Facebook Twitter

¹3-45-01 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე)

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 30 აპრილს სს “თ-მა” სარჩელი აღძრა სასამართლოში ,,გ-ის” მიმართ და მოითხოვა გაზსადენების უკანონო მფლობელისაგან გამოთხოვა, 1996წ. 13 აგვისტოს კონტრაქტის შეწყვეტა და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის სახით 2,6 მილიონი ლარის “გ-ზე” დაკისრება.

მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხემ დაარღვია 1996წ. 13 აგვისტოს კონტრაქტის პირობები _ უხარისხოდ და არასრული მოცულობით ჩაატარა აღდგენითი სამუშაოები და არ წარმოუდგენია მას ტექნიკური დოკუმენტაცია, რამაც ხელი შეუშალა მოსარჩელეს მიეღო გაზსადენი ექსპლუატაციაში. ამის გამო ვერ გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება ქსელებისა და მათზე არსებული მოწყობილობების საექსპლუატაციო მომსახურების შესახებ; შპს “გ-ი” ყოველგვარი იურიდიული საფუძვლისა და ნებართვის გარეშე შეიჭრა და უნებართვოდ დაეპატრონა “თ-ის” კუთვნილ სხვა გაზსადენებსაც, მოახდინა მისი უკანონო გადაჭრა-გადართვა, ექსპლუატაციაში მიუღებელი გაჩიანი-ფონიჭალა-ბაგების მაგისტრალური გაზსადენიდან შეუშვა აღნიშნულ მილსადენებში გაზი და დაიწყო თბილისის მომხმარებლების გაზით მომარაგება.

1999წ. 21 სექტემბერს შპს “გ-მა” შეგებებული სარჩელით მოითხოვა 1996წ. 13 აგვისტოს კონტრაქტის ბათილად ცნობა და 1296210 ლარის მოსარჩელეზე დაკისრება. აღნიშნული თანხა შეადგენდა, როგორც კონტრაქტით შესრულებული სამუშაოების ღირებულებას (420330 ლარი), ისე თბილისის ტერიტორიაზე ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების ღირებულებასაც (495880 ლარი), ასევე მიუღებელ შემოსავალსა და მორალურ ზიანს _ 380000 ლარს.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს “თ-ის” სარჩელი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “გ-ის” შეგებებული სარჩელი და “თ-ს” “გ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 1235900 ლარის გადახდა. ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 1996წ. 13 აგვისტოს დადებული კონტრაქტი, როგორც ცდომილების ზეგავლენით დადებული გარიგება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “თ-ის” სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს “თ-ის” სარჩელი. შეწყვეტილ იქნა ტრესტ “თ-სა” და შპს “დ-ას” შორის 1996წ. 13 აგვისტოს დადებული კონტრაქტი, შპს “თ-ს” დაუბრუნდა მისი კუთვნილი გაზსადენები. სს “თ-ს” უარი ეთქვა მიუღებელი შემოსავლის 2196632 ლარის შპს “გ-ისათვის” დაკისრებაზე. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “გ-ის” შეგებებული სარჩელი და სს “თ-ს” გადასახდელად დაეკისრა 916210 ლარი შპს “გ-ის” სასარგებლოდ, შპს “გ-ის” მოთხოვნებს 1996წ. 13 აგვისტოს კონტრაქტის ბათილად ცნობისა და 183242 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწაერმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 საქტემბრის გადაწყვეტილებით სს “თ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება სს “თ-ისათვის” მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. სს “თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “გ-ს” სს “თ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 1916830 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

შპს ,,გ-მა” საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა განცხადებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ. განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ ს.ს. ,,თ-ი” პრივატიზების მიზნით წარდგენილია ტენდერზე, რის გამოც მისი სამეურნეო და საფინანსო მონაცემები ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის, მათ შორის განმცხადებლისათვის. აღნიშნული და სხვა ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ს.ს. “თ-ი” წლების მანძილზე იყო ზარალიანი ორგანიზაცია. კერძოდ, 2000 წელს ორგანიზაციის საბალანსო ზარალმა შეადგინა 9216000 ლარი.

განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ ს.ს. ,,თ-ზე” მათ მიერ 2001წ. მარტიდან ქსელის გადაცემის შემდეგ, გაიზარდა მიღებული ზარალის მოცულობა ნაცვლად შემოსავლებით მიღებული მოგების ზრდისა. კერძოდ, თუ 2000 წელში ბუნებრივი აირის დანაკარგებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 37,1%, 2001წ. 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 56,7%-მდე. განმცხადებლის აზრით, აღნიშნულით მტკიცდება, რომ ს.ს. ,,თ-ზე” მათგან ქსელების გადაცემამ გამოიწვია მათი ზარალის გაზრდა 19,6%-ით.

განმცხადებელმა მიუთითა, რომ 1998-2000 წლებში ს.ს. ,,თ-მა” მიიღო 276,7 მილიონი მ3 ბუნებრივი აირი. მისი რეალიზაციიდან მიღებულმა ზარალმა შეადგინა 20,5 მილიონი ლარი. ამრიგად, აღდგენილი ქსელების ექსპლუატაციამ არა თუ დაუკარგა შემოსავლები ,,თ-ს”, არამედ თავიდან ააცილა ზარალი, რომელმაც შეადგინა 1,54 მილიონი ლარი. ს.ს. ,,თ-ის” მიერ სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან გამოიყო 1,235 მილიონი ლარი, ხოლო 2001 წ. პირველ ნახევარში _ 2,21 მილიონი ლარი. განმცხადებელი თვლის, რომ ჩამოთვლილი გარემოებები უშუალო კავშირშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

აღნიშნულიდან გამომდენარე, განმცხადებელმა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღნოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის I ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის მიხედვით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის III ნაწილის თანახმად, ამ მუხლის I ნაწილის ,,ე”-,,ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელს სასამართლოში საქმის განხილვის დროს შეეძლო წარმოედგინა ინფორმაცია ,,თ-ის” საფინანსო და სამეურნეო მონაცემების შესახებ, მიეღო აუდიტის დასკვნა და მოეთხოვა ექსპერტიზის ჩატარება. გარდა ამისა, თუ შპს ,,გ-მა” ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ შეძლო წერილობით მტკიცებულებათა მიღება იმ პირისაგან ვისთანაც ისინი იმყოფებოდა, მას შეეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლოს წინაშე დაეყენებინა შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, რაც მხარეს არ გაუკეთებია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “გ-ის” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 სექტემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.