Facebook Twitter

საქმე N 010100122006182249

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1093აპ-24 ქ. თბილისი

ზ–ე ზ.,1093აპ-24 18 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ზ. ზ–ს, – დაბადებულს ....., – ბრალად დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2022 წლის 29 ივლისს, დილის საათებში, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის განაჩენით, განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა ზ. ზ–მ, თანნაქონი, მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, ოჯახის წევრს – პაპას, ბ. ზ–ს მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ. ზ–ე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს, რის გამოც ზ. ზ–მ განზრახული დანაშაული ვერ აღასრულა.

2. ზ. ზ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის „კ“, „პ“ ქვეპუნქტებით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით ზ. ზ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის „კ“, „პ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თორნიკე გოგეშვილმა – რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და ზ. ზ–სის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის „კ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თორნიკე გოგეშვილმა – რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ზ. ზ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის „კ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით – ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერებით, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ამოღებული ვიდეოჩანაწერებით, ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა ექსპერტიზის, ნავთობპროდუქტების ექსპერტიზისა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმეების: მ. ბ–ს, ნ. ბ–სა და მ. ჭ–ს ჩვენებებითა და მ. ჭ–ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით – უტყუარად დასტურდება ზ. ზ–ს ბრალეულობა. კასატორის მითითებით, გამოძიების დაწყებისთანავე ცხადი იყო, რომ გამოძიება იდგა ურთულესი ამოცანის წინაშე. დანაშაული ჩადენილი იყო ოჯახურ გარემოში, დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები, ხოლო თავად დაზარალებული – ზ. ზ–ს ბაბუაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი პირები იყვნენ მიკერძოებულნი და არ აწვდიდნენ გამოძიებას სრულყოფილ ინფორმაციას. არსებობდა საფრთხე, რომ ისინი შეეცდებოდნენ, ხელი შეეშალათ მართლმსაჯულებისათვის. გამომდინარე აქედან, საქმეზე ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები – სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა. დაზარალებულმა გამოძიების დროს ორჯერ განაცხადა უარი გამოკითხვაზე, ხოლო სასამართლოში კი იცრუა, რომ უცნობმა პირმა დაჭრა. მიუხედავად ამისა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები ცხადყოფს, რომ საუბრების ფიგურანტები პირდაპირ მიუთითებენ ზ. ზ–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. ამავდროულად, ცალსახად იკვეთება, რომ ისინი ცდილობენ, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულებას და არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რაც ამ კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის თანმდევი და ბუნებრივი მოცემულობაა. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ოჯახური დანაშაულის სპეციფიკა, ბრალდებულთან ნათესაური კავშირის გავლენა მოწმეთა პოზიციებზე და სხვა ობიექტური ფაქტორები.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და ამასთან, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა ზ. ზ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის „კ“, „პ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებიდან, კერძოდ: აღსანიშნავია, რომ დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრებმა – ვ. და ლ. ზ–ებმა, ისევე, როგორც – შ. ბ–მ, რომლებიც შემთხვევიდან მალევე პირველადად დაეხმარნენ დაზარალებულს და, შესაძლოა, სცოდნოდათ, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, ხოლო მოწმე ნ. ზ–მ, განმარტა, რომ ყვირილმა გამოაღვიძა და ნახა უკვე დაჭრილი მამა. შესაბამისად, არ იცის, ვინ მიაყენა ბ. ზ–ს დაზიანებები; თავად დაზარალებულმა – ბ. ზ–მ – ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხა, რომ მას ჭრილობები ზ. ზ–მ მიაყენა და დაადასტურა, რომ შემთხვევის დილას, მის ეზოში მყოფმა უცნობმა დაჭრა. დამნაშავეზე შვილიშვილს მიუთითა, რომელიც მას ქუჩაში გაეკიდა; დაზარალებულის მონათხრობთან თანხვდენილია მოწმეების – ნ. ზ–ს, ე. მ–ს, რ. ზ–ს, ფ.ბ–ს, დ. ჭ–სა და ე. ბ–ს ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბ. ზ–სგან შეიტყვეს, რომ იგი უცნობმა პირმა დაჭრა; თავად ზ. ზ–მ განმარტა, რომ შემთხვევის დილას, ეზოში ნახა დაჭრილი ბაბუა, რომელიც შველას ითხოვდა. იგი დაედევნა დამნაშავეს, თუმცა ვერ დაეწია; ხაზგასასმელია, რომ საქმეში წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება, რომლებზეც უთითებს ბრალდების მხარე თავის საკასაციო საჩივარში, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, ზ. ზ–სათვის ბრალადწარდგენილ ქმედებასთან მიმართებით – ირიბია ან არაფრისმთქმელი. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ კონკრეტული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიებისათვის შექმნილი ობიექტური დაბრკოლებები ვერ შეუცვლის ბრალდების მხარეს პროცესუალურ როლს და ვერ შეუმსუბუქებს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა – In dubio pro reo პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი