Facebook Twitter

საქმე N 330100124008841786

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1213აპ-24 ქ. თბილისი

ყ–ა ხ., 1213აპ-24 19 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ. ყ–ს ბრალად ედება სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2024 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, მეტროსადგურ ,,......ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხ. ყ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. ვ–ს, კერძოდ, ხელი მოუქნია სახის არეში, რომელიც ასცდა და მოხვდა ხელზე. აღნიშნული შედეგად, გ. ვ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენით ხ. ყ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ხ. ყ–ას განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ხ. ყ–ას დამნაშავედ ცნობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა არველაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ხ. ყ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. პროკურორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. დაზარალებულ გ. ვ–ს ჩვენებით, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ამოღებული ვიდეოჩაწერით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება ხ. ყ–ს ბრალეულობა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის – მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი, უკანონოა და არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაადასტურებდა ხ. ყ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგად, დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ხ. ყ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ:

10. დაზარალებული გ. ვ–ე სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ ხ. ყ–ს მიერ მისთვის სახეში მოქნეული ხელი აიცილა და მოხვდა მარჯვენა ხელზე, მაჯის არეში. მიუხედავად იმისა, რომ მას ეცვა ქურთუკი, მან მაინც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულისათვის ხელის მოქნევის ფაქტს არ უარყოფს არც გამართლებული ხ. ყ–ა, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, ნამდვილად მოხვდა თუ არა ხელი გ. ვ–ს და გამოიწვია თუ არა აღნიშნულმა ფიზიკური ტკივილი.

11. მითითებულის დასადასტურებლად, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ დაზარალებულ გ. ვ–ს ჩვენება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ჩვენება ეწინააღმდეგება, როგორც ბრალდების მხარის მიერვე წარმოდგენილ ნივთიერ მტკიცებულებას − ქ.თ–ში, ჯ–ს ქუჩის N..-ში განთავსებულ შპს „ლ–ს“ კუთვნილი ლომბარდის სამსახურებრივი კომპიუტერიდან გამოთხოვილ, 2024 წლის 15 იანვარს მომხდარი შემთხვევის ამსახველ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს, ისე − ხ. ყ–სა და თვითმხილველი მოწმის − მ. ქ–ს მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებებს. სახელდობრ, მოწმე მ. ქ–ი განმარტავს, რომ ხ. ყ–ას მიერ გ. ვ–სათვის მოქნეული ხელი, მხარში მოხვდა თვითონ მას, რასაც ადასტურებს გამართლებულიც. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები იკვეთება ზემოხსენებული ვიდეოჩანაწერითაც. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხ. ყ–ს მიერ დაზარალებულისათვის მოქნეული ხელი ნამდვილად მოხვდა მას, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პ-ის წინააღმდეგ“).

13. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა არველაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი