Facebook Twitter

საქმე N 180100124006434253

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1070აპ-24 ქ. თბილისი

კ. გ., 1070აპ-24 31 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ელიზბარ გოგრიჭიანის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილემ – ელიზბარ გოგრიჭიანმა, რომელიც ითხოვს გ. კ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის ნაცლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რამეთუ მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით – დაზარალებულ გ. კ-სა და მოწმე ე. ჩ-ს ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღების ოქმებითა და ამოღებული ტანსაცმლით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა. კერძოდ: გ. კ-მ დაადასტურა, რომ გ. კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო, სახეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის გამოც განიცადა ტკივილი; მანვე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დეტალურად მიუთითა, რის გამო მოუვიდათ კამათი, ასევე – იმ გარემობაზე, რომ ჯერ გ. კ-მ დაარტყა, რის შემდეგ მიაყენა მან საპასუხოდ დაზიანებები; საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებული ფაქტები გამორიცხავს სასამართლოს მტკიცებას, რომ გ. კ. იყო ნასვამი და დეტალურად არ ახსოვს მომხდარი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გ. კ-ს გადმოცემით, სწორედ გ. კ-მ დაარტყა ხელი; თავად გ. კ., სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში, გამორიცხავს გ. კ-სათვის დაზიანების მიყენებას, რამეთუ ამტკიცებს, რომ ვერ მოახერხა თავის დაცვა, მაშინ, როდესაც სამედიცინო ექსპერტიზს დასკვნით დადასტურებულია, რომ გ. კ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები; ამავდროულად, გ. კ-ს განმარტებით, როგორც ახსოვს, პირველმა გ. კ-მ დაარტყა, რის გამოც, ფაქტობრივად შურსძიების მოტივით მიაყენა საპასუხო დარტყმები გ. კ-ს. შესაბამისად, გ. კ-ს ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობა, რაც სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით, სწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განაჩენით გ. კ., – დაბადებული ... წლის 26 იანვარს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი.

3. ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრი დაედო გ. კ-ს, – დაბადებულს ... წლის 1 სექტემბერს, – და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. კ-მ ჩაიდინა: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ხოლო გ. კ-მ – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგით:

4.1. 2022 წლის 19 სექტემბერს, საღამოს საათებში, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნასვამმა გ. კ-მ გ. კ-ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა – სახისა და თავის არეში, დაახლოებით, ათჯერ დაარტყა ხელი, ხოლო წაქცევის შემდეგ ამოარტყა ფეხი სახის არეში, რის შედეგადაც, გ. კ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

4.2. 2022 წლის 19 სექტემბერს, საღამოს საათებში, თ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ხ-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. კ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გ. კ-ს – სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გ. კ-ს დაუზიანდა მარჯვენა თვალის არე და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – გ. ჯ-მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას და გ. კ-ს უდანაშაულოდ ცნობას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 აპრილის განაჩენი შეიცვალა; გ. კ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის 19 სექტემბერს, გ. კ-მ ობიექტურად განახორციელა სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღდეგო ხელყოფა, თავს დაესხა გ. კ-ს და დაუწყო ცემა, რა დროსაც, სუბიექტურად, გ. კ-ს ჰქონდა თავდაცვის მიზანი და მოქმედებდა თანაბარი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით. შესაბამისად, გ. კ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურ შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა გ. კ-ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა. მართალია დაზარალებულ გ. კ-ს მტკიცებით, როგორც ახსოვს, ურთიერთშელაპარაკების დროს, გ. კ-მ დაარტყა ხელი და თვალის არეში მიაყენა დაზიანება, რის საპასუხოდ, თავადაც დაარტყა მას რამდენჯერმე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების დროს, გ. კ-ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ გაქარწყლდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა გ. კ-ს სასარგებლოდ, კერძოდ:

11. დაზარალებულ გ. კ-ს ჩვენებით, შემთხვეის დღეს, შინ მიმავალს, ქუჩაში შემთხვევით შეხვდა გ. კ.. ისინი ქონებასთან დაკაშირებით შელაპარაკდნენ. გ. კ-მ დაუწყო გინება, რაც მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც ახსოვს, პირველმა გ. კ-მ დაარტყა რამდენჯერმე ხელი სახის არეში და თვალთან მიაყენა დაზიანება, რაც ეტკინა. საპასუხოდ, მანაც დაარტყა რამდენჯერმე ხელი სახის არეში გ. კ-ს, რომელიც წაიქცა, მან კი თავი გაანება. ისინი მეზობლად მცხოვრებმა ე. ჩ-მ გააშველა; გ. კ-ს ჩვენების საპირისპიროდ, მისგან დაზარალებულმა გ. კ-მ დაადასტურა, რომ თავის სახლთან მყოფს მიუახლოვდა ნასვამი გ. კ. და უთხრა, რომ „კისერი უნდა მოეტეხა მისთვის“, დედა შეაგინა და დაუწყო სახეში მუშტების რტყმა, რასაც არ ელოდა და, შესაბამისად, თავის დაცვა ვერ მოახერხა. გ. კ. ძლიერად ურტყამდა მუშტებს სახისა და თავის არეში, რის გამოც, განიცდიდა ტკივილს. როგორც ახსოვს, დაახლოებით, ათჯერ დაარტყა, რის შემდეგაც, დაეცა. მათთან მივიდა მეზობლად მცხოვრები ე. ჩ. და გააშველათ; სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილია, რომ შემთხვევის შედეგად, ერთი მხრივ, გ. კ-ს მარჯვენა ზედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო გ. კ-ს – თავის ტვინის შერყევა „Commotion cerebri“ ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თავის მრავლობითი ტრავმები, რომლებიც ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხვს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; გ. და გ. კ-ს ურთიერთსაპირისპირო ჩვენებების კვალდაკვალ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაქცია განსაკუთრებული ყურადრება შემთხვევის შემსწრე, ნეიტრალური მოწმის – ე. ჩ-ს – ჩვენებას, რომლის განმარტებით, სახლში მყოფს, ქუჩიდან შემოესმა გ. კ-ს გინების ხმა. რამდენიმე წამი დასჭირდა შემთხვევის ადგილზე მისასველად, სადაც გააშველა გ. და გ. კ-ები, რომლებიც ჩხუბობდნენ. ამ დროს გ. კ. იდგა ფეხზე, ხოლო გ. კ. ჩაჩოქილი, მანქანაზე იყო მიყუდებული. გ. კ. ზემოდან ურტყამდა, გ. კ. კი – ქვემოდან და ხელებს უჭერდა მას. გ. კ-მ გ. კ-ს, დაახლოებით, ორჯერ დაარტყა ხელი, გ. კ.მ კი – ერთხელ. გ. კ-ს მარჯვენა თვალთან ჰქონდა შესიება, გ. კ-ს კი ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სისხლი სდიოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემთხვევის შედეგად, გ. და გ. კ-სათვის მიყენებული დაზიანებების შედარებითა და შემთხვევის შემსწრე ე. ჩ-ს ჩვენებით აღდგენილი ვითარების გათვალისწინებით, სააპელაციო სასმართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, უტყუარად ვერ დაადასტურა, რომ გ. კ. მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ და, შესაბამისად, მტკიცებულებების შეფასების დროს ამ საკითხთან მიმართებით გაჩენილი გონივრული ეჭები, მართებულად გახდა მისი უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილის – ელიზბარ გოგრიჭიანის – საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი