საქმე N 330100123007994358
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1212აპ-24 ქ. თბილისი
ს–ი ლ., 1212აპ-24 19 თებერვალი, 2025 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ს–ს ბრალად ედება: გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი); გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
ლ. ს–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü 2023 წლის 1 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, თ–ში, ......ის ქუჩაზე, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ. ს–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს უფლება სხვა მამაკაცთან ურთიერთობის და ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ს. ტ–ს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ გაშლილი ხელი ორჯერ ძლიერად გაარტყა სახეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ში, ......ის ქუჩაზე, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ. ს–სმა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს უფლება სხვა მამაკაცთან ურთიერთობის და ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ს. ტ–ს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ძლიერად გაარტყა სახეში, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ü 2023 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ–ში, ......ის ქუჩაზე, კორპუსი №.., ბინა №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ლ. ს–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმ მოტივით, რომ ქალს არ აქვს უფლება სხვა მამაკაცთან ურთიერთობის და ამ თემაზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი გერების – 10 წლის ზ. მ–სა და 8 წლის ნ. მ–ს თანდასწრებით, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ს. ტ–ს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, ასევე, მუშტი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა მარჯვენა მკლავში, შემდეგ ორჯერ ჩაარტყა ფეხი ფეხში, რის შემდეგაც აიღო სამზარეულოს დანა, მიაბჯინა ზურგზე და მიაყენა მცირე ზომის ჭრილობა. აღნიშნული ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა ს. ტ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის შემდეგ, ლ. ს–მა, კვლავ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ კი იმ მოტივით, რომ ქალს არა აქვს უფლება სხვა მამაკაცთან ურთიერთობის და ამ თემებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ს. ტ–ს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი სამზარეულოს დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ღალატს არ აპატიებდა, ყელს გამოსჭრიდა და მოკლავდა. აღნიშნულის შედეგად, ს. ტ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განაჩენით ლ. ს–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ლ. ს–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ლ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 180 (ასოთხმოცი) საათით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით (2023 წლის 7 სექტემბრიდან – 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით), ჩაეთვალა მოხდილად.
გაუქმდა ლ. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ. ს–ს დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ლ. ს–ს დამნაშავედ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცა ლ. ს–ს წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა, მათ შორის − მოწმეების ვ. ნ–სა და ჯ. ვ–ს ჩვენებები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ. ს–ს ბრალეულობა; აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ ლ. ს–ი უსაფუძვლოდ ცნო უდანაშაულოდ და გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნას ლ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული დანაშაულები, კერძოდ:
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.
10. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა, ობიექტური კრიტერიუმებიც.
11. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, მითითებული ქმედების შემადგენლობისთვის ძალადობის ბრალდების ნაწილში, ფიზიკურ ძალადობასთან ერთად, სავალდებულოა, რომ ჩადენილი ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.
12. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირმა, დაზარალებულმა ს. ტ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა ლ. ს–ს წინააღმდეგ. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული ს. ტ–ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაცია, მაგრამ არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მიერ ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება, იმთავითვე არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, თუმცა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციას ვერ მიენიჭება წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა და სასამართლო მას ვერ გამოიყენებს მტკიცებულებად.
13. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ისინი არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, სახელდობრ: როგორც ზემოთაც აღინიშნა, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ლ. ს–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, ნამდვილად დაემუქრა თუ არა მას ლ. ს–სი და მის შედეგად, დაზარალებულს გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამასთან, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების ვ. ნ–სა და ჯ. ვ–ს ჩვენებები ირიბია, ვინაიდან ისინი უშუალოდ არ შესწრებიან რომელიმე შემთხვევას, რის გამოც, ეს ჩვენებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამამართლებელ ეპიზოდებთან მიმართებით, როგორც მუქარის, ისე − ფიზიკური ძალადობის ნაწილში, სრულად არაინფორმატიულია და უტყუარად ვერ ადასტურებს აღნიშნულ ეპიზოდებში ლ. ს–ს მიერ დაზარალებულ ს. ტ–ზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტებს.
14. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად. ასევე არ დგინდება ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით არ იკვეთება ს. ტ–სა და ლ. ს–ს როგორც ქორწინების, ისე ერთად ცხოვრების ფაქტი, მით უფრო, რომ ბრალდებულმაც უარყო აღნიშნული. მითითებულის დასადასტურებლად წარმოდგენილია ერთადერთი მტკიცებულება − დანაშაულის შესახებ რეგისტრაციის №..... ბარათი, რომლის მიხედვით, 2023 წლის 7 სექტემბერს ს. ტ–მა ,,112“-ში დატოვა შეტყობინება, რომ 2023 წლის 6 სექტემბერს მეგობარმა მამაკაცმა ბეჭზე დანით მიაყენა ჭრილობა. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ბრალდებულის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, გაუგებარი დარჩა თუ რა იგულისხმა დაზარალებულმა ,,მეგობარ მამაკაცში“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოც უტყუარად დადასტურებულად არ მიიჩნევს, რომ ლ. ს–ი ს. ტ–სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი