Facebook Twitter

საქმე N 080100124008634202

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1137აპ-24 ქ. თბილისი

ნ. პ., 1137აპ-24 28 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. ნ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრებით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც არ არის გასაზიარებელი, რადგან, საქმის მასალებში, სხვა რაიმე ნეიტრალური მტკიცებულება არ მოიპოვება.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენით პ. ნ., – დაბადებული .. წელს – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

პ. ნ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 4 იანვრიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ნ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2024 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 21:20 .. მდებარე სახლში, ალკოჰოლით მთვრალი პ. ნ., სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას – ტ. ნ-ს, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ პ. ნ-ს მოთხოვნას უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. ამდენად, მუქარის შემადგენლობა სახეზე გვაქვს მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს დაემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით და ეს მუქარა ადამიანს გაუჩენს მუქარის აღსრულების საფუძვლიან შიშს.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ტ. ნ-ს ჩვენებით, მოწმეების – გ. გ-ს, დ. ქ-ს, გ. ჯ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის ბრალეულობა, კერძოდ:

12. დაზარალებულ ტ. ნ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას 2024 წლის 4 იანვარს, დაახლოებით 21:20 საათზე, .. მდებარე სახლში ალკოჰოლით მთვრალი პ. ნ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც მან აღიქვა რეალურად, შეეშინდა, მართლა არ მოეკლა და გამოიძახა პოლიცია. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მისი შვილი ხშირად სვამს და როდესაც იგი ნასვამია, ხდება უკონტროლო, უმნიშვნელო მიზეზით, სულ იწყებს ჩხუბს. იმ დღესაც, ფულის მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, პ. ნ. გახდა აგრესიული, დაუწყო გინება, უყვირა, წასულიყო სახლიდან და ოთახში არსებულ კარის მინას დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გაიბზარა მინა, შემდეგ კი მოკვლით დაემუქრა. ვინაიდან წინათ ჩადენილი მუქარისთვის პ. ნ. გათავისუფლებულია გირაოთი და ჯერ კიდევ არ დასჯილა, მას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი მუქარის აღსრულება. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ის, რასაც ჰყვება სასამართლოში, მცირე ნაწილია პ. ნ-ს ქმედებათაგან, დანარჩენის თქმა არ სურს.

13. ამდენად, დაზარალებულის ჩვენება არის თანმიმდევრული, დეტალური და დამაჯერებელი. იგი ასახელებს შემთხვევის ზუსტ ადგილს, მუქარის კონკრეტულ შინაარსს, მისი განხორციელების შესახებ შიშის განცდის ფაქტსა და აღნიშნულის მიზეზებს. ამასთან, მუქარის შემდეგ, შეშინებული დაზარალებული თვითონვე რეკავს ,,112-ში“ და ითხოვს დახმარებას, ამავდროულად, აფიქსირებს ინციდენტის ხასიათსა და შინაარსს. დაზარალებულის ჩვენებას სრულად შეესაბამება მოწმე პოლიციელების – გ. გ-ს, დ. ქ-სა და გ. ჯ-ს ჩვენებები. დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, ისინი მაშინვე გამოცხადდნენ დაზარალებულისა და ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში. მოწმეებმა განმარტეს, რომ ტ. ნ. დახვდათ აღელვებული, პ. იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ხოლო ერთ-ერთი კარის მინა დახვდათ გაბზარული. გარდა ამისა, დაზარალებულ ტ. ნ-ს ჩვენება სრულად თანხვდენილია ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და პ. ნ-ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ პ. ნ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ პ. ნ-ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი