საქმე N 010100124008791036
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1170აპ-24 ქ. თბილისი
პ–ი ვ., 1170აპ-24 4 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანი ბორჩაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვ. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან დაზარალებულ ო. პ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სასამართლოს საკუთარი შინაგანი რწმენით უნდა შეეფასებინა საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სარწმუნოდ ადასტურებენ მის ბრალეულობას. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარე, ვ. პ–სათვის ბრალადშერაცხილი ძალადობრივი ქმედებების პერიოდიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას დაზარალებულისათვის ჩაეტარებინა სამედიცინო ექსპერტიზა და დაედგინა დაზიანებების ფაქტის არსებობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. პ–ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2023 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ქ. ბ–ში, ......ის ქ. №..-ში მდებარე №.. ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ვ. პ–სმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ო. პ–ს – კერძოდ, ძლიერად გაარტყა სახეში ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2023 წლის ოქტომბრის მეორე ნახევარში, საღამოს საათებში, ქ. №..-ში მდებარე №.. ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ვ. პ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ო. პ–ს – კერძოდ, ძლიერად გაარტყა სახეში ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, ღამის საათებში, ქ. №..-ში მდებარე №.. ბინაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, ვ. პ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ო. პ–ს – კერძოდ, ძლიერად გაარტყა სახეში ხელი, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ვ. პ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განაჩენით ვ. პ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანი ბორჩაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ვ. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა ვ. პ–სს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულმა ო. პ–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება ვ. პ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; აღსანიშნავია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო 2024 წლის 12 იანვარს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავად ვ. პ–ს განცხადების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ოჯახური კონფლქტის დროს, მეუღლემ – ო. პ–მ – დაუჭრა ავტომანქანის საბურავები; 2024 წლის 12 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიუერების ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ ქ. №..-ში მდებარე №.. მდებარე სასტუმრო „ე–ს“ მიმდეBარედ, პარკინგზე გაჩერებულ, ვ. პ–სს კუთვნილ ჯიპის ტიპის ავტომანქანას (სახელმწიფო ნომრით – ........) აღინიშნებოდა მექანიკური ზემოქმედების კვალი, კერძოდ, ნაკაწრები და ორივე მარჯვენა საბურავი ჰქონდა დაშვებული; 2024 წლის 12 იანვარს, ქ. ბ–ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-.. განყოფილების გამომძიებელმა ო. პ–ს მიმართ, 30 დღით გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის – ვ. პ–სს სახლთან, სამსახურსა და მის ადგილსამყოფელთან მიახლოება, ასევე – მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებითა და მესამე პირების მეშვეობით; ამავდროულად, 2024 წლის 12 იანვარს, ქ. ბ–ს საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-.. განყოფილების გამომძიებელმა ვ. პ–ს მიმართ, 30 დღით გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას, როგორც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლის – ო. პ–ს სახლთან, სამსახურსა და მის ადგილსამყოფელთან მიახლოება, ასევე – მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის: ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებითა და მესამე პირების მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა ვ. პ–სათვის წარდგენილი ბრალდებები. კონკრეტული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, მტკიცებულებების მოპოვების პროცესში გამოძიებისათვის შექმნილი ობიექტური დაბრკოლებები ვერ შეუცვლის ბრალდების მხარეს პროცესუალურ როლს და ვერ შეუმსუბუქებს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ ბრალდების მტკიცების ტვირთს, ვინაიდან არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ვ. პ–სს სასარგებლოდ.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი