Facebook Twitter

საქმე # 330100123007489564

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1041აპ-24 ქ. თბილისი

ზ–ე თ., 1041აპ-24 3 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ზ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების − ნ. ფ–სა და ი. მ–ს, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა − ნ. ფ–მა და ირაკლი მესხმა, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე მახათაძემ.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: საქმეში არ მოიპოვება იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდება მსჯავრდებულის ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილითა და 120-ე მუხლის პირველი ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში; დაცვის მხარის მოსაზრებით, თ. ზ–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში; დაზარალებულთა ჩვენებები არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია; სასამართლომ არასწორად და არაობიექტურად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები; თ. ზ–ს სხეულზე აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება, რასაც ადასტურებს მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ასევე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებიც; დანაშაულის იარაღი არ არის ამოღებული, ხოლო ბრალდების მხარის ვერსია, რომ თ. ზ–მ თითქოსდა დანა აიღო სახლიდან, სიმართლეს არ შეესაბამება; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მსჯავრდებულის ჩვენება, რომელმაც დეტალურად აღწერა განვითარებული მოვლენები, რომ მას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ დაზარალებულები და დ. ჭ–ი, რის გამოც, თ. ზ–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და იცავდა თავს. მათ ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფაც.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, თ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: დაზარალებულების – დ. გ–ს და გ. ფ–ს ჩვენებებით, დაზარალებულების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ თ. ზ–მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა; დაზარალებულთა რაოდენობისა და ასევე თ. ზ–ს მიერ მათთვის მიყენებული ჭრილობების რაოდენობის, სიმძიმის, ხასიათისა და ლოკალიზაციის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა შურისძიების მოტივით, უდავოა, რომ მის ქმედებაში გამოკვეთილია მკვლელობის განზრახვა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ზ–ს ბრალად ედება: განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის 11 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ........, მე-.. „..“ მ/რ-ში, მაღაზია „უ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, თ. ზ–მ, შურისძიების მოტივით, მის ხელთ არსებული დანა, განზრახ მოკვლის მიზნით, სამჯერ დაარტყა დ. გ–ს, რითაც ამ უკანასკნელს გულმკერდის არეში სამი შემავალი ჭრილობის სახით, მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები, თუმცა, დაზარალებულის მხრიდან გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობის გამო, თ. ზ–ს განზრახვა ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, ამასთან, დ. გ–სი გადაიყვანეს „........ .....ში“, სადაც დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად, სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

ü 2023 წლის 11 მაისს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ........, მე-.. „..“ მ/რ-ში, მაღაზია „უ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, თ. ზ–მ, შურისძიების მოტივით, გ. ფ–ს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გავა-წელის ქვედა არეში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ზ–ს, − დაბადებულის 19.. წელს, − მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

თ. ზ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა − 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (ერთიანი სასჯელის სახით);

გაუქმდა თ. ზ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება − პატიმრობა;

თ. ზ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან − 2023 წლის 11 მაისიდან;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, თ. ზ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორები არ უთითებენ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრების განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. ზ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის, ხოლო ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლითა და სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად და ობიექტურად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, თ. ზ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

10. მოცემულ შემთხვევაში დაცვისა და ბრალდების მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ შეაფასეს თითოეული მტკიცებულება და დაასაბუთეს ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც მიიჩნიეს, რომ თ. ზ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილი კვალიფიკაციით, არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, დაცვისა და ბრალდების მხარეთა არგუმენტებს დასაბუთებული პასუხები გასცეს, მათ შორის – მოწმეთა ჩვენებების სანდოობასა და მტკიცებულებათა საკმარისობასთან დაკავშირებით.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და მსჯავრდებულის ადვოკატების მოსაზრებებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ხოლო მასში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

13. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ თ. ზ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე (ორივე დანაშაულისათვის განსაზღვრული აქვს ერთიანი სასჯელი სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი ვერ გავრცელდება, ვინაიდან, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ზ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების − ნ. ფ–სა და ი. მ–ს, ასევე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე მახათაძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი