საქმე N 200100123007740313
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1190აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი
თ–ი ო., 1190აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის განაჩენით ო. თ–ი, – დაბადებული 2003 წლის 8 აგვისტოს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის „ე“, „კ“, „პ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა – და ო. თ–ს, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ო. თ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით, ო. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
2.2. 2023 წლის 4 ივლისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ს–ს რაიონის სოფელ ა–ში, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლევი ო. თ–ი, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერად დაუპირისპირდა მამას – მ. თ–ს – და შურისძიების მოტივით, განიზრახა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მ. თ–ს მკვლელობა, რომელსაც გადატანილი ავადმყოფობის გამო მარჯვენა კიდურებზე ჰქონდა ძალის დაქვეითება და უჭირდა გადაადგილება. განზრახვის აღსასრულებლად ო. თ–მა ტანის არეში დაარტყა დანა მ. თ–ს, რომელიც მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ერთი მხრივ, მსჯავრდებულმა ო. თ–მა და მისმა ინტერსების დამცველმა, ადვოკატებმა – ი. კ–მა და გ. ძ–მ – რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ალტერნატივის სახით კი – სასჯელის შემსუბუქებას, ხოლო, მეორე მხრივ, კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა – ვლადიმერ ბექიშვილმა – რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას სასჯელის ზომის გამკაცრების კუთხით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 მარტის განაჩენი; ო. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის „ე“, „კ“, „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ო. თ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა – 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 5 ივლისიდან.
5. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ო. თ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს მიმართ, არაერთგზის. მას მსჯავრდებიდან ამოერიცხა მაკვალიფიცირებელ გარემოებაში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ დანაშაულის ჩადენა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა – ვლადიმერ ბექიშვილმა – რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ო. თ–ს მიმართ სასჯელის ზომის გამკაცრებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილ, სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შემსუბიქებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ო. თ–ი, დანაშაულის ჩადენის დროს, იყო შეზღუდული შერაცხადი, რაც არ უნდა გამხდარიყო სასჯელის მინიმუმამდე შემცირების წინაპირობა, რამეთუ საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულის ნასამართლობის ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ იგი ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისათვის, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარდაცვლილი მ. თ–ი წარსილში არაერთხელ იყო ო. თ–ს ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენით, მას მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და განესაზღვრა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, რამაც ვერ იქონია პრევენციული გავლენა და პირობით მსჯავრდებულმა, გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა განზრახ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. შესაბამისად, ო. თ–სი საზოგადოებისათვის საშიშია, რამეთუ მიდრეკილია ძალადობრივი ქმედებებისკენ და არ ემორჩილება კანონს.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. ბრალდების მხარის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
11. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის ცალსახად შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებითა (მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეზღუდული შერაცხადი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე, 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ო. თ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, რომლის ზომის გამკაცრების აუცილებლობა, პროკურორის საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ არის გამოკვეთილი. ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 მარტის განაჩენი, რომლითაც ო. თ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რამაც განაპირობა სწორედ, არაერთგზის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის მისი პასუხისმგებლობის დამძიმება, შესაბამისად, ოჯახური, ძალადობრივი დანასაულებისათვის ნასამართლობა, რაზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ჩადენილი ქმედების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშნანია და ვერ დაედება საფუძვლად ო. თ–სათვის შეფარდებული კონკრეტული სასჯელების ზომის გამკაცრებას. ამავდროულად, აღსანიშნავია: მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია, მ. თ–მა მისთვის მსჯავრადშეერაცხილი დანაშაული – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ჩაიდინა დანის გამოყენებით, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული დანის ცივ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილების დასადასტურებლად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ იმპერატიულ მოთხოვნაზე მითითებით (დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), სასჯელის გამკაცრება – უსაფუძვლო და გაუმართლებელია.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).
13. აქვე აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ო. თ–ს მიმართ შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების წინაპირობები, რამეთუ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური დანაშაული (გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ვლადიმერ ბექიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი