Facebook Twitter

საქმე N 200100124008541779

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1253აპ-24 ქ. თბილისი

ხ–ი ი., 1253აპ-24 21 თებერვალი, 2025 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. დ–სა და კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განაჩენით ი. ხ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ხ–ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ი. ხ–ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ხ–მა ჩაიდინა: დამამძიმებელ გარემოებაში, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“, „მ“ ქვეპუნქტებით; განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,109-ე მუხლის „ბ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

ი. ხ–ს მიმართ მსჯავრად შერაცხილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2023 წლის შემოდგომაზე, ი. ჯ–მა იქორწინა ნ. დ–ზე, რომელიც იყო ი. ხ–ს ყოფილი მეუღლე. ი. ხ–მა მიიჩნია, რომ ნ. დ–მ აღნიშნული ქმედებით მიაყენა შეურაცხყოფა, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მას, როგორც ქალს, არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ხ–მა განიზრახა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობისა და შურისძიების მოტივით, მოეკლა ნ. დ–ა და მისი მეუღლე – ი. ჯ–ი. 2023 წლის 28 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ი. ხ–სი მივიდა ს–ს რ–ს სოფელ ქ–ში მდებარე ი. ჯ–ს საცხოვრებელ სახლში, შევიდა მისაღებ ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ ნ. დ–ეა, მისი მეუღლე ი. ჯ–იი და ი. ჯ–ის დედა – ბ. ი–ა. ი. ხ–მა მოიმარჯვა თანნაქონი „აკმ-ის” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (საიდენტიფიკაციო ნომერი N......) და მოკვლის განზრახვით, ი. ჯ–ს დედის თანდასწრებით, მრავალჯერ ესროლა ნ. დ–სა და ი. ჯ–ს, რითაც ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ ბ. ი–ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ი. ჯ–ი მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ. დ–ა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

ü გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ი. ხ–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 7,62X39მმ კალიბრიანი „აკმ-ის” მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (საიდენტიფიკაციო ნომერი N........) და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2023 წლის 28 ნოემბერს, ი. ხ–ი ზემოხსენებულ ცეცხლსასროლ იარაღსა და მისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ს–ს რ–ს სოფელ ქ–ში, რა დროსაც ხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა გამოიყენა ი. ჯ–ს განზრახ მკვლელობისა და ნ. დ–ს განზრახ მკვლელობის მცდელობის დროს.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე – ბრალდების მხარეებმა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო ბრალდების მხარემ – სასჯელის გამკაცრება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ ი. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. დ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განაჩენში, კერძოდ:

ი. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით;

ი. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19,109-ე მუხლის „ბ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლით;

ი. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;

ი. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ი. ხ–ს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ხ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით;

გაუქმდა ი. ხ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

ი. ხ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 30 ნოემბრიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. ხ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. დ–მა და კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა.

ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, სასჯელის მინიმუმამდე შემცირებას, შემდეგი საფუძვლებით: დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ი. ხ–სათვის შეფარდებული სასჯელი უკანონო, შეუსაბამო და ზედმეტად მკაცრია; მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებისა და დანაშაულის მოტივის გათვალისწინებით (ი. ხ–მა აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება, უდავოდ ცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას), მისთვის შეფარდებული სასჯელი უნდა შემცირდეს მინიმუმამდე. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ნ. დ–ც შერიგებულია მსჯავრდებულთან და ითხოვს მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.

ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგი მოტივებით: ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ხ–სთვის განსაზღვრული სასჯელი ლმობიერია, ვინაიდან იგი წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას, მიდრეკილია ძალადობრივი ქმედებებისკენ, გამოირჩევა კანონისა და საზოგადოებრივი წესრიგის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით, რასაც ადასტურებს მისი წარსული ნასამართლობაც. იგი ნასამართლევია ამავე საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის – ნ. დ–ს მიმართ მუქარისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას უნდა შეეფარდოს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. განსახილველ შემთხვევაში დაცვისა და ბრალდების მხარეები ასაჩივრებენ მხოლოდ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

11. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა.

12. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ი. ხ–სთვის შეფარდებული სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ხ–ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებების განხორციელების სახის, ხერხისა და დამდგარი მძიმე შედეგის, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტების, სსკ-ის 111, 19,109-ე მუხლის „ბ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქციებით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და რომლის შემსუბუქების, ან დამძიმების სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. ხ–ს მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები ვერ გადაწონის მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს და არ ქმნის მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველს. ამავდროულად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნება და მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიც, კერძოდ, ჩადენილია მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულები, გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა და დანაშაულის რეციდივი, ამასთან, ქმედებები ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რისი გათვალისწინებითაც მსჯავრდებულს 2 წლით, კანონიერად დაუმძიმდა საბოლოო სასჯელი.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ი. ხ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს.

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს მხარეთა არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და უნდა შეიცვალოს.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ი. ხ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, 111, 19, 109-ე მუხლის „ბ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება ასევე ვერ გავრცელდება ი. ხ–ს მიმართ, წინა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელებზე, ვინაიდან ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ მითითებულ მუხლებზე გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონით გათვალისწინებული შეღავათები, საჭიროა თითოეული დაზარალებულის მიერ სასამართლოს წინაშე თანხმობის გაცხადება, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია და ასევე – მსჯავრდებულის თანხმობა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი. დაცვის მხარეს არ აქვს წარმოდგენილი არც დაზარალებულის და არც დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ მსჯავრდებულის თანხმობა, რის გამოც, წინა – სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელზე, ვერ გავრცელდება ამნისტიის კანონი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. დ–სა და კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ დავით გველესიანის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ლ. ფაფიაშვილი