საქმე N 180100124008781478
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1282აპ-24 ქ. თბილისი
პ–ი ა., 1282აპ-24 24 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. პ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. მ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენით ა. პ–ი, – დაბადებული .........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. პ–მა ჩაიდინა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის შეუტყობინებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2023 წლის 16 ივლისს, ღამით, ........ საავტომობილო გზის ... კილომეტრზე, სოფელ ვ–ში, დასახლებულ პუნქტში, მ–ს მხრიდან ლ–ს მიმართულებით, დაახლოებით, 87 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი „Toyota Vellfire-ის“ მარკის ავტომობილი (ტრანზიტული №........), რომელსაც მართავდა ა. პ–ი, ავტომობილის წინა ნაწილით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ლ. თ–ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა. პ–ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. პ–მა მიატოვა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ლ. თ–ი, არ გაუწია აშკარად გადაუდებელი დახმარება, მაშინ, როდესაც შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე. აგრეთვე – დახმარების საჭიროების შესახებ არ შეატყობინა სათანადო დაწესებულებას ან პირს.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. მ–მა, რომელმაც, სააპელაციო სასამართლოში დაზუსებული სააპელაციო საჩივრით, მოითხოვა განაჩენის შეცვლა და ა. პ–სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის განაჩენი შეიცვალა: ა. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა ერთი მეექვსედით და განესაზღვრა – 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 28 ნოემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ო. მ–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლასა და ახვერდი პალაგანოვის უდანაშაულოდ ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ მისი მსჯავრდება არ ეფუძნება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობას. სადავო განაჩენის მიხედვით, ა. პ–მა აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარება არ გაუწია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ლ. თ–ს, მაშინ, როდესაც შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე – დახმარების საჭიროების შესახებ არ შეატყობინა სათანადო დაწესებულებას ან პირს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დაასაბუთებდა, რა სახის დროული დახმარებით იყო შესაძლებელი ლ. თ–ს სიცოცხლის გადარჩენა. აღნიშნულს ვერც სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა გასცა პასუხი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით კი ცალსახად დადგენლია, რომ ლ. თ–ს დაზიანებები იყო იმდენად მძიმე და სიცოცხლესთან შეუსაბამო, რომ იგი ადგილზევე გარდაიცვალა, რაც ასევეა მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც. ამდენად, ა. პ–ი ვერ შეძლებდა შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაცვლილი ლ. თ–სათვის რაიმე სახის დახმარების გაწევას მისი სიცოცხლის გადასარჩენად, შესაბამისად, „112-ში“ დროულად დარეკვის შემთხვევაშიც კი, ვერ გაიზრდებოდა გარდაცვლილის გადარჩენის შანსი. ა. პ–მა გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა, რომ შეჯახების შემდეგ გაჩერდა, მაგრამ ავტომანქანიდან გადმოსვლის შეეშინდა, რასაც ნანობს, ისევე როგორც იმ ფაქტს, რომ არ დარეკა „112-ში“, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარება და სინანული არ კმარა დაუხმარებლობისათვის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რამეთუ დადგენილია, რომ შეჯახების შედეგად, ლ. თ–მა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მსჯავრდებული ვერანაირ დახმარებას ვერ გასწევდა.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ა. პ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომელიც ქმნის უტყუარ და საკმარის საფუძველს წარდგენილი კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
9. კასატორის მითითების საპირისპიროდ, რომ მხოლოდ ბრალდებულის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახვერდი პალაგანოვის მსჯავრდება დასაბუთებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი უტყუარი მტკიცებულებით, რომლებიც დაცვის მხარემ მიიჩნია უდავოდ და მინიჭებული აქვთ პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: მოწმე ა. გ–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, ა. პ–ს, სხვა მძღოლების მსგავსად, მისი დავალების შესაბამისად, „Toyota Vellfire-ის“ მარკის ავტომანქანა (ტრანზიტული №........) გადაჰყავდა რ–ს ავტოსადგომიდან ლ–სამდე. ღამით, დაახლოებით, 00:30 საათზე, მობილურით დაურეკა ა. პ–მა, რომელმაც შეშინებული ხმით უთხრა, რომ გზაზე მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა – დაეჯახა ადამიანს – და ტელეფონი გაუთიშა. დაიწყო ა. პ–სა და ავტომანქანის ძებნა. როდესაც ნახა, ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა წინა საქარე მინა, ძრავის სახურავი და წინა ნაწილი, ეტყობოდა შეჯახების კვალი. მივიდა ლ–ზე, სადაც დახვდნენ ა. ბ–ი, ე. ფ–ი, ვ. მ–ი და ა. პ–ი, რომელმაც ყველას თანდასწრებით დაადასტურა, რომ გზაში შეეჯახა ქვეითს, შეეშინდა, არ გაჩერებულა და გაიქცა, ხოლო ავტომანქანა დამალა ყ–ს შესასვლელში მდებარე სამრეცხაოში. ა. პ–ი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას რ–ს ფედერაციის მიმართულებით; იგივე ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი მოწმეების – ა. ბ–ს, ე. ფ–სა და ვ. მ–ს გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც ცხადყოფს, რომ ა. პ–სგან შეიტყვეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეეჯახა მამაკაცს და მიიმალა; 2023 წლის 16 ივლისს ჩატარებული ავტომობილის ამოღების ოქმის მიხედვით, ყ–ში არსებული ავტოსამრეცხაოს ტერიტორიიდან ამოღებულია თეთრი „Toyota Vellfire-ის“ მარკის ავტომანქანა (ტრანზიტული №.......), რომელსაც დაზიანებული აქვს წინა ნაწილი და წინა საქარე მინა; ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „Toyota Vellfire-ის“ მარკის ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას წინა შუა ნაწილში აღენიშნება წინიდან უკან მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული სახის დაზიანებები, კერძოდ, ძრავის სახურავის შუა ნაწილში, მარცხენა კიდიდან 30 სმ-ის დაშორებით – ოვალურ-ტალღობრივი დაზიანება, ზომით 130X45სმ. წინა საქარე მინის ქვედა შუა ნაწილში, მარცხენა კიდიდან 88სმ-ის, ხოლო ქვედა კიდიდან 24 სმ-ის დაშორებით – დაზიანების ცენტრი, რომლის გარშემოც წრიულად გაშლილია დაზიანების ბზარები. ავტომობილზე არსებული დაზიანებები განლაგებულნი არიან ავტომობილის წინა შუა ნაწილში, ერთ ზოლში, შესაძლებელია წარმოქმნილიყვნენ ერთი რაიმე კონკრეტული შემთხვევის დროს და თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე რბილი საფარის მქონე სხეულთან (როგორიც შეიძლება იყოს ადამიანის სხეულიც) შეჯახება/ურთიერთქმედებისათვის; 2023 წლის 16 ივლისს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ყ–ში, ........ის საავტომობილო გზის ...-ე კილომეტრზე, საიდანაც ამოღებულია, მათ შორის, მოთეთრო ფერის ლაქ-საღებავის ნიმუშები; ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნით კი დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან აღებულ საღებავის ნიმუშებსა და „Toyota Vellfire-ის“ მარკის ავტომანქანის ძრავის დაზიანებული ხუფის გარეთა ზედაპირიდან აღებულ ნიმუშებში არსებული ლაქსაფარის ფირფიტები ერთნაირია ფენების რაოდენობით, თანამიმდევრობით, თვითეული ფენის ფერით, მიკროსტრუქტურული მახასიათებლებით და მიკროქიმიური მაჩვენებლებით. სადაფის ლაქის ზედა ფენის და მოთეთრო ფერის დეკორატიული ემალის მოლეკულური შემადგენლობით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ლ. თ–ს სიკვდილის მიზეზია: სხეულის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული ჩონჩხის ძვლებისა და შინაგანი ორგანოების მრავლობითი დაზიანება, რომლებიც ცოცხალ პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს ერთობლივად მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალოდ მიზეზობრივად დაკავშირებულნი არიან დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან; ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შექმნილ საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, „Toyota Vellfire-ის“ მარკის ავტომანქანის (ტრანზიტული №......) მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (ქვეითზე დაჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება; მოწმეების – ნ. გ–სა და თ. შ–ს – გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ .......ის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ მათ შეატყობინეს გადაუდებელი დახმარების ცენტრ „112-ს“; და ბოლოს, სსიპ - „112-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი მკაფიოდ ადასტურებს, როგორ ეჯახება შემთხვევის დღეს, 00:16:29 საათზე, „Toyota Vellfire-ის“ მარკის ავტომანქანა (ტრანზიტული №.......) წინა ნაწილით ქვეითად მოძრავ ლ. თ–ს, შეჯახების შემდეგ ჩერდება შემთხვევის ადგილზე და 00:17:17 საათზე აგრძელებს ლ–სის მიმართულებით მოძრაობას. 00:22:02 საათზე კადრში ჩნდება „Mitsubishi-ს“ მარკის თეთრი ავტომანქანა (№........), რომელსაც მართავს ნ.გ–ი, რეკავს სსიპ - „112-ში“, ჩერდება შემთხვევის ადგილზე და რთავს ავარიულ მაშუქებს. 00:41:30 საათზე კადრში ჩნდება ყ–ს მხრიდან მომავალი სასწრაფო დახმარების ავტომანქანა, რომელიც 00:58:20 საათზე ტოვებს იქაურობას.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ა. პ–ს დაუხმარებლობისათვის მსჯავრდებას არ აქვს კანონიერი გამართლება, ვინაიდან ლ. თ–ი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული, სიცოცხლესთან შეუთავსებელი, დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა და, შესაბამისად, აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ა. პ–ს დამნაშავედ ცნობა უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის – დაუხმარებლობის – ობიექტური მხარე წმინდად უმოქმედობით გამოიხატება, რა დროსაც ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხე უნდა იყოს უშუალო და რეალური, ხოლო დახმარების აღმოჩენა – აუცილებელი და გადაუდებელი. განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ავტომანქანით შეჯახების შედეგად, ლ. თ–ი აღმოჩნდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, ა. პ–ს წარმოექმნა მისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების ან/და შესაბამისი ორგანოსათვის/პირისათვის შეტყობინების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, გამოიღებდა თუ არა მისი მცდელობა შედეგს და გადაურჩებოდა თუ არა სიკვდილს ლ. თ–ი. მით უფრო, როდესაც სსიპ - „112-დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, ცხადყოფს, რომ ა. პ–მა, ისე, რომ შეჯახების შემდეგ ავტომანქანიდან არც გადმოსულა, შესაბამისად, შეუძლებელია სცოდნოდა ჰქონდა თუ არა ლ. თ–ს სასიცოცხლო მაჩვენებელი, სულ რამდენიმე წამში დატოვა შემთხვევის ადგილი. ამავდროულად, საყურადრებოა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის – რ. ბ–ს – ჩვენება, რომელმაც დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა უგონო ლ. თ–ი, რომელსაც პულსი აღარ ესინჯებოდა, მაგრამ, ამავდროულად, ხაზი გაუსვა გადაუდებელი დახმარების ცენტრისათვის დროული შეტყობინების მნიშვნელობას და გაიხსენა შემთხვევები, როდესაც გამოძახების ადგილზე მისულთ დახვედრიათ უგონო პაციენტი, რომელსაც ასევე არ აღენიშნებოდა პულსი, თუმცა სამედიცინო მანიპულაციებით სასიცოცხლო მაჩვენებელი აღდგენილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, რომლითავ ა. პ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის – კანონიერი და დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი