Facebook Twitter

საქმე N 330100124009269686

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1254აპ-24 ქ. თბილისი

შ–ი ი., 1254აპ-24 21 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენით ი. შ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდა ი. შ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

ი. შ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა მოვალეობა, რომ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ი. შ–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2023 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, ....ის დასახლების, მე-.. მ/რაიონი, კვარტალი N..-ში მდებარე N... საჯარო სკოლის მიმდებარედ, ი. შ–მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ძმას – გ. შ–ს, კერძოდ, გულმკერდის არეში ხელის ძლიერად დარტყმით წააქცია, რის შედეგადაც, დაზარალებულმა მიიღო კოჭ-წვივის ძვლის მოტეხილობა. აღნიშნულის შემდეგ, ი. შ–მა წაქცეულ გ. შ–ს ხელები კვლავ ძლიერად დაარტყა სახისა და გულმკერდის არეში, ასევე წიხლი ორჯერ ჩაარტყა წელის არეში, რამაც გამოიწვია გ. შ–ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ზედელაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ი. შ–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ი. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რაც მაქსიმალური ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული. პროკურორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელი ლმობიერი და მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერია. სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და ამ დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. შ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა გამოც, არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა მსჯავრდებულის მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ – შერჩეული სასჯელის სახისა და ზომის, მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება.

11. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს გამოსასწორებელ სამუშაოს 18 თვემდე ვადით, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-531-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნები და შეაფასეს სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, კერძოდ: ი. შ–ს პიროვნება (წარსულში არ არის ნასამართლევი, მისი კანონშესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს), პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამამძიმებელი (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ) გარემოებები და ამასთან ერთად, ასევე მხედველობაში მიიღეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (მსჯავრდებულმა ოჯახის წევრის – ძმის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახე და ხერხი (ხელის გულმკერდის არეში ძლიერად დარტყმით წააქცია დაზარალებული, რომელმაც, შედეგად მიიღო კოჭ-წვივის ძვლის მოტეხილობა და წაქცეულს კვლავ ძლიერად დაარტყა ხელები სახისა და გულმკერდის არეში, ასევე ორჯერ ჩაარტყა წიხლი წელის არეში), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (ბრალდებულის მტკიცე მისწრაფება დაზარალებულისთვის მიეყენებინა ჯანმრთელობის დაზიანება) და მითითებულზე დაყრდნობით, მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეუფარდეს კანონიერი და სამართლიანი, დანაშაულის სანქციით დადგენილი სასჯელებიდან ყველაზე უფრო მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის წინაპირობათა დაცვით, ჩათვალა პირობით მსჯავრად. ამდენად, ი. შ–სათვის შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

13. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და, რომლის განმავლობაშიც, მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. შესაბამისად, მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის – პირობითად ჩათვლა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში.

14. აქვე საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. შ–ს მიმართ შეფარდებულ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები ვერ გავრცელდება − ამავე კანონის მე-9 მუხლის მეორე პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე (ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე), ვინაიდან მან ჩაიდინა ოჯახური დანაშაული.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილე დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი