Facebook Twitter

საქმე N 010100123008323995

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1059აპ-24 ქ. თბილისი

ქ–ე მ., 1059აპ-24 3 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნიკა მენთეშაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მისთვის წარდგენილი ბრალდებების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია იმის უტყუარად დადგენა, იყო თუ არა მუქარა რეალური, რამეთუ საპირისპიროზე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი, რომლებიც ცხადყოფს, რომ ვ. ა–სამ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ხაზგასასმელია ასევე, რომ მ. ქ–სთან საუბრიდან რამდენიმე წუთში დაზარალებული თავად მივიდა პოლიციაში და ითხოვა დახმარება, რაც ერთობლივად შეფასებით, უტყუარად ადასტურებს, რომ მ. ქ–ე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა თავის ოჯახის წევრს, რომელმაც ეს მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. გამართლებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ა–ე, საკასაციო შესაგებლით, ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენი.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ქ–ს, – დაბადებულს ......., – ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი მ. ქ–ე 2023 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით, 21:50 საათზე, ტელეფონით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მეუღლეს – ვ. ა–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განოხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. მ. ქ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განაჩენით მ. ქ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნიკა მენთეშაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. ქ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით მისთვის წარდგენილი ბრალდებების ჩადენისათვის.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა მ. ქ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ: დაზარალებულმა ვ. ა–მ და მოწმე გ. ქ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები მ. ქ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებები – დაზარალებულის შეტყობინება და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი – რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ვერ ქმნის მტკიცებულებათა უტყუარ და საკმარის ერთობლიობას მ. ქ–სათვის წარდგენილი კონკრეტული ბრალდების გონივრულ ეჭვს მიღმა დასამტკიცებლად. ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით უტყუარად ვერ დაადასტურა მ. ქ–ს ბრალეულობა.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი