Facebook Twitter

საქმე N010100123007203628

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1019აპ-24 ქ. თბილისი

ს–ე ლ., 1019აპ-24 14 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ს–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჭ–სა და თ. გ–ს –საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. ს–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. ჭ–მ და თ. გ–მ – რომლებიც ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მსჯავრდებულის ქმედებას, რომელიც იმყოფებოდა აუცილებელი მგერიების მდგომარეობაში და იცავდა საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა; გამოძიების დაწყებისთანავე, პირველივე საგამოძიებო მოქმედებების დროს, ისევე, როგორც – საქმის არსებითად განხილვისას, ლ. ს–ე სადავოდ არ ხდიდა ფაქტს, რომ ხელთნაქონი დანით ბარძაყის არეში მიაყენა დაზიანება ნ. თ–ს, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ იგი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამეთუ არსებობდა მისი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების აშკარა, იმწუთიერი და რეალური საფრთხე; სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მიუთითა, რომ კიბეებზე ჩარბენისას, ნ. თ–ს ხელში დანა არ იკვეთება, არამედ – გაურკვეველი, მოგრძო საგანი მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება მის ხელში, რაც ლ. ს–მ მიაყენა დაზიანება, მაშინ, როდესაც სადარბაზოს ვიდეოჩანაწერებში ნ. თ–ი კამერისგან დგას ზურგით, ისე, რომ არ ჩანს მისი ხელის მტევნები და კამერა ვერ აფიქსირებს, უჭირავს თუ არა მას ხელში რაიმე, შესაბამისად, გაუგებარია, რას ეფუძნება სასამართლოს ხსენებული დასკვნა; საპირისპიროდ, კასატორები იშველიებენ თვითმხილველი მოწმეების – ი. ჯ–სა და დ. ჩ–ს – ჩვენებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ ბარ ,,ადგილში“ მისვლისას, გარდაცვლილს თან ჰქონდა დანა, თავდაპირველად მხოლოდ ტარი მოუჩანდა, შემდეგ სახელოდან ამოიღო და დაედევნა მსჯავრდებულს. კიბეზე ჩარბენის დროს, ლ. ს–მ რამდენჯერმე მოიხედა უკან და, შესაბამისად, დაინახავდა, როგორ მისდევდა შეიარაღებული ნ. თ–ი, რომელიც, იმავდროულად, მოკვლით ემუქრებოდა; შემთხვევის ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც სრულად თანხვდენილია ი. ჯ–სა და დ. ჩ–ს, ისევე, როგორც – თავად ლ. ს–ს მონათხრობთან, ნათლად ჩანს, რომ მსჯავრდებული გარბის, ხოლო ნ. თ–სი მისდევს მას, ლ. ს–ე რამდენჯერმე იხედება უკან და ხედავს საფრთხეს, რომელიც იმწუთიერია, რის გამოც, იღებს თავდაცვით ზომებს; სააპელაციო სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია ლ. ს–ს განმარტება, რომ ნ. თ–ს მაღლა აღმართულ მარჯვენა ხელში დაინახა დანა. მისი შეფასებით, ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება ვიდეოჩანაწერების შინაარსს. კასატორების მტკიცებით კი, სადარბაზოს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ნ. თ–ს ლ. ს–ს დევნის დროს, მათ შორის, სადარბაზოდან გასვლისას, არცერთი ხელი არ აქვს დაშვებული, არამედ – იდაყვები აქვს ჰორიზონტალურ და არა – ვერტიკალურ მდგომარეობაში, რაც დაბლა დაშვებული ხელის აუცილებელი მახასიათებელია; ჩანაწერებში მკაფიოდ ჩანს, როგორ ეწევა ნ. თ–ი ლ. ს–ს, რომელიც, თავის მხრივ, უკან მოხედვის დროს ამას ამჩნევს; ბრალდების მხარის მსგავსად, სააპელაციო სასამართლოც ვერ ჩამოყალიბდა ეჭირა თუ არა ნ. თ–ს ხელში დანა, მაშინ, როდესაც იგი ლ. ს–სეს მისდევდა; სათანადოდ არ შეფასებულა ი. ჯ–ს ჩვენების ის ნაწილი, რომლის თანახმად, ლ. ს–სის დევნისას ნ. თ–ი იძახდა: „ – ნუ გარბიხარ, უნდა მოგკლაო“. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ს–ე მოქმედებდა არა თავდაცვის მიზნით, არამედ – გარდაცვლილის მიმოწერებითა და ქმედებებით შეურაცხყოფილი და გაბრაზებული ნ. თ–სათვის სამაგიეროს მიზღვისა და მისი დასჯის სურვილით; უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი რეალური (ობიექტურად არსებული) ხელყოფა, რაც აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობაა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. ს–ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2023 წლის 11 მარტს, დაახლოებით, 00:50 საათზე, ქ. ბ–ში, ......ის ქუჩის №..-ში მდებარე კაფე-ბარ „ა–ს“ მიმდებარედ, ლ. ს–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელთნაქონი დანის გამოყენებით, მარჯვენა ბარძაყის არეში, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ნ. თ–ს. მიღებული დაზიანების შედეგად, ნ. თ–სი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

3. ლ. ს–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ლ. ს–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ ლ. ს–ე არ მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, რამეთუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში – მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანა ხელმყოფი თავისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, რაც გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – თორნიკე გოგეშვილმა – რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი გაუქმდა; ლ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო

– 2023 წლის 11 მარტიდან 2023 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელი უნდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო საჩივარში მითითებული საკითხი – განზრახ მკვლელობისა და აუცილებელი მოგერიების ფარგლების გამიჯვნა – არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (იხ.: მაგალითად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №424აპ-16), რომლის შეცვლის საფუძველი არ არის გამოკვეთილი.

11. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2023 წლის 11 მარტს, დაახლოებით, 00:50 საათზე, ქ. ბ–ში, ....ს ქუჩის №..-ში მდებარე კაფე-ბარ „ა–ს“ მიმდებარედ, ლ. ს–მ ხელთნაქონი დანის გამოყენებით, მარჯვენა ბარძაყის არეში, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ნ. თ–ს, რომელიც გარდაიცვალა.

12. ბრალდების მხარის მტკიცებით: ლ. ს–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, მიაყენა ბარძაყის არეში ჭრილობა ნ. თ–ს, ხოლო დაცვის მხარის ვერსიით – ლ. ს–ე იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ნ. თ–ს მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავდაცვის მიზნით დააზიანა ხელმყოფი, რაც მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს სრულად.

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მსჯავრდებულ ლ. ს–ს მითითება, რომ უკან მოხედვისას, ნ. თ–ს მაღლა აღმართულ მარჯვენა ხელში დაინახა დანა, რომელიც მარცხენა ხელით დაუკავა და, თავის მხრივ, მარჯვენა ხელით მიაყენა ჭრილობა ფეხის არეში, რამეთუ საპირისპირო მტკიცდება შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობიდ ძალიან მაღალი ფასი აქვს და, რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნ. თ–ს მსჯავრდებულის დევნისას, არცერთი ხელი არ აღუმართავს, ლ. ს–ე კი, ბარიდან გასვლისთანავე მიტრიალდა უკან, შესაბამისი მოძრაობით მოემზადა და შენობიდან გასვლისთანავე მიაყენა ხელთნაქონი დანით ჭრილობა ნ. თ–ს; საყურადრებოა ვიდეოჩანაწერის ის ნაწილიც, სადაც ჩანს, რომ ნ. თ–ი არც მაშინ ცდილობს დანის მომარჯვებას, როდესაც ბარძაყის არეში უკვე მიყენებული აქვს დაზიანება, ხოლო ლ. ს–სე, თავის მხრივ, ცდილობს მასთან მიბრუნებას, თუმცა ი. ჯ–ე აჩერებს; ასევე მნიშვნელოვანია საქმეზე დაკითხული, ნეიტრალური მოწმის – ხ. ძ–ს – მონათხრობი, რომ ნ. თ–ს, რომელიც იყო უკვე დაჭრილი და სისხლი სდიოდა, ლ. ს–მ უთხრა: ,,– ოჯახზე, რატომ შემეხეო“, რაც ერთობლივად შეფასებით გამორიცხავს ნ. თ–სის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დაზიანებას, შესაბამისად, ლ. ს–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნასაც და სხვისი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების განზრახვაზე მიუთითებს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: როდესაც საკითხი ეხება ეროვნულ სასამართლოებში სამართალწარმოების განხორციელებას, მთლიანი სამართალწარმოება, მათ შორის სასამართლო განხილვა, უნდა აკმაყოფილებდეს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს, კანონის ძალით იქნეს დაცული ადამიანთა სიცოცხლე. მაშინ, როდესაც არ არსებობს აბსოლუტური ვალდებულება, რომ ყოველი ბრალდების საქმე დამთავრდეს პირის მსჯავრდებით ან კონკრეტული სასჯელის დანიშვნით, ეროვნული სასამართლოები არ უნდა იყვნენ განწყობილი იმისთვის, რომ დაუშვან სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაუსჯელად დატოვება. სასამართლოს ამოცანა, შესაბამისად, შემოიფარგლება იმის განხილვით, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილებების მიღებისას კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნების შესაბამისი სათანადო ყურადღება გამოიჩინეს და რომ სასამართლოს, როგორც შემაკავებლის როლი და ამ როლის ის მნიშვნელობა, რაც მას ეკისრება სიცოცხლის უფლების დარღვევების პრევენციაში, არ შერყეულა (იხ.: მაგალითად: Enukidze and Girgvliani v. Georgia, no. 25091/07, §242, Vazagashvili and Shanava v. Georgia, no. 50375/07, § 84).

16. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლ. ს–მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც ისჯება – თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ჩაიდინა დანის გამოყენებით, რომელიც საქმეში წარმოდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას და ამდენად, ლ. ს–ს სასჯელი უნდა შეფარდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად (დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას), მაგრამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასჯელის დამძიმების კუთხით მსჯავრდებულის საუარესოდ ვერ შეაბრუნებს, საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის – ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ჭ–სა და თ. გ–ს – საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი