ს საქმე N 210100122005387181
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1239აპ-24 ქ. თბილისი
ა–ი მ., 1239აპ-24 18 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ა–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2021 წლის 4 ოქტომბერს, დილის საათებში, ს–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე მ. ა–ს საცხოვრებელ სახლში, მეუღლის – მ. ა–ს – მიერ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი სისტემატური დამცირების გამო, მ. ა–მ სხვადასხვა მედიკამენტის გადაჭარბებული მიღებით სცადა თვითმკვლელობა.
1.2. 2021 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრამდე, მ. ა–ი არასრულწლოვანი შვილების – ა. და კ. ა–ების – თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს – მ. ა–ს – რის გამოც, დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
2. მ. ა–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მ. ა–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანა ცუცქირიძემ – რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მიხეილ კუპრაშვილმა – რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილ ბრალდებებში, ვინაიდან მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა – მ. ა–მ – და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა – კ. და ა. ა–ებმა – გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს, ხოლო დაზარალებულის ძმამ – ბ. ვ–მა – არ დაადასტურა გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაცია, საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით: წერილობითი შეტყობინებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და სხვა სამხილებით – სარწმუნოდ დასტურდება მ. ა–ს ბრალეულობა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა მ. ა–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულმა – მ. ა–მ – და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა – კ. და ა. ა–ებმა – სასამართლოს არ მისცეს მ. ა–ს საწინააღმდეგო ჩვენებები და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია, დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მ. ა–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენაზე, საქმის მასალებში არ იკვეთება. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის – ა. კ–ს – ჩვენებით, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, გამოირიცხა დაზარალებულის მიერ მიღებული მედიკამენტებით ლეტალური შედეგის შესაძლებლობა, ხოლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ. ა–ს ქმედებების შედეგად მ. ა–ს ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად ვერ დაადასტურა მ. ა–ს ბრალეულობა.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი