Facebook Twitter

საქმე N 330100122006039905

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1177აპ-24 4 თებერვალი, 2025 წელი

ო–ი ო., 1177აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამთა გახარიამ, რომელიც ითხოვს ო. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რადგან მიაჩნია, რომ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები – დაზარალებულ თ. ხ–სა და მოწმე ნ. მ–ს ჩვენებები და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი – ქმნიან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის უტყუარ და საკმარის საფუძველს. ბრალდების მხარემ გამოძიებისას ამოწურა ყველა ობიექტური შესაძლებლობა, განსახილველ საქმეზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ოჯახური დანაშაულები გამოირჩევა ფარული ხასიათით, რამეთუ ძირითადად ჩადენილია პირად სივრცეში, რის გამოც, საგამოძიებო ორგანოებისათვის რთულია ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვება.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ო. ო–ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2021 წლის თებერვალში (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ–ში, ..........ში, ო. ო–მა, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის – ბ. ო–ს – თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – თ. ხ–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას ესროლა გასაღები, რომელიც დაზარალებულს მოხვდა თავში და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. 2022 წლის მარტში (ზუსტი თარიღი უცნობია), (ზუსტი თარიღი უცნობია), ქ. თ–ში, .....-ში, ო. ო–მა, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის – ბ. ო–ს –თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე – თ. ხ–ზე, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას გადაუტრიალა ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ო. ო–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით ო. ო–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამთა გახარიამ, რომელიც ითხოვდა ო. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რამეთუ არ ემყარება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასებას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადგინდა ო. ო–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა. დაზარალებულის მტკიცების საპირისპიროდ, რომ ო. ო–მა 2022 წლის თბერვალში ესროლა გასაღები, რომელიც მოხვდა თავში და ეტკინა, ხოლო 2022 წლის მარტში – გადაუგრიხა ხელი, რაც ასევე ეტკინა, ბრალდებულმა ო. ო–მა აღნიშნა, რომ მეუღლეზე ფიზიკურად არასდროს უძალადია; დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების კვალდაკვალ კი, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არცერთი დამოუკიდებელი, ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ო. ო–სის ბრალეულობაზე მიუთითებდა; დაზარალებულის დედის – ნ. მ–ს ჩვენება, ო. ო–სათვის წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით ირიბია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო ბრალდებულის დედის – ნ. გ–ს ჩვენებით დგინდება, რომ იგი მატერიალურად უზრუნველყოფდა ვაჟიშვილის ოჯახს, თუმცა ო. ო–ს მიერ თ. ხ–ზე ძალადობას არასდროს შესწრებია; საქმეში წარმოდგენილია ო. ო–სის ბრალდებასთან მიმართებით არაფრისმთქმელი ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, თ. ხ–ეს დედამთილის – ნ. გ–ს – ქმედებებით ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. საკასაციო სასამართლო ეტანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს ო. ო–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

10. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ კონკრეტული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, მტკიცებულებების მოპოვების პროცესში გამოძიებისათვის შექმნილი ობიექტური დაბრკოლებები ვერ შეუცვლის ბრალდების მხარეს პროცესუალურ როლს და ვერ შეუმსუბუქებს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ ბრალდების მტკიცების ტვირთს, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ო. ო–ს სასარგებლოდ.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი