცია, მოექცა მასზე ზემოდან და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამავე დროს, შ. თ, ძალადობით დაეუფლა ძირს წაქცეული რ. ი-ს იარაღს, რომელიც მას ედო შარვლის საქამრეში. რ. ყველანაირად ცდილობდა, შ. თ-სთვის არ მიეცა იარაღის წართმევის საშუალება, თუმცა ვინაიდან იგი ზემოდან მოექცა და, ამასთან, ფიზიკურად ძალადობდა მასზე, ვერ შეძლო კუთვნილი იარაღის დაცვა. იარაღის წართმევის შემდეგ შ. თ, იარაღის დამიზნებით, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა რ. ი-ს, რითაც საფრთხეს უქმნიდა, როგორც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აგრეთვე – იქ შეკრებილ ადამიანთა, ასევე, რ. ი-ს დასახმარებლად მისულ გ. ტ-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შ. თ-ს განიარაღება და მისი დაკავება მოხერხდა მხოლოდ გ. ტ-ს და რ. თ-ს აქტიური მოქმედებების შედეგად, ისინი ზემოდან დაახტნენ თ-ს და შებოჭეს. დაზარალებულ რ. ი-ს ჩვენება სრულად დადასტურებული და გამყარებულია, არა მხოლოდ მოწმე პოლიციელების – გ. ტ-ს და რ. თ-ს – ჩვენებებით, არამედ ასევე, შემთხვევის ადგილზე მყოფი უშუალო თვითმხილველი, ნეიტრალური პირების – ნ. ბ-ს, ზ. ბ-სა და მ. ტ-ს – ჩვენებებითაც. პოლიციელზე თავდასხმისა და მისი იარაღის დაუფლების ფაქტი აგრეთვე დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში გამოკვლეული ნივთიერი და წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან, მაღაზია ,,...” ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერებითა და ნ. ბ-ს მონაწილეობით ჩატარებული შ. თ-ს ამოცნობის ოქმით.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. თ-ს ბრალეულობა დადგენილია უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით. აქედან გამომდინარე, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით. შესაბამისად, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა ხელახლა შესაფასებლად დაცვის მხარის იმ არგუმენტებისა, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, არ არის მიზანშეწონილი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული, ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
17. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ შ. თ-ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე, ისევე როგორც წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა (ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, ვინაიდან ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აღნიშნულ დანაშაულებზე.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ო-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი