საქმე N 010100124008536067
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1058აპ-24 3 თებერვალი, 2025 წელი
სამნიძე ნუგზარ, 1058აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ აკაკი მოქერიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და ნუგზარ სამნიძისათვის სასჯელის გამკაცრებას, რამეთუ მიიჩნევს, რომ დანაშაული ჩადენილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც პასუხისმგებლობის, ცალსახად, დამამძიმებელი გარემოებაა და დასტურდება დაზარალებულ ნინო ჩარკვიანის მონათხრობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ნათლად გამოკვეთს ქალის მიმართ ნუგზარ სამნიძის მესკუთრულ დამოკიდებულებას. დაზარალებულმა ნინო ჩარკვიანმა დაადასტურა, რომ ნუგზარ სამნიძე ეჭვიანობის გამო უკრძალავდა მუშაობას, ეუბნებოდა, რომ სამსახური არ სჭირდებოდა, ქალი უნდა ყოფილიყო სახლში. მსჯავრდებულს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, უპირველესად, თავად ევალებოდა კანონის პატივისცემა, თუმცა მიუხედავად ამისა, მან ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და სხეულის სხვადასხვა არეებში მიაყენა დაზიანებები.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნუგზარ სამნიძეს, – დაბადებულს 1969 წლის 10 ივლისს, – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2023 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით, 19:50 საათზე, ქ. ბათუმში, პეტრე ბაგრატიონის ქუჩის №196-ის მიმდებარედ გაჩერებულ ავტომობილში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს ბათუმის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფის სსიპ – „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დაცვის უმცროსმა ინსპექტორმა – ნუგზარ სამნიძემ – ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნინო ჩარკვიანს, კერძოდ, თავისა და მარჯვენა მკლავის არეში ჩაარტყა მუშტი, მოჰქაჩა თმა, მარჯვენა ყურზე ძლიერად ჩამოქაჩა საყურე და დაუზიანა ყური, ასევე – ფრჩხილებით დაუკაწრა სახე. ნუგზარ სამნიძის ფიზიკური ძალადობის შედეგად, ნინო ჩარკვიანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ნუგზარ სამნიძეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენით ნუგზარ სამნიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 1 წელი. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 5 დეკემბრიდან 2023 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ ნუგზარ სამნიძემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, თუმცა უტყუარად ვერ დადასტურდა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენა.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა – აკაკი მოქერიამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ნუგზარ სამნიძისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად, მოცემულ საქმეზე, სავარაუდოა, მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. კასატორის მიერ სადავო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
11. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნუგზარ სამნიძეს განუსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე – თავისუფლების აღკვეთა – 1 წლის ვადით, რომელიც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების (ჩადენილია განზრახი, ნაკლებად მძიმე დანაშაული; მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს; იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) მხედველობაში მიღებით, ჩაუთვალა პირობით მსჯავრად, რომლის კიდევ უფრო გამკაცრება არ არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანი არ არის დამნაშავის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისაგან გათავისუფლება, არამედ – ნუგზარ სამნიძისათვის შეფარდებული სასჯელი პირობადადებულია და დანაშაულის განმეორების შესაძლო რისკი სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადით არის დაზღვეული.
12. კასატორის მტკიცებასთან მიმართებით, რომ ნუგზარ სამნიძის ქმედებაში გამოკვეთილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, მათ შორის, არც დაზარალებულ ნინო ჩარკვიანის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმი, არ მიუთითებს ნუგზარ სამნიძის მიერ ძალადობის დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენაზე, არამედ – ცხადყოფს, რომ დანაშაულის მოტივი იყო მსჯავრდებულის ეჭვიანობა და არა – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა, საკასაციო საჩივარში პროკურორის მიერ მითითებული საფუძვლით, ნუგზარ სამნიძისათვის სასჯელის დამძიმებას არ აქვს ფაქტობრივი გამართლება.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის – აკაკი მოქერიას – საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. თევზაძე
ლ. ფაფიაშვილი