საქმე # 330100123006962518
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №787აპ-24 ქ. თბილისი
ბ. გ. 787აპ-24 27 დეკემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ. ხ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. ბ–ს – პ/ნ ........ ბრალად ედებოდა:
1.1. ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.1.1. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ–ს-, რომელიც ორჯერ ნასამართლევია სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, 2023 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ..., ქ. .. ქუჩა №... მდებარე შპს „ი–ს“-ის აფთიაქში, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, 9 მმ კალიბრის, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხა ამავე აფთიაქის ფარმაცევტს მ. ღ–სს, რომელსაც სალაროდან გასტაცა შპს „ი–ს“-ის კუთვნილი ფულადი თანხა 1623 ლარის ოდენობით. ასევე, გ. ბ–ს-მ მ. ღ–ს, იარაღის მუქარით, ხელიდან მოახსნევინა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა 1500 ლარად ღირებული საქორწინო ოქროს ბეჭედი და 500 ლარად ღირებული ბრილიანტის თვლებით გაწყობილი ოქროს ბეჭედი, რის შემდგომაც გ. ბ–ს-, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამავე აფთიაქში არსებულ მ. ღ–სს კუთვნილ ხელჩანთას, მასში მოთავსებული ნივთებით და 35 ლარის ოდენობის ფულადი თანხით, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. ბ–ს-მ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით მ. ღ–ს საერთო ჯამში 2035 (ორიათას ოცდათხუთმეტი) ლარის, ხოლო შპს „ი–ს“-ს 1623 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა.
1.2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის) მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება და გადაზიდვა), დანაშაული გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.2.1. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ–ს-მ, რომელიც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება და გადაზიდვისათვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (2003 წლის 10 ნოემბერის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თ..., კ... მ–ს ქუჩა №---ში მდებარე თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ და გამოსაყენებლად ვარგის ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრის, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს, ნომრით ......., რომელსაც კუსტარული წესით შეცვლილი აქვს ლულა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიკუთვნებულ, გამოსაყენებლად ვარგის 8 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ. კალიბრის ვაზნას, რომლებიც განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის. ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებული იქნა 2023 წლის 17 იანვარს, გ. ბ–ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
1.3. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება და გადაზიდვა), – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
1.3.1. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ–ს, რომელიც ნასამართლევია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება და გადაზიდვისათვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (2003 წლის 10 ნოემბრის მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, 2023 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ..., ქ... ქუჩა №.... მდებარე შპს „ი–ს"-ის აფთიაქში, მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ და გამოსაყენებლად ვარგის ერთ ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, კუსტარული წესით ლულა შეცვლილ, 9 მმ კალიბრის, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს, ნომრით ......
1.4. მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
1.4.1. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
გ. ბ–მ, რომელიც ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და თ..., კ... მ–სის ქუჩა №---ში მდებარე თავის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა მწვანე ფერის გამომშრალ მცენარეულ მასას, საერთო წონით 9,65 გრამს, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც ამოღებული იქნა 2023 წლის 17 იანვარს, გ. ბ–სის ზემოაღნიშნული დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით:
2.1. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.2. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.3. გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.4. გ. ბ–ს- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 300 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
2.5. მასვე, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.6.1. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ბ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
2.7. გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2023 წლის 17 იანვრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ გ. ბ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ. ხ–მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ გ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
4.1. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, განაცხადა, რომ მსჯავრდებული გ. ბ–ს სრულად აღიარებს და ინანიებს მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ხ. ხ–ს ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განაჩენის გაუქმებას, გ. ბ–სის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს გ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ბ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 17 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2023 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ მ. ღ–სს, მოწმეთა: თ. ვ-ის, ი. ტ-ის, გ.- ბ–ს, ი. კ-ს, დ. გ-ს, გ. ს-ს, ი. ა-ს, გ. ჩ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შპს „ი-“-ის დივიარიდან (DVR) გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, შპს „ნ-დან“ გამოთხოვილი ჩანაწერებით,ქ. თ..., ვ-ში მდებარე თ–ს სატრანსპორტო კომპანიიდან გამოთხოვილი N... სამარშუტო ავტობუსის, სახ. ნომრით ....., დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების 2023 წლის 15 იანვრის 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის პერიოდის ჩანაწერებით, შპს „ო-დან“ გამოთხოვილი ჩანაწერებით და მათი დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, 2023 წლის 17 იანვრის ბინის ჩხრეკის ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის N.. დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ბ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
5. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ მ. ღ–ს ჩვენებას, რომელმაც თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერა 2023 წლის 15 იანვარს მის სამუშაო ადგილას განვითარებული მოვლენები. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც შექმნიდა საფუძვლიან ეჭვს დაზარალებულის მიკერძოებისა და საქმის შედეგით პირადი დაინტერესების შესახებ. დაზარალებული მკაფიოდ, ბუნდოვანების გარეშე, ერთმნიშვნელოვნად აღწერს და ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ თითოეულ დეტალს (2023 წლის 15 იანვარს თ..., ქ... ქუჩა N---ში მდებარე შპს ,,ი–“-ის აფთიაქში შევიდა პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით თავს დაესხა მ. ღ–სს, იარაღის მუქარით მოახსნევინა და გამოართვა ბაჯაღლოს ნიშნობის ბეჭედი და ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი, აფთიაქის სალაროდან აიღო ფულადი თანხა, სალაროს ხურდების ყუთი; ასევე თავდამსხმელმა წაიღო მ. ღ–ს კუთვნილი ტყავის ხელჩანთა, სადაც მოთავსებული იყო საფულე, პირადი საბუთები და ფულადი თანხა 35 ლარის ოდენობით. საპირფარეშოში შეყვანისას თავდამსხმელს ჩამოეწია პირბადე და მ. ღ–მ კარგად დაინახა მისი სახე. თავდამსხმელის წასვლის შემდეგ მენეჯერთან შეთანხმებით დაზარალებულმა დარეკა 112-ში).
5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენება თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ შპს ,,ი-“-ის აფთიაქიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებთან და მათი დათვალიერების ოქმებთან, რომელზეც ასახულია თუ როგორ გადაადგილდება აფთიაქის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდამსხმელი და ჩადის დანაშაულებრივ ქმედებას.
5.1.1. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ვინაიდან, ვიდეოჩანაწერებში არ ჩანს აფთიაქში შესული პირის სახე (რადგან უკეთია პირბადე) ვერ ხდება დადასტურება, რომ პირი, რომელმაც აფთიაქში ჩაიდინა ყაჩაღობა ნამდვილად გ. ბ–ს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ვიდეოჩანაწერში დაზარალებულის ჩვენების იდენტურად არის ასახული ყაჩაღობის ჩამდენი პირის გადაადგილება და მოქმედებები. გ. ბ. ამოიცნო დაზარალებულმა მ. ღ–მ(ვინაიდან დაზარალებულის საპირფარეშოში შეყვანისას გ. ბ–ს ჩამოეწია პირბადე და მ. ღ–მ კარგად დაინახა მისი სახე), სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ოდოროლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თ..., ქ. .. ქუჩა №... მდებარე „ი-ა“-ს აფთიაქში განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: აფთიაქის სალაროს მაგიდის შიდა მხარეს და სალაროს უკან მდებარე საპირფარეშოს წინ მეტლახის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ გ. ზ-ს ძე ბ-ისაგან (დაბადებული .... წელს) აღებული სუნის ნიმუშის.
5.1.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, დაზარალებულ მ. ღ–სს განმარტებებს გ. ბ–ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული N ....... 9მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტის დათვალიერების ფარგლებში. დაზარალებულის განმარტებით მოცემული პისტოლეტი ანალოგიური, მსგავსი და იდენტურია იმ პისტოლეტის, რომელიც ბოროტმოქმედს ეჭირა ხელში და რომლის მუქარითაც 2023 წლის 15 იანვარს ქ. თ..., ქ... ქუჩა N..ში მდებარე აფთიაქ შპს „ი–ს“-ში გასტაცა პირადი ოქროს ნივთები და აფთიაქის კუთვნილი ფულადი თანხა.
5.2. სასამართლო ითვალისწინებს ასევე პოლიციის თანამშრომელთა, მოწმეთა: გ. ბ–სა და ი. ტ–ს ჩვენებებს და მათი მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობის ოქმებს, რომლითაც დგინდება, რომ 2023 წლის 15 იანვარს დაახლოებით 19:00 საათზე გ. ბ–ს და ი. ტ–ე ფეხით პატრულირებდნენ შპს ,,ი-“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათი ყურადღება მიიპყრო ჩქარი ნაბიჯით მიმავალმა მამაკაცმა, რომელსაც პირბადე ჩამოწეული ჰქონდა და მისი სახე კარგად დაამახსოვრდათ. ფარმაცევტ მ. ღ–ს მიერ აღწერილი თავდამსხმელის ვიზუალური მახასიათებლები ემთხვეოდა იმ მამაკაცის ვიზუალურ მონაცემებს, რომელიც მათ ქუჩაში შეხვდათ. ი. ტ–მ და გ. ბ–მ ფოტოსურათით ამოცნობისას ამოიცნეს გ. ბ–ს-, რომელიც იყო ის პირი, რომელმაც მათი ყურადღება მიიპყრო 2023 წლის 15 იანვარს ქ.... ქუჩაზე შეხვედრისას.
5.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა მ. ღ–მ და პოლიციის თანამშრომლებმა გ. ბ–მ და ი. ტ–მ გ. ბ–ს ამოცნობის ოქმებში იდენტურად აღწერეს გ. ბ–სის გარეგნული მონაცემები, რითიც ამოიცნეს მსჯავრდებული.
5.3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია სამარშუტო N.. ავტობუსის, სუპერმარკეტ „ნ-ს“, მაღაზია ,,ო- ს’’ და მაღაზია ,,ა- ს’’ ვიდეოჩანაწერები, რომლითაც დგინდება თუ როგორ გადაადგილდება გ. ბ–ს ქ.... ქუჩის და თ–ს გზატკეცილის მიმართულებით.
5.4. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: ბინის ჩხრეკის ოქმით, ჩხრეკაში მონაწილე პირთა: ს–ს, დ. გ–ს, გ. ს–ს, გ. ჩ–ს, ი. ა–ს, ი. კ–ს, ჩვენებებით, ბინის ჩხრეკის ვიდეოჩანაწერით, გამომძიებელ მიხეილ ბაინდურაშვილის, მოწმეთა: გ. ქ–სა და მ. ღ–ს ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის N... და N... ასკვნებით, 2023 წლის 25 იანვრის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წერილით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ბ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა((2023 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ((2023 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ბ–ს ბინის ჩხრეკის ოქმითა და ვიდეოჩანაწერით, მოწმეთა: ს–ს, დ. გ–ს, გ. ს–ს, გ. ჩ–ს, ი. ა–ს, ი. კ–ს, ჩვენებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ 2023 წლის 17 იანვარს ქ. თ..., .........ის ქუჩა ..-ში გ. ბ–ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გ. ბ–სის საწოლში, ლეიბის ქვეშ არსებული მატრასის ზედაპირიდან ამოიღეს შავი ფერის პისტოლეტის მაგვარი საგანი, მჭიდით და 8 ცალი ვაზნით, სერიული ნომრით ...., მოყავისფრო ფერის ტარით (ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებული პისტოლეტი სერიული ნომრით ... არის ქარხნული წესით დამზადებული, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი, რომელსაც კუსტარული წესით შეცვლილი აქვს ლულა. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას). საგამოძიებო მოქმედება - ბინის ჩხრეკის დროს ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში, სადაც ასახულია თუ როგორ იქნა ნაპოვნი და ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი. მითითებულ საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა გ. ბ–ს დედა, რომელსაც რაიმე უკმაყოფილება, პრეტენზია ან გაკვირვება იარაღის პოვნისას არ გამოუხატავს.
8. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს სასამართლო დაცვის მხარის მსჯელობას, საგამოძიებო მოქმედება – ბინის ჩხრეკის – ამსახველი ვიდეოჩანაწერის არ გაზიარების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჩანაწერში არ ჩანს იარაღის აღმოჩენის ფაქტი. სასამართლო ერთი მხრივ კვლავაც აღნიშნავს ვიდეოგადაღების მნიშვნელობას ჩხრეკის მიმდინარეობის და მისი იმგვარად წარმოების საჭიროებას, რომ ვიდეოჩანაწერში სრულყოფილად იქნეს აღბეჭდილი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის უშუალოდ აღმოჩენის და ამოღების ვითარება. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ჩხრეკის პროცესის გადაღება მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში, მშვიდ ვითარებაში, გ. ბ–ს დედის მონაწილეობით, გასაჩხრეკ ოთახში საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას იყო სივიწროვე (ოთახის ზომიდან და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა რაოდენობის გათვალისწინებით), თუმცა ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილია პისტოლეტის მაგვარი საგნის აღმოჩენის, ამოღებისა და სათანადო წესით დალუქვის ფაქტები.
8.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჩხრეკის ოქმი ხელმოწერილია გ. ბ–ს ადვოკატ ხ. ხ–ს მიერ. ამასთან, დაცვის მხარეს რაიმე სახის შენიშვნა ოქმზე არ გაუკეთებია (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 145-167).
9. დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ასევე სასამართლო საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ გ. ბ–ს დედისათვის არ გაუცვნიათ ჩხრეკის შესახებ დადგენილება, რადგან აღნიშნულის საპირისპიროდ, ჩანაწერში ასახულია, რომ მ. ბ-ს გამომძიებელი უმარტავს, რომ უნდა ჩატარდეს ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით, რომელსაც უნდა დაესწროს, ავსებს შესაბამის დოკუმენტებს და მ. ბ-ის თანდასწრებით იწყება საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც გასაღებით აღებენ ოთახს და შედიან როგორც საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები, ასევე თავად მ. ბ.
10. გ. ბ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ მ. ღ–ს ჩვენებას, აფთიაქის შიდა პერიმეტრის ვიდეოჩანაწერებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და მ. ღ–ს მონაწილეობით ცეცხლსასროლი იარაღის დათვალიერების ოქმებს (მ. ღ–მ ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და მისი მონაწილეობით ცეცხლსასროლი იარაღის დათვალიერების ოქმში დაადასტურა, რომ მითითებული იარაღი იყო სწორედ ის იარაღი, რომლითაც გ. ბ–ს თავს დაესხა 2023 წლის 15 იანვარს აფთიაქ შპს „ი–ს“-ში.), ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას. აღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ბ–ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გარდა მსჯავრდებულ გ. ბ–სის აღიარებისა დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის ბინის ჩხრეკის ოქმით, ჩხრეკის მიმდინარეობისას გადაღებული ვიდეოჩანაწერით, ჩხრეკაში მონაწილე პირთა: ს–ს, დ. გ–ს, გ. ს–ს, გ. ჩ–ს, ი. ა–ს, ი. კ–ს, ჩვენებებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. აღნიშნულს საკასაციო საჩივრის სამოტივაციო ნაწილში სადავოდ არ ხდის არც დაცვის მხარე.
12. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ საქმე განიხილა არასრულყოფილად და ცალმხრივად, რაც საქართველოს სსსკ-ის თანახმად წარმოადგენს განაჩენის გაუქმების საფუძველს.
12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის მტკიცება დაუსაბუთებელია. კასატორი არ უთითებს კონკრეტულად რომელი მტკიცებულება/მტკიცებულებები ადასტურებენ სასამართლო განხილვის ცალმხრივობას და განაჩენის უკანონობას. კასატორი ახდენს მხოლოდ სს საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილის მოკლე შინაარსის გადმოცემას. ამასთან უთითებს, რომ სასამართლო განხილვის ცალხმრივობის და არასრულყოფილების შესახებ მისი დასკვნების მართებულობის შესახებ დეტალურად მოახსენებს საჩივრის განხილვისას.
12.2. საკასაციო სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-31 ნაწილს, ასევე იმ გარემოებას, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს“(იხ. Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76 ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Nersesyan, cited above, par.22; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009). იმავდროულად, კასატორის მიერ მოთხოვნის უშუალოდ საკასაციო საჩივარში დასაბუთების ვალდებულებას.
12.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კასატორმა მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვებობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას რაც გულისხმობს, რომ მკაფიოდ უნდა იყოს იდენტიფიცირებული რატომ ასაჩივრებს და კონკრეტულად რითი ასაბუთებს კასატორი საკუთარ პოზიციას. შესაბამისად, კასატორმა უნდა განსაზღვროს და მიუთითოს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის კონკრეტული არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლში მითითებული ერთი ანდა რამდენიმე წინაპირობის არსებობას; საკითხები, რომლებიც ქვედა ინსტანციის სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა, არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც განაჩენის დამდგენი სასამართლოს მიერ, კასატორის აზრით, უკანონოდ ანდა დაუსაბუთებლად არ იყო გაზიარებული (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 20 მაისი განჩინება საქმეზე N1442აპ-23, პარ.8-8.1.; 2024 წლის 1 აპრილის განჩინება საქმეზე N 1168აპ-23, პარ. 8.1; 2024 წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე N 1193აპ-23, პარ. 14; 2022 წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმეზე N 468აპ-22, პარ.28).
13. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.
14. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს – 300 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
14.2. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გ. ბ. უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის – 300 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისაგან.
14.3. სასამართლო ითვალისწინებს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
14.3.1. შესაბამისად, გ. ბ–ს უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ბ–სათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მსჯავრად შერაცხილი დანაშაულებისათვის განსაზღვრულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ ვრცელდება, ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია მათ შორის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლითა და 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა)).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განაჩენში კი უნდა შევიდეს ცვლილება და გ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ხ. ხ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2023 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. გ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 300 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
7. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ. ბ–ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
8. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გ. ბ. გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელის მოხდისაგან;
8.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად გ. ბ–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა);
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
10. გ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავებიდან - 2023 წლის 17 იანვრიდან.
11. მაღაზია "ა-დან" გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები, ჩაწერილი ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;
12. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
13. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი