საქმე # 330100122005820418
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1226აპ-24 ქ. თბილისი
ლ–ი ნ., 1226აპ-24 21 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ლ–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; მუქარა, ესე იგი, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
ნ. ლ–მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თ–ში, .....ში, ნ. ლ–მმა შვილის მეუღლეს – ი. ნ–სეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად მოჰქაჩა თმა, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. თ–ში, .....ში, ნ. ლ–მა შვილის მეუღლეს – ი. ნ–ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარცხენა ხელით ძლიერად მოჰქაჩა თმა, ხელი ძლიერად მოუჭირა მარცხენა ხელზე, ფრჩხილებით ჩამოჰკაწრა მარცხენა ხელი და მუშტი ერთხელ ძლიერად დაარტყა მარჯვენა მკლავის არეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2022 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. თ–ში, ......-ში, ნ. ლ–ი, დანის დემონსტრირებით, შვილს – გ. ლ–ს და შვილის მეუღლეს – ი. ნ–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულებმა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით ნ. ლ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ნ. ლ–ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ნ. ლ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მარიამ გიგაურმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ნ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. პროკურორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, სასამართლომ არასწორად შეაფასა ეს მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი; დაზარალებულ ი. ნ–სა და მოწმე გ. ლ–ს ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ნ. ლ–ის მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები, რასაც დამატებით ადასტურებს მოწმეების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები და დანაშაულის შესახებ შეტყობინება.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ნ. ლ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
9. საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ ნ. ლ–სა და დაზარალებულ ი. ნ–ს შორის მუდმივად არსებობდა კონფლიქტური სიტუაცია, ვინაიდან ნ. ლ–ს არ მოსწონდა თავისი შვილის არჩევანი ი. ნ–ე (რძალი), უკმაყოფილო იყო მისი ცხოვრების წესითა და ქცევებით, რის გამოც, სურდა, რომ შვილსა და რძალს დაეტოვებინათ მისი კუთვნილი ბინა და საცხოვრებლად გადასულიყვნენ სხვაგან. მიუხედავად მათ შორის არსებული ხშირი კონფლიქტებისა, დაზარალებულები უარს ამბობდნენ სხვაგან გადასვლაზე.
10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ნ. ლ–ს ჩვენებაზე, კერძოდ, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ნ. ლ–ს ჯერ თვითონ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მერე ნ–მ. დაზარალებულმა განმარტა, რომ მან ბრალდებულს მცირედ მოჰქაჩა თმა, რის შემდეგაც იმანაც მოჰქაჩა. ტელეფონი ნ–სთვის არ უსვრია, კედელს ესროლა, ნ–ს არც ჩაქუჩით დასდევდა და სხვა მიზეზით ეჭირა ხელში. ნუნუს თმა რომ მოჰქაჩა, მან მერე იძალადა მასზე, ჩამოჰკაწრა და მუშტი დაარტყა, შემდეგ კი, ერთდროულად ძალადობდნენ ერთმანეთზე. მოწმე გ. ლ–მაც ვერ უარყო, რომ ნ. ლ–სა და ი. ნ–ს შორის ძალადობა იყო ორმხრივი, ისინი „ერთდროულად ძალადობდნენ.“
11. ამდენად, თვითონ დაზარალებულისვე ჩვენებით დგინდება, რომ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებში, ძალადობის წამომწყები თავდაპირველად სწორედ ი. ნ–ე იყო, რასაც არც თავად დაზარალებული უარყოფს და სასამართლოს სხდომაზე ჩვენების მიცემისას, გამოკითხვის ოქმისაგან განსხვავებით, დაადასტურა, რომ, ერთ შემთხვევაში, დედამთილის სიტყვიერი შეურაცხყოფით, ხოლო მეორე შემთხვევაში – მის მიერ ტელევიზორის გადართვით გაღიზიანებულმა, პირველმა თვითონ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოჰქაჩა თმაზე, რის შემდეგაც ორივენი ერთად ძალადობდნენ ერთმანეთზე. ამ დროს დაზარალებულის მიერ მოქნეული ხელი, მისივე განმარტებით, ნ. ლ–ს „შემთხვევით“ მოხვდა თვალის არეში და ჩაუწითლდა კიდეც. ნ. ლ–ს თვალის არეში სიწითლეს ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომელიც, მოწმე ვ. კ–ე, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილზე მისვლისას ნ. ლ–ს თვალის არეში აღენიშნებოდა ჩალურჯება.
12. აღსანიშნავია, რომ ნ. ლ–ც ანალოგიურად განმარტავს, რომ კონფლიქტის დროს, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი ყოველთვის ი. ნ–ე იყო, ის ესხმოდა თავს, თვითონ კი მხოლოდ იგერიებდა და თავს იცავდა. ამიტომ, არ გამორიცხავს ი. ნ–სათვის გარკვეული დაზიანებების მიყენების შესაძლებლობასაც. ნ. ლ–მა ასევე განმარტა, რომ რძალი ჩაქუჩით დასდევდა, ტელეფონი ესროლა, მისგან მუდმივად განიცდის საფრთხესა და შიშს. დანაც ხელში შვილისა და რძლისაგან თავის დასაცავად აიღო.
13. რაც შეეხება პროკურორის მიერ მითითებულ დანარჩენ მტკიცებულებებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ არიან რომელიმე შემთხვევის უშუალო თვითმხილველი პირები. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბია და საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ისევე როგორც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
14. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, წარმოიშვა გონივრული ეჭვი ნ. ლ–ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება, თუ ვინ იყო ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ფიზიკური ძალადობის ინიციატორი, ნ. ლ–ი, თუ – ი. ნ–ე, ასევე პასუხგაუცემელი რჩება ის კითხვაც, ხომ არ იმყოფებოდა ნ. ლ–მი მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დროს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი გონივრული ეჭვი ნ. ლ–ს ბრალეულობასთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის უდანაშაულობის სასარგებლოდ.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის, 2024 წლის 14 ივნისის გამამართლებელი განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი