Facebook Twitter

საქმე N 330100123008365960

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1308აპ-24 ქ. თბილისი

ხ–ი ვ., 1308აპ-24 18 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ. ხ–ს, – დაბადებულს ...., – ბრალად დაედო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი) და გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2023 წლის 25 სექტემბერს, დაახლოებით, 11:00 საათზე, ქ.თ–ში, ......-ში, ა. ს–ს საცხოვრებელი სახლის მისაღებში, ვ. ხ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების დროს, ფიზიკურად იძალადა ყოფილი მეუღლის – ა. ს–ს – მიმართ, კერძოდ, კედელს მიანარცხა, ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში და ჭიქა ესროლა მარჯვენა მხარში, რის შედეგადაც, ა. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2023 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. თ–ში, .....-ში, ა. ს–ს საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. ხ–მა, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მამაკაცის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა ყოფილი მეუღლის – ა. ს–ს – მიმართ, კერძოდ, სახის არეში გაარტყა ხელი და მოჰქაჩა თმა, რის შედეგადაც, ა. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2023 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით, 19:00 საათზე, ქ. თ–ში, .....-ში, ა. ს–ს საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, ალკოჰოლით მთვრალმა ვ. ხ–ი, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ქალის, როგორც მამაკაცის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტის აღქმით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ა. ს–ს – რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2023 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით, 10:15 საათზე, ქ. თ–ში, ს–ს ..-ში არსებულ კორპუსთან, ვ. ხ–ი, ეჭვიანობის გამო წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, ქალის, როგორც მამაკაცის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტის აღქმით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, სიტყვებით: „ – გპირდები, არ გაცოცხლებ, მოგკლავ!“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ა. ს–ს – რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2023 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით, 10:15 საათზე, ქ.თ–ში, ს–ს ქუჩის №..-ში არსებულ კორპუსთან, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა ქალს მის საკუთრებად, შერიგებაზე უარის თქმითა და მისი ნებართვის გარეშე სახლში წასვლის სურვილით გაღიზიანებულმა ვ. ხ–მა ფიზიკურად იძალადა ყოფილი მეუღლის – ა. ს–ს – მიმართ, კერძოდ, ვ. ხ–მა ა. ს–ს ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა სახის არეში, რის გამოც, ა. ს–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. ვ. ხ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის განაჩენით ვ. ხ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მადონა ურუშაძემ – რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მადონა ურუშაძემ – რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ვ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით – დაზარალებულის ხელით შედგენილი განცხადებით, არაერთი შემაკავებელი ორდერით, მოწმეების: ა. ს–ს, თ. ნ–ს, მ. გ–ს, მ. ჩ–ს, დ. შ–ს, თ. ნ–ს, გ. ქ–ს, ი. მ–სა და ნ. ბ–ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და თანდართული ფოტოსურათებით, ისევე, როგორც ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დამატებით სამხილად წარედგინა სააპელაციო სასამართლოს – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა. საყურადრებოა, რომ მტკიცებულებების გამოკვლევით რაიმე ისეთ მოტივი, რომელიც დაზარალებულის მიკერძოებაზე მიუთითებდა, არ გამოვლენილა. დაცვის მხარემ კი ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა. ამდენად, ყველა ის სამხილი, რომელიც ბრალდების მხარემ მოიპოვა, ცხადყოფს, რომ ვ. ხ–მა იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა. ს–ს, რომელმაც ძალადობისას განიცადა ტკივილი, ხოლო მუქარისას – საფუძვლიანი შიში.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა ვ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ: სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა, ეომ, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ა. ს–მ დაადასტურა 2023 წლის 25 სექტემბერს, 2023 წლის 31 ოქტომბერსა და 2023 წლის 7 ნოემბერს ვ. ხ–სის მიერ ფიზიკური ძალადობა, ხოლო 2023 წლის 31 ოქტომბერსა და 2023 წლის 7 ნოემბერს – სიცოცხლის მოსპობის მუქარა, მაგრამ, ამავდროულად, მეორე მხრივ, დაზარალებულის მტკიცების საპირისპიროდ თავად ვ. ხ–მა კატეგორიულად გამორიცხა ყოფილი მეუღლის მიმართ ოჯახური დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამდენად, დაპირისპირებული მხარეების ურთიერთგამომრიცხველი განმარტებების კვალდაკვალ, სასამართლოსთვის მეტად საყურადღებო იქნებოდა საქმეში სხვა ნეიტრალური მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც შესაძლებელს გახდიდნენ სადავო ვითარებების ობიექტურად აღდგენას, მაგრამ ხაზგასასელია, რომ ასეთი დამოუკიდებელი სამხილები, მოცემულ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. გარდა დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთგამომრიცხველი ჩვენებებისა, სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, აღსანიშნავია, რომ მოწმეების – მ. ჩ–ს, გ. ქ–ს, ი. მ–სა და თ. ნ–ს – მონათხრობი, ვ. ხ–სათვის ბრალადშერაცხილ ქმედებებთან მიმართებით, რიგ შემთხვევებში ირიბია, რიგ შემთხვევებში კი –არაფრისმთქმელი. შესაბამისად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნიან უტყუარ და საკმარის საფუძველს, ვ. ხ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ კონკრეტული კატეგორიის დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიებისათვის შექმნილი ობიექტური დაბრკოლებები ვერ შეუცვლის ბრალდების მხარეს პროცესუალურ როლს და ვერ შეუმსუბუქებს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა ვ. ხ–ს სასარგებლოდ.

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი