Facebook Twitter

საქმე N 180100122005648370

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1329აპ-24 ქ. თბილისი

გ–ი ნ., 1329აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. გ–ს, – დაბადებულს .... წ., – ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2021 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, უძრავი ქონების თაობაზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე, ნ. გ–ი, მის ხელთარსებული დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბებიას – კ. მ–ს – რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ნ. გ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენით ნ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გოჩა ცინცაძემ – რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გოჩა ცინცაძემ – რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა კ. მ–მა სასამართლოს არ მისცა თავისი შვილიშვილის მამხილებელი ჩვენება, საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით – მოწმეების: ჯ. მ–ს, ლ. მ–ს, ი. ბ–ს, რ. კ–ს, ნ. ბ–სა და ტ. ტ–ს ჩვენებებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. გ–ს ბრალეულობა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რადგან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ნ. გ–სის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა – კ. მ–მა – სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი შვილიშვილის – ნ. გ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლებისა და ექსპერტების – ჯ. მ–ს, ლ. მ–ს, ი. ბ–ს, რ. კ–ს, ნ. ბ–სა და ტ. ტ–ს – ჩვენებების ნაწილი, ნ. გ–სათვის ბრალადშერაცხილ ქმედებასთან მიმართებით არის ირიბი, ხოლო ნაწილი – არაფრისმთქმელი, შესაბამისად, ვერც მისი ბრალეულობის სარწმუნოდ დასადასტურებლად გამოდგება; დაზარალებულის განცხადება და შემაკავებელი ორდერი კი, რომლებზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, იმ პირობებში, როდესაც ამ დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის ნამდვილობასთან დაკავშირებით სასამართლოში არ დაკითხულა თავად დაზარალებული – კ. მ–ი – ვერ ქმნიან ნ. გ–ს მსჯავრდების უტყუარ და საკმარის საფუძველს; აღსანიშნავია, საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, საექსპერტო კვლევის შედეგებით კ. მ–ს ფსიქოემოციური მდგომარეობა არ შეფასდა ფსიქოლოგიურ ტანჯვად. ამავდროულად, საექსპერტო კვლევის დროს, გასაუბრებისას დაზარალებული აცხადებდა: „შვილიშვილთან ვიკამათე. 20 წლის გოგოა, ცოტა ნერვიულია. უცებ განერვიულდა და დანა დადო მაგიდაზე. შემეშინდა, მაგრამ არ მინდოდა მაგის დაჭერა...“ ასევე საყურადღებოა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულის განმარტებით, მუქარის დროს, შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდა – მ. გ–ი, რომელიც ბრალდების მხარეს, დაკითხვის მიზნით, სასამართლოში არ წარუდგენია, მაშინ, როდესაც იგი უნდა ყოფილიყო შესაძლო დანაშაულის ერთადერთ თვითმხილველ მოწმე. ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა ნ. გ–ს ბრალეულობა, ხოლო მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით – In dubio pro reo პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი