Facebook Twitter

საქმე # 330100124009185209

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1255აპ-24 18 თებერვალი, 2025 წელი

ბ–ე რ., 1255აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენით რ. ბ–ე, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეუნქტით შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 12 ივნისიდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 8 მაისის ჩათვლით.

2. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ბ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2024 წლის 18 მარტს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ბერი ....ის გამზირის №..-ის № ..ბინაში, რ. ბ–მ არასრულწლოვან შვილს – ა. ბ–ს – ორჯერ მიარტყმევინა თავი კარზე, რის შედეგადაც ბავშვმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, საღამოს საათებში, ქ. თ–ში, .....ის ქუჩის №.. კორპუსის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლში, რ. ბ–მ არასრულწლოვანი შვილის – ა. ბ–ს –თანდასწრებით, მეუღლეს – ე. ბ–ს – ლეპტოპი ჩაარტყა თავისა და მარცხენა ხელის არეში, ჰაერის გამაგრილებელი მოწყობილობა და ხისჩარჩოიანი სურათი კი ჩაარტყა ზურგის არეში. რ. ბ–ს ქმედებების შედეგად ე. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – ნ. გ–მა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 12 ივნისის განაჩენი; რ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეუნქტით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეუნქტით შეფარდებული სასჯელი და, საბოლოოდ, განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 18 მარტიდან 2024 წლის 8 მაისის ჩათვლით, ასევე – 2024 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნათია ქომოშვილმა – რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და რ. ბ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიების გაუტარებლობა, ისევე როგორც – მსგავსი დანაშაულების მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება – გამართლებელია, რადგან გენერალური პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე მცირდება. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რამეთუ რ. ბ–ს ექნება განცდა, რომ ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლო არ შეუფარდებს სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რომელიც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი და ვერ მიიღწევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნები.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების (აღიარა ჩადენილი დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას; დაზარალებულებთან შერიგებულია) გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რ. ბ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; არ არის ნასამართლევი) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილელობა არ იკვეთება, გამომდინარე დაზარალებულ ე. ბ–ს პოზიციიდან (რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულის მსუბუქად დასჯა) და იმის გათვალისწინებით, რომ რ. ბ–მ გაიარა ალკოჰოლის საწინააღმდეგო მაბლოკირებელი თერაპია, რაც მისი ძალადობრივი ქცევის მაპროვოცირებელ ფაქტორად იყო გამოკვეთილი. საკასაციო საჩივარში განვითარებული ზოგადი მსჯელობა სასჯელის მიზნებსა და სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას გასათვალისწინებელი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების თაობაზე, ვერ დაედება საფუძვლად რ. ბ–ს შეფარდებული, კონკრეტული სასჯელის გამკაცრებას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი