საქმე N 210100122006599095
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1176აპ-24 ქ. თბილისი
ნ–ი გ., 1176აპ-24 19 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ნ–ს ბრალად ედება: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი); სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
გ. ნ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. დ–ი, ჰ–ს ქუჩაზე არსებული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ნ–მა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ს. ს–ს, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში. აღნიშნული შედეგად, ს. ს–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2022 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. დ–ში, გ. ნ–ი შევიდა მ–ს ქუჩაზე მდებარე ს. ს–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ. ს–სს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2022 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. დ–ში, გ. ნ–ი შევიდა მ–ს ქუჩაზე მდებარე ს. ს–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ. ს–ს, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენით გ. ნ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (მ. ს–სის ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ. ს–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა გ. ნ–ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელ პირს – გ. ნ–ს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, გამართლებულ გ. ნ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა. პროკურორმა მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ნ–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიშიკო ჯანგულაშვილმა. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი არ შეესაბამება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებს; დაზარალებულების – ს. ს–ს, მ. და ლ. ს–ების ჩვენებებით, ს. ს–მის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით – უტყუარად დასტურდება გ. ნ–ს ბრალეულობა; სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებები, რადგან ისინი მიკერძოებულნი იყვნენ გ. ნ–ს სასარგებლოდ.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა გ. ნ–ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა (მ. ს–სის ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ. ს–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ მტკიცებულებებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადასტურდა გ. ნ–ს მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა. საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შედეგად წარმოშობილი ეჭვი, არ გაქარწყლებულა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიშიკო ჯანგულაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი