Facebook Twitter

საქმე N 140100122005394975

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1082აპ-24 ქ. თბილისი

ჯ. ო. დ., 1082აპ-24 28 იანვარი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ქ. ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ჯ. ო.ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც, გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი; სასამართლომ არასწორად შეაფასა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გამართლებულების ბრალეულობა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

2.1. დ. ჯ. ო-ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; თაღლითობა, ესე იგი, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით.

2.2. ჯ. ქ-მ ო-ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

ჯ. ქ-მ ო-სა და დ. ჯ. ო.ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2019 წლის 22 აპრილს, დ. ჯ. ო. და ჯ. ქ-მ ო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ კ-ს რაიონის სოფელ ფ-ში მცხოვრები იარადანგული ფ. ო-ს 9 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითიც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით − 20 928 ლარის ზიანი;

ü 2019 წლის 19 მაისიდან 24 მაისამდე, დ. ჯ. ო., ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა კ-ს რაიონის სოფელ ფ-ში მცხოვრებ დ. გ-ს 33 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რითიც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით − 77 888 ლარის ზიანი.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განაჩენით:

3.1. დ. ჯ. ო., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ჯ. ქ-მ ო., − დაბადებული ... წელს, − ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

გამართლებულებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ. პროკურორმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულების დამნაშავედ ცნობა მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ქმედებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის მოსაზრებას, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ. ქ-მ ო.ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო დ. ჯ. ო.ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ჯ. ქ-მ ო.სა და დ. ჯ. ო.ს ბრალეულობასთან მიმართებით, რაც, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არ დადასტურდა, რომ დაკლული საქონლის ხორცის შესყიდვასა და რეალიზაციას, დ. ჯ. ო. ან ჯ. ქ-მ ო. ახდენდნენ და, რომ, მათ გააჩნდათ, მოტყუებით, საქონლის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ, დეტალურად მიმოიხილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, ხოლო, მეორე მხრივ, მათ შინაარსზე დაყრდნობით, შესაბამისი არგუმენტების მითითებით, მართებულად დაადგინა, რომ ჯ. ქ-მ ო.სა და დ. ჯ. ო.ს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენიათ. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

10. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ დოხნაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი