საქმე # 190100124009205682
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1191აპ-24 18 თებერვალი, 2025 წელი
გ–ი ვ., 1191აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის განაჩენით ვ. გ–ი, – დაბადებული ....., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2024 წლის 24 მარტიდან 2024 წლის 26 მარტის ჩათვლით. ვ. გ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, ასევე დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. გ–მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2024 წლის 23 მარტს, დაახლოებით, 20:30 საათიდან 20:55 საათამდე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში, თავის სახლში, ყოფით საკითხებზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ვ. გ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემურა მეუღლეს – უ. მ–ს – და დას – რ. ა–ს. კერძოდ, დაამტვრია სახლში არსებული ჭურჭელი, უთხრა, რომ მოკლავდა მათ, ბენზინს შეასხამდა სახლს და მათაც დაწვავდა. ვ. გ–ს მუქარა უ. მ–მ და რ. ა–მ აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა – რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ვ. გ–იისათვის სასჯელის გამკაცრებას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სალომე ქემაშვილმა – რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ვ. გ–სათვის სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მიუხედავად მსჯავრდებულის ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისა, სასამართლომ მას შეუფარდა შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს განზრახი დანაშაული და მისმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა დაზარალებულს, ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, შერჩეული სასჯელი განსაკუთრებით შეუსაბამოა ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან.
6. მსჯავრდებული ვ. გ–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი – ნ. ტ–ე – საკასაციო შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. კასატორის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვ. გ–ს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობა, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება, რამდენადაც სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – ვ. გ–სათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადითა და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის ვალდებულების დაკისრებით არის დაზღვეული.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი