საქმე N 190100124008921748
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1248აპ-24 ქ. თბილისი
გ–ი რ., 1248აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. გ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. გ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.1. 2024 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით, 12:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ს მიმდებარედ, ქ. თ–ს შემოვლით გზაზე, თ. დ–ე მართავდა „სუბარუს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით: .......). მსვლელობისას გზის სავალ ნაწილზე მას წინ გადაუდგა რ. გ–ი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უმალვე ჩაჯდა თ. დ–ს ავტომანქანაში და ძალის გამოყენებით, საჭეზე ხელის ძლიერად ჩავლებითა და სატერფულებზე ფეხით შეხებით, ცდილობდა მძღოლის ადგილზე დაჯდომასა და ავტომანქანის დაუფლებას, თუმცა განზრახვა ვერ აღასრულა, ვინაიდან ამ ფაქტს შეესწრო თ. დ–ს შვილი – ფ. დ–ე – რომელმაც რ. გ–ი ძალის გამოყენებით გადმოიყვანა ავტომანქანიდან. რ. გ–სის მიერ ჩადენილი ქმედების ბოლომდე მიყვანის შემთხვევაში, ფ. დ–ს მიადგებოდა – 7000 აშშ დოლარის – დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. რ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენით რ. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, რ. გ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 5000 ლარი.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. გ–მა ჩაიდინა: ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2024 წლის 8 თებერვალს, დაახლოებით, 12:30 საათზე, გ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ გ–ს მიმდებარედ, ქ. თ–ს შემოვლით გზაზე, თ. დ–ე მართავდა „სუბარუს“ მარკის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით: ........). მსვლელობისას გზის სავალ ნაწილზე მას წინ გადაუდგა რ. გ–ი, რომელიც უმალვე ჩაჯდა თ. დ–ს ავტომანქანაში და ცდილობდა მძღოლის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, დამგზავრებოდა და ერთად გადაადგილებულიყვნენ ავტომანქანით, თუმცა განზრახვა ვერ აღასრულა, ვინაიდან ამ ფაქტს შეესწრო თ. დ–ს შვილი – ფ. დ–ე – რომელმაც რ. გ–ი ძალის გამოყენებით გადმოიყვანა ავტომანქანიდან.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და რ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო, მეორე მხრივ, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და რ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენისათვის.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის განაჩენი შეიცვალა: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, რ. გ–ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან – 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით და აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები, გარდა, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა; რ. გ–სის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2024 წლის 8 თებერვლიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ – პირიქით, მსჯავრდება ემყარება ეჭვებსა და ვარაუდებს, რაც საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებედლი და უკანონოა, რამეთუ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, რ. გ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის ჩადენისთვისაც იგი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცების საპირისპიროდ, რომ რ. გ–ი მხოლოდ მას შემდეგ ჩაეჭიდა თ. დ–ს ავტომანქანის საჭეს, როდესაც მისთვის უცნობი ადამიანი შეეცადა მანქანიდან მის იძულებით გადმოყვანას, შესაბამისად, მის ქმედებაში მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – იძულების – შემადგენლობა არ იკვეთება, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ დაზარალებულ ფ. დ–ს ჩვენებით, რომლის მონათხრობში დაეჭვების გონივრული საფუძველი არც საქმის მასალებით დადგენილა და ვერც დაცვის მხარე უთითებს თავის საკასაციო საჩივარში, სარწმუნოდ დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, მამასთან ერთად ბრუნდებოდა რ–ს .......დან. ისინი სხვადასხვა ავტომანქანებში ისხდნენ. გზად შენიშნა კაცი, რომელიც შუა გზაზე იდგა და ხელებს იქნევდა. ყველა ცდილობდა მისთვის გვერდი აევლო, თუმცა მამამისმა შეანელა სვლა და მანქანა გზის პირას გადააყენა. დაინახა, როგორ მოუარა მამამისის ავტომანქანას უცნობმა და ჩაუჯდა წინა სავარძელზე. როცა მიუახლოვდა, უცნობს ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული მამამისის ავტომანქანის საჭისთვის, ხოლო ფეხი – მძოლის მხარეს გადადებული. შეეკითხა: „ – ვინ იყო? რა უნდოდა?“ ის კი პასუხობდა: „გამიგეთ, გამიგეთო!“ შეეცადა უცნობი გადმოეყვანა ავტომანქანიდან, მაგრამ გაუძალიანდა, საჭეს ხელს არ უშვებდა და არაადეკვატურად იქცეოდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის ჩვენება სრულად არის თანხვდენილი და დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით – შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით, მოწმეების: ვ. ს–ს, თ. ა–ს, ნ. გ–ს, გ. ჯ–სა და ზ. შ–ს ჩვენებებით/გამოკითხვის ოქმებით, საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112-დან“ გამოთხოვილი, პატრულ-ინსპექტორების – ვ. კ-სა და ვ. ს–ს სამხრე-კამერების ჩანაწერებით – რომლებიც დაცვის მხარემ დიდწილად მიიჩნია უდავო სამხილებად, მინიჭებული აქვთ პრეეიუდიციული მნიშვნელობა და ქმნიან სარწმუნო საფუძველს რ. გ–ს მიმართ შერაცხილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
11. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი